ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორთვენახევრით ადრე ტოტალიზატორმა “პარიმატჩმა” (www.parimatch.com), რომელიც საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, სალონდონო კოეფიციენტები გამოამზეურა. აზარტული თამაშების მოყვარულთ უკვე შეუძლიათ, უამრავ შეთავაზებას შორის სასურველი ვარიანტები შეარჩიონ. ძიუდოს მოყვარულთ კი შანსი აქვთ, ფსონები იმ ძიუდოისტებზე დადონ, რომლებსაც ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებენ, ოღონდ მათი არჩევანი ჯერჯერობით მაინც შეზღუდულია და სასურველი ვარიანტის ამოწერა მხოლოდ დასახელებული კანდიდატებიდან შეუძლიათ. აქედანვე გეტყვით, რომ ბუკმეკერების მიერ ჩამოწერილ ხუთ-ექვს “ფავორიტს” შორის საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ვერც ერთ წონით კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. სავარაუდოდ, მათ ჩამონათვალში ვერმოხვედრილ სხვა სპორტსმენებთან ერთად 10-ზე მაღალი კოეფიციენტები მიენიჭებათ.
ყველაზე დაბალი კოეფიციენტი 60 კილოგრამის მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონ რიშოდ სობიროვს დაუწერეს. უზბეკი მსუბუქწონოსანის საჩემპიონო “კუში” 2,10-ია. შეგახსენებთ, სობიროვმა 2008 წლის ოლიმპიური თამაშები ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ამავე წონაში, უკრაინის სახელით მოჭიდავე გიორგი ზანთარაიას კოეფიციენტად 5,50 დაუწერეს.
66 კილოგრამში ტოტალიზატორის მთავარი კანდიდატები მუსა მოგუშკოვი (3,40) და ალიმ გადანოვი (3,90) არიან. ცნობისთვის, რუსი ძიუდოისტები, რომლებსაც აქამდე თავი არც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოუჩენიათ და არც ოლიმპიურ თამაშებზე, მსოფლიოს რეიტინგსიაში პირველ-მეორე პოზიციებზე დგანან და ალბათ “პარიმატჩის” გულიც ამით მოიგეს. მით უმეტეს, რომ სხვა წონებშიც სწორედ რეიტინგის ლიდერები ფავორიტობენ.
73 კილოგრამში ყველაზე დაბალი კოეფიციენტი მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონსა და პეკინის ოლიმპიადის ფინალისტს, სამხრეთკორეელ კი-ჩუნ ვანგს ერგო - 2,30. 81-ში ოქროს მედლის ყველაზე რეალურ კანდიდატებად გასული ორი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოსანი, ბრაზილიელი ლეანდრო გილეირუ და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი და პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, სამხრეთკორეელი ჯაე-ბუმ კიმი (ორივე 3,40) არიან მიჩნეულნი, 90-ში – საბერძნეთის და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჯარჯი ზვიადაური (2,90), რომელსაც ოლიმპიური ოქროც მოუგია, ოღონდ მაშინ - 2004 წელს 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობდა. 100 კილოგრამში მსოფლიოს ჩემპიონი, ყაზახი მაქსიმ რაკოვი ლიდერობს - 2,60, ხოლო მძიმე წონაში – მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ფრანგი ტედი რინერი (2,50).
საინტერესოა, რომ ბუკმეკერების უმთავრეს რჩეულთა შორის 4 წლის წინანდელი ოლიმპიადის ვერც ერთი ჩემპიონი ვერ მოხვდა.
ოთარ მაღლაკელიძე







