...1977 წლის ოცდაოთხ აპრილს, სპორტის სასახლის გადაჭედილი ტრიბუნების თანდასწრებით, თბილისის “დინამომ” საბჭოთა კავშირის 44-ე საკალათბურთო ჩემპიონატის დასკვნითი ტურის მორიგ მატჩში, კაუნასის “ჟალგირისს” 100:90 მოუგო და მედლების მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ამის მიუხედავად, მაყურებელი შინ მაინც გულდამძიმებული წავიდა – იმ დღეს ხომ კალათბურთიდან ათასობით გულშემატკივრის უსაყვარლეს მოთამაშეს, ზურაბ საკანდელიძეს აცილებდნენ.
მსოფლიო სპორტის ისტორიაში, არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთა ბრწყინვალებას დრო-ჟამი არ ანელებს. ერთ-ერთი ასეთი სპორტსმენი, ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი ზურაბ საკანდელიძე გახლავთ. აგერ უკვე 34 წელია, იგი მოედანზე სათამაშოდ არ გადის, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, “საკო” თავისი განუმეორებელი, ელვისებური ასპარეზობით დღეს ნებისმიერი კლუბისა თუ ნაკრების მშვენება იქნებოდა. ქართულმა კალათბურთმა არაერთი ვარსკვლავი აღზარდა, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივარი ყველაზე მეტად მაინც ზურაბ საკანდელიძის ცეცხლოვანმა და ეფექტურმა თამაშმა გაახარა.
მსოფლიო კალათბურთში არ არსებობს ტიტული, რომელსაც ნეტარხსენებულ ქუთაისელ მწვრთნელ სულიკო თორთლაძის აღზრდილი ზურიკო საკალნდელიძე არ დაუფლებია. იგი ევროპის მრავალგზის და მსოფლიოს ჩემპიონია. ამასთან, 1967 წელს ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში გამართულ პლანეტის პირველობაზე, ქართველი უკანახაზელი ტურნირის საუკეთესო მცველად აღიარეს. იმავე წელს, საკანდელიძე საქართველოს წლის უძლიერეს სპორტსმენად აღიარეს, რითაც თავად ზურაბი განსაკუთრებით ამაყობდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსი კი მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშებია. მაშინდელ საკავშირო ნაკრებში ორი ქართველი კალათბურთელი გამოდიოდა (საკანდელიძესთან ერთად, მწვრთნელმა ვლადიმირ კონდრაშინმა ბავარიის დედაქალაქში მიხეილ ქორქიაც წაიყვანა) და ის, რომ კალათბურთის ისტორიაში ამერიკელთა ჰეგემონია დაირღვა, დიდი წვლილი ჩვენმა მოთამაშეებმაც შეიტანეს. ფინალურ მატჩში ოკეანისგაღმელთა წინააღმდეგ სათამაშოდ, კონდრაშინმა ზურაც და მიშაც სასტარტო შემადგენლობაში დააყენა. ქართველთა აზარტული, ელვისებური თამაში ამერიკელთათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ქორქია ბოლომდე ვაჟკაცურად იბრძოდა და მოედანი მხოლოდ ხუთი პერსონალური ჯარიმის გამო დატოვა, საკანდელიძე კი იმ ისტორიულ შეხვედრაში საფინალი სირენამდე ასპარეზობდა. ასაკოვან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ, ძირითადი დროის დასრულებამდე სამი წამით ადრე, ივან ედეშკოს შესრულებული “ოქროს პასი” და ალეკსანდრ ბელოვის “ოქროს ტყორცნა”, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ ზურაბის მიერ გაკეთებული ჯარიმა, რომელსაც მოგვიანებით ყველამ “ოქროს ფოლი” უწოდა. საქმე კი ასე იყო. ტაბლოზე თანაბარი ანგარიში იყო გამოსახული და საბჭოთა ნაკრების მოთამაშეებს ამერიკელი კოლინზის გარღვევა გამოეპარათ. საკანდელიძეს ერთადერთი გზა ჰქონდა დარჩენილი – მას მოწინააღმდეგე ნებისმიერი ხერხით უნდა შეეჩერებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კოლინზი ამერიკელთა აქტივს ორ ქულას უპრობლემოდ შეჰმატებდა, დრო კი ამოუწურებოდა. საკანდელიძე დაჯარიმდა. მოწინააღმდეგის საჯარიმო ტყორცნებს კონდრაშინის წუთშესვენება და ბელოვის მიერ ფარქვეშიდან მოტანილი ორი გადამწყვეტი ქულა მოჰყვა. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, საკავშირო ნაკრების მთავარი მწვრთნელი სახალხოდ განაცხადებს, ვიცოდი, რასაც ნიშნავდა გუნდისთვის საკანდელიძე და საბედნიეროდ ალღომაც არ მიღალატაო.
“საკო” დიდი სიყვარულით სარგებლობდა არა მარტო თბილისის “დინამოს” მოთამაშეებს შორის, რაც სავსებით ბუნებრივი გახლდათ, არამედ ზურაბს შეუვალი ავტორიტეტი ჰქონდა საკავშირო ნაკრებშიც, რომელიც მოსკოვის, ლენინგრადის, ლიტვის, უკრაინის, ლატვიის და სხვა რესპუბლიკების უძლიერესი კალათბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ივან ედეშკო იხსენებდა, რომ ზურაბ საკანდელიძის მოედანზე გასვლა ცეცხლოვანი, ელვისებური თამაშის ნიშანი იყოო.
...ოლიმპიურ ჩემპიონობამდე კი ჩვენმა სათაყვანებელმა მოთამაშემ დიდი საკალათბურთო გზა გაიარა. სპორტის ამ სახეობაში ზურიკო უფროსმა ძმამ მიიყვანა. დამწყები მოთამაშე სიმაღლით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სულიკო თორთლაძემ მასში მომავალი ვარსკვლავი ამოიცნო და ზურიკოსთან ინდივიდუალურად მუშაობდა. ამით იმის თქმა სულაც არ გვინდა, თითქოს პედაგოგი სხვებს ოდნავაც მაინც ყურადღებას აკლებდა, მაგრამ საკანდელიძე მისთვის მაინც გამორჩეული შეგირდი იყო. 18 წლის ზურაბი თბილისის “დინამოში” აიყვანეს, რასაც თითქმის სინქრონულად საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების წევრობაც მოჰყვა. ცოტა ხანში კი “საკომ” უკვე მაშინდელი ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელთა ყურადღება მიიპყრო და გუნდში აყვანისთანავე, ნაკრების სულისჩამდგმელ კალათბურთელად იქცა. იმხანად, საბჭოთა გუნდი ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ტურნეს მართავდა.1965 წელს ზურაბ საკანდელიძემ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის სკაუტებზე, რომ ერთ-ერთმა კლუბმა რეაქტიულ ქართველ მცველს მილიონახევრიანი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა. იმ პერიოდისთვის ეს დიდძალი სატრანსფერო თანხა გახლდათ. მაშინ ოკეანისგაღმურ კლუბში სათამაშოდ გადასვლა წარმოუდგენელი გახლდათ, თავად საკანდელიძე კი დარწმუნებული იყო, რომ NBA-ში თამაშს მაღალ დონეზე შეძლებდა. ამავე თვალსაზრისს საკალათბურთო სპეციალისტები და ქომაგები სავსებით იზიარებენ. ამერიკელებს ყველაზე მეტად საკანდელიძის სწრაფი, ეფექტური ასპარეზობა მოსწონდათ. იმასაც საგანგებოდ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ სიეტლის მუნიციპალიტეტმა ქართველი მოთამაშე საპატიო მოქალაქედ აირჩია.
“საკო” მოწინააღმდეგის კალათის დალაშქვრას ყოველთვის ლამაზ სტილში ცდილობდა და ამის გამო ხშირად მწვრთნელისგან საყვედურიც კი მიუღია. დამრიგებელთა არგუმენტი შემდეგი იყო – რა საჭიროა ზედმეტად გარისკვა, შესაძლოა ტრავმა მიიღო და სჯობს ორი ქულა ყოველგვარი გართულების გარეშე მოიპოვოო. ამის მიუხედავად, ზურაბ საკანდელიძის “ჩარჩოში ჩასმას” მაინც ვერც ერთი მწვრთნელი ვერ ახერხებდა. ერთადერთი დამრიგებელი კი, რომელიც მას არ ზღუდავდა, ალეკსანდრ გომელსკი იყო. სწორედ იგი მიაჩნდა ქართველ მცველს საუკეთესო მწვრთნელად, ვისთანაც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმუშავია. თანაგუნდელთაგან კი ზურაბ საკანდელიძე იდეალურ პარტნიორად გურამ მინაშვილს თვლიდა.
ერთადერთი ტიტული, რომელიც ზურაბს არ მოუგია, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის წოდებაა. მართალია, 1968 წელს თბილისის “დინამომ” პირველობა მოიპოვა, მაგრამ იმხანად, საკანდელიძე ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, მეხიკოს ოლიმპიადისთვის ინდივიდუალურად ემზადებოდა, ამიტომ ოქროს მედლის ასაღებად საჭირო რაოდენობის ჩატარებული მატჩი არ დაუგროვდა.
შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბრწყინვალე ქართველი კალათბურთელი ზურაბ საკანდელიძე ჩვენ შორის აღარაა. მან წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო კალათბურთის განვითარების ისტორიაში, ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებაში კი მისის განუმეორებელი თამაში და ნათელი ხსოვნა სამარადჟამოდ დარჩება.
გოჩა კაჭარავა