რუმინეთის კლუბების ნაკრებმა “ბუქარესტმა” იტალიის ჩემპიონ “კალვიზანოს” ორი მატჩის ჯამში ორი ქულით აჯობა და “ჩელენჯ ქაფის” მესამე ჯგუფში “სტად ფრანსესთან”, “ნიუპორტთან” და “ნიუკასლთან” ერთად ითამაშებს.
“მგლებს” პირველი მატჩი 18:13 ჰქონდათ მოგებული, მაგრამ განმეორებითი შეხვედრის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ, მათი ჯგუფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შემცირდა. “კალვიზანომ” ჯარიმით ანგარიში მე-10 წუთზე გახსნა, 8 წუთში რეფერიმ რუმინელთა 10 ნომერი ფლორინ ვლაიკუ წითელი ბარათით გააძევა და იქვე მასპინძლები გატანილი ჯარიმით ორი მატჩის ჯამში დაწინაურდნენ - 6:0 (19:18 ორი მატჩის ჯამში).
ტაიმი ასე დასრულდა, მეორე ტაიმის დებიუტში კი, რუმინელებს ხასიათი გამოუკეთდათ. 44-ე წუთზე მასპინძელთა 10 ნომერი ყვითელი ბარათით დაისაჯა და რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა, რითაც მალევე ისარგებლა “ბუქარესტმა” მორელიმ ლელო, ხოლო სამოამ გარდასახვა გაიტანა და სტუმრები 7:6 დაწინაურდნენ. თამაშის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე რეფერიმ რუმინელი რომ გააყვითლა და მასპინძლებმაც ორკაციანი უპირატესობა მიიღეს, 76-ე წუთზე “კალვიზანომ” სტუმართა დაცვა გატეხა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა, რამაც იტალიელები ამ მატჩში 13:7, ხოლო ორი შეხვედრის ჯამში ერთი ქულით დააწინაურა.
თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ რუმინელებმა ბოლო წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, სამოამ ის 3 ქულად აქცია, საბოლოო შედეგად 13:10 დაფიქსირდა “კალვიზანოს” სასარგებლოდ, მაგრამ “ბუქარესტმა” ორი მატჩის ჯამში გმირობის ტოლფასი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებაც დამსახურებულად დაიბევა. რუმინელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ჰუკერმა ოთარ ტურაშვილმა.







