სტატიები

11:37 | 3.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

Campeonisimos!

ესპანელებმა ზედიზედ მესამედ მოიგეს დიდი ტურნირი. ასეთი რამ მანამადე ვერავის მოეხერხებინა. 4:0 - ანგარიშში ყველაზე დიდი სხვაობაა ფინალების ისტორიაში. თანაც ეს ოთხივე გოლი ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა, რაც ზუსტად ახასიათებს 2012 წლის ესპანეთის ნაკრების არსს. მას არ ჰყავს კლასიკური ცენტრფორვარდი, მაგრამ ესაა გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია გატანა. 70-იან წლებში ჰოლანდიელებმა გააკვირვეს საფეხბურთო სამყარო თავისი “ტოტალური ფეხბურთით” - სტილით, რომელსაც შემდეგ მთელმა მსოფლიომ მიბაძა. ახლა, როგორც ჩანს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მორიგი საფეხბურთო რევოლუციის მომსწრენი ვართ. მას ჯერ ოფიციალური სახელი არ აქვს, მაგრამ პირობითად “ესპანური სასწაული” დავარქვათ. დრომ დაამტკიცა - უკვე 4 წელიწადია, ამ გუნდთან ახლოს ვერავინ მიდის და ეს ნიშნავს, რომ იბერიელებმა რამდენიმე ათეული წლით გაუსწრეს ყველას. აკი, მათმა დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემაც აღნიშნა, ახლა ხშირად საუბრობენ ესპანელი ფეხბურთელების დღევანდელ არაჩვეულებრივ თაობაზე. ვფიქრობ, ჩვენ შევქმენით რაღაც, რაც უწინ ფეხბურთში არ იყო, ამიტომ მინდა, ეს გამარჯვება ყველა იმ ადამიანს მივუძღვნა, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა და ჩვენს სტილს აყალიბებდაო (აქ, ალბათ, უპირველესად, ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია, ასევე მადრიდის “რეალისა” და კატალონიური “ბარსელონას” საფეხბურთო აკადემიები იგულისხმება).
ტურნირის მიმდინარეობისას ესპანელებს არაერთი კირიტიკოსიც გამოუჩნდათ. ეს, ძირითადად, ჯგუფში ხორვატებთან უსახური და პლეი ოფში საფრანგეთ-პორტუგალიასთან თითქოს “ნახევრადმიძინებული” თამაშის გამო მოხდა. მაგრამ, ეტყობა, ესეც მათი ოსტატობის ამბავი ყოფილა – ყოველ კონკრეტულ მეტოქესთან ისე ითამაშეს, როგორც საჭირო იყო. გადამწყვეტ მატში კი, “გაიღვიძეს” და აღორძინებულ იტალიას ისეთი დღე აყარეს, მგონი თვითონაც გაუკვირდათ. წუხელ, ალბათ, ცოტა ხნით, ყველა ესპანელობას ნატრობდა - ქვეყნის თითქმის ყველა დიდ ქალაქში დილამდე არ გაჩერებულა ზეიმი, თან როგორი ამაყები და ბედნიერები იყვნენ...
მოკლედ, “ფურია როხამ” ზედიზედ მესამე დიდი ტურნირი მოიგო. 70-იან წლებში მსგავს ტრიუმფთან გერმანელები იყვნენ ახლოს. ბეკენბაუერმა და კომპანიამ 1972 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგეს (ფინალში საბჭოთა ნაკრები დაამარცხეს 3:0, რომელსაც მურთაზ ხურცილავა კაპიტნობდა), 74-ში – მსოფლიო “დაიპყრეს”, 76-შიც ევროფინალში იყვნენ, მაგრამ წინ ანტონინ პანენკა და შესანიშნავი ჩეხოსლოვაკიის ნაკრები გადაეღობათ. მერე, ასეთივე შანსი ფრანგებს ჰქონდათ, როცა 98 წლის მსოფლიოში პირველობას 2000-ში ევროჩემპიონობაც მიაყოლეს, მაგრამ შემდეგი ტურნირი მათთვის სამარცხვინო გამოდგა. 2002-ში, კორეა-იაპონიის მუნდიალზე ისინი ჯგუფიდან ვერ გავიდნენ.
და კიდევ, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა Marca-მ. ესპანეთის ნაკრებს, თურმე, 92 წელიწადი ძირითად დროში ვერ მოეგო იტალიელებისთვის. “ფურია როხას” “სკუადრა აძურა” პირველად და უკანასკნელად 1920 წლის 2 სექტემბერს, ოლიმპიადაზე დაემარცხებინა (2:0). ამის შემდეგ, ოფიციალურ მატჩებში ისინი კიდევ 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან 5-ჯერ იტალიელებს მოეგოთ და ამდენივეჯერ მატჩები ფრედ დამთავრებულიყო. მართალია, ევრო 2008-ის მეოთხედფინალში ესპანელებმა იტალიელებს სძლიეს, მაგრამ ეს მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში მოხდა. და აი, ნავსი გატყდა. არა, კი არ გატყდა, დაიმსხვრა. თანაც როგორ - 4:0.

 

სოლომონ გულისაშვილი
 

0.210008