ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 21-ე ტური ბექა ბურჯანაძის “კახასოლის” და “მურსიას” მატჩით გაიხსნა. სევილიელები შინ თამაშობდნენ და ლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან მოულოდნელად იოლად – 73:93 წააგეს.
შეხვედრის ბედი მე-2 მეოთხედში გადაწყდა, რომელიც “კახასოლმა” 12:28 დათმო, ქართველი ფორვარდი კი მოედანზე მხოლოდ 03:09 წუთი გამოჩნდა. ბურჯანაძემ 2 საჯარიმო ჩაგდება მოასწრო და აქტივში 1 მოხსნაც ჰქონდა, პასივში კი – 1 დაკარგვა.
მასპინძელთაგან 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ მარკუს ლენდრი (15) გადასცდა, სტუმართა მხრიდან კი საუკეთესო კიმ ტილი იყო – 21 ქულა, 8 მოხსნა.
“კახასოლს” 10 მოგების წილ 11 მარცხი მოუგროვდა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე მე-8 ადგილზე იმყოფება.