საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მე-3 დასკვნითი მატჩი გამართა და მასპინძლები 65:64 (10:24, 17:14, 13:13, 24:14) დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ განვლილი სპარინგებიც დაძაბული გამოდგა და გამარჯვებულის ვინაობა ბოლოსკენ ირკვეოდა. თავდაპირველად, დავით უსტიაშვილის შეგირდებმა 61:58 იმარჯვეს, შემდეგ კი რუმინელებმა რევანში აიღეს – 61:55.
სამივე მატჩში ქართველთაგან საუკეთესო ბექა ბურჯანაძე გახლდათ, რომელიც ნაკრების ლიდერი გახლავთ. ბურჯანაძემ პირველ მატჩში 23 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა, მეორეში – 27 ქულა, 22 მოხსნა და 2 პასი, მესამეში კი – 19 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი.
ახლა, 20-წლამდელთა ნაკრები ლუქსემბურგს მიაშურებს, სადაც 4 ივლისამდე დარჩება. შედეგად, გუნდის მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი იმ 12 კალათბურთელს შეარჩევს, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
საქართველოს ნაკრები “ბ” დივიზიონის B ჯგუფში მოხვდა ფინეთთან, ჰოლანდიასთან, უკრაინასთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან და ბელარუსთან ერთად.
სულ „ბ“ დივიზიონში 14 გუნდი ასპარეზობს, რომლებიც 2 ჯგუფშია განაწილებული. მომდევნო ეტაპზე, ნახევარფინალში 2-2 საუკეთესო გადის, ხოლო „ა“ დივიზიონის საგზურებს მოწინავე სამეულში მოხვედრილი გუნდები მოიპოვებენ.