მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელს, ალვარო მორატასა და გუნდის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის შორის სერიოზული კონფლიქტია. ამ ინფორმაციას ესპანური Cadena Cope ავრცელებს.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, კარლო ანჩელოტი ცდილობდა მორატა დაერწმუნებინა, რომ ფეხბურთელისთვის სეზონის ბოლომდე რომელიმე გუნდში არენდით თამაში კარგი იქნებოდა. 21 წლის ფეხბურთელს კი “რეალიდან” თუნდაც ნახევარი წლით წასვლაც არ სურს.
Cadena Cope-ს ინფორმაციით, უთანხმოება ყვირილსა და ერთმანეთის შეურაცხყოფაში გადაიზარდა. რომ არა კრიშტიანუ რონალდუს ჩარევა, შესაძლოა, საქმე კიდევ უფრო გართულებულიყო.
“რეალი” გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან, ჯერჯერობით, თავს იკავებს.