ფეხბურთი

21:53 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბუბა დაუშვილი: ინტერესი "პადერბორნიდან" და "დებრეცენიდან"

როგორ მოხვდა "მეტალურგი" "ფენერბახჩეს” ბაზაზე...

როგორც "მსოფლიო სპორტს" აგენტმა დავით ყენიამ აცნობა, ბუბა დაუშვილის მიმართ ინტერესი ორ კლუბს ნამდვილად აქვს: გერმანიის მეორებუნდესლიგელ "პადერბორნსა" და უნგრეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ "დებრეცენს". დაუშვილი ლვოვის "კარპატის" ფეხბურთელია, თუმცა ტრანსფერზეა დაყენებული და დიდი ალბათობით, ქართველი საყრდენი ნახევარმცველი ამ ზაფხულს კლუბს შეიცვლის. ერთი პრობლემაა: ლვოვის კლუბის ხელმძღვანელობა მის იაფად გაყიდვას არ აპირებს.

"დაუშვილის საკითხზე ვმუშაობთ სწორედ ამ ორი კლუბის მიმართულებით და ვნახოთ, როგორ წარიმართება საქმე. ჯერ "კარპატიმ" უნდა გვითხრას თავის წინადადება" - გვითხრა ყენიამ.

მართალია, სატრანსფერო თემას არ ეხება, მაგრამ ყენიასგან ერთ საინტერესო თემაზე შევიტყვეთ: კერძოდ, იმ სააგენტომ, სადაც გოგა გახოკიძე, გიორგი ქინქლაძე და ყენია მუშაობენ, თურქულ კომპანია Fanatik tour-თან გააფორმა ხელშეკრულება. სწორედ ყენიასა და Fanatik tour-ის კავშირის მეშვეობით ჩავიდა რუსთავის "მეტალურგი" თურქულ შეკრებაზე და როგორც უკვე ვწერდით, "ფენერბახჩეს" ბაზაზე ემზადება.

"ჩვენ შარშან გავაფორმეთ ხელშეკრულება თურქულ Enda tour-თან, რომლითაც ზამთარში ბოლნისის "სიონმა" გაიარა შეკრება. თუმცა, ეს ზამთარში. წლეულს კი, როგორც ხედავთ, თურქეთში ზაფხულის შეკრებაზეც მრავლად ჩადიან კლუბები. ზაფხულის შეკრების კუთხით გავაფორმეთ კონტრაქტი Fanatik tour-თან და ასე გაემგზავრა რუსთავის "მეტალურგი". თურქულმა კომპანიამ სიურპრიზი მოუწყო რუსთავულ გუნდს და "ფენერბახჩეს" ბაზაზე შეიყვანა სავარჯიშოდ. მსგავს პირობებში იქნებიან სხვა ქართული კლუბებიც, რომლებიც ზაფხულში ჩვენი კონტრაქტის თანახმად მოისურვებენ თურქულ შეკრებაზე წასვლას" - გვითხრა ყენიამ.

0.138027