საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მიმდინარე წელს თავისი საუკეთესო მატჩი დღეს თბილისის სპორტის სასახლეში უნგრეთთან ჩაატარა, შეხვედრა 20 ქულით (79:59) მოიგო და რიხიანი განაცხადი გააკეთა ევრო2015-ზე მოსახვედრად. ქვეჯგუფის ბოლო ტურის წინ საქართველოს, ჩეხებს და უნგრელებს კონტინენტის პირველობის დასკვნით ეტაპზე მოხვედრის შანსი აქვთ. თუკი 27 აგვისტოს მადიარებმა საკუთარ მოედანზე ჩეხებს სძლიეს, ჩვენი ნაკრები პირველ ადგილს დაიკავებს და ევროპირველობაზე ავტომატურად მოხვდება. საქმე ისაა, რომ დღევანდელი 20 ქულიანი მოგებით საქართველოს ნაკრებმა უნგრეთსა და ჩეხებთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი ძალიან გამოასწორა და სადღეისოდ +11 გვაქვს. ასეთივე ბალანსი აქვთ ჩეხებს, უნგრელებს კი -22. თუკი უნგრელებმა ჩეხებს სძლიეს, საქართველო პირველ ადგილზე გავა. ერთადერთი მადიარებმა დასკვნით ტურში მეტოქე 34 ქულით არ უნდა დაამარცხონ, რაც დაგვეთანხმებით ფანტასტიკის სფერო უფროა, ვიდრე რეალურად მოსახდენი ამბავი. თუკი დასკვნით ტურში ჩეხებმა იმარჯვეს, ჯგუფში მეორეზე გავალთ და დიდი ალბათობით იმ 6 მეორეადგილოსანთა შორის მოვხვდებით, რომლებიც ჯერჯერობით უცნობ მასპინძელ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.
...დღევანდელი პაექრობა ჩვენებმა მობილიზებით, მონდომებით დაიწყეს და თავიდანვე წინ გავიჭერით. უნგრელთა ლიდერს დავიდ ვოივოდას ამჯერად ვიქტორ სანიკიძე მეურვეობდა და მადიართა მეცხრე ნომერმა პირველი პერიოდი უქულოდ დაასრულა. ზაზა ფაჩულიას, ლევან ფაცაციას, თორნიკე შენგელიას და სანიკიძეს ლამის ყველაფერი გამოსდიოდათ და საწყისი პერიოდის შუაწელში გიორგი ცინცაძისა და სანიკიძის მონაწილეობით შესრულებული “ალე-ჰუპის” შემდეგ 18:5 დავწინაურდით. მეოთხედის ბოლომდე ვდომინირებდით და რომ არა 4 გაცუდებული საჯარიმო, სხვაობა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. ასეა თუ ისე, პირველი პერიოდი 22:12 მოვიგეთ, რაც დაგვეთანხმებით მშვენიერი დასაწყისია.
მეორე ათწუთიან მონაკვეთში სტუმრებს თითქოს სამიანები წაუვიდათ და სხვაობა 5 ქულამდეც შეგვიმცირეს (28:23), მაგრამ პირველი ტაიმის მიწურულს დუდა სანაძის სამიანით, ფაჩულიასა და ცინცაძის ზუსტი საჯარიმოებით 7:0 “გავიქეცით”, დიდ შესვენებაზე კი 15 ქულიანი ჰანდიკაპით გავედით (45:30).
მესამე მეოთხედში თანაბარი ორთაბრძოლა მიდიოდა, ბოლოსკენ კი უნგრელებმა სხვაობა შეამცირეს. ჯერ შეტევისთვის განკუთვნილი 24 წამი ეწურებოდათ და ლამის ცენტრიდან ჩაგვიგდეს, შემდეგ ვოივოდამ 2+1 ზუსტად შეასრულა და სხვაობა 8 ქულამდე დაიყვანა – 59:51. პერიოდში ბოლო შეტევა ჩვენ განვახორციელეთ და ბესიკ ლეჟავას სამიანმა ხასიათი ჩვენ ბიჭებსაც გამოუკეთა და ტრიბუნებზე შეკრებილ მაყურებელსაც (62:51).
საქართველო სოლიდური სხვაობით რომ მოიგებდა, ეს საწყის 3 მეოთხედში გამოჩნდა. პრინციპული მნიშვნელობა საბოლოო 20 ქულიან უპირატესობას ჰქონდა და ჩვენებმა ესეც მოახერხეს. მეოთხე პერიოდში თავი განსაკუთრებით ფაჩულიამ, სანაძემ და შენგელიამ გამოიჩინეს, ბოლო ბურთი კი ბექა ბურჯანაძემ ჩააგდო და ჩვენი ნაკრების ზუსტად 20 ქულიანი უპირატესობა (79:59) გამოსახა ტაბლოზე.
რა შეიძლება ითქვას დღევანდელ მატჩზე “ცხელ გულზე”? უპირველესად ის, რომ საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, კეჩკემეტში მარცხი შემთხვევითობა და უიღბლობა უფრო იყო, ვიდრე საკალათბურთო ლოგიკით დაფიქსირებული შედეგი. ამჯერად საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყველა ელემენტში დაჩაგრა მოწინააღმდეგე და თუ ფარქვეშ ჩვენი უპირატესობა მოსალოდნელი იყო, უნგრელებს სამქულიანების რეალიზაციის პროცენტითაც ვაჯობეთ და პერიმეტრიდან ნატყორცნი ბურთების ჩაგდებული რაოდენობითაც. ტრადიციულად გუნდის ლიდერი მისი კაპიტანი ზაზა ფაჩულია იყო, რომელმაც 17 ქულისა და 7 მოხსნის გარდა, 5 შედეგიანი გადაცემაც გააკეთა და 3-ჯერ მეტოქის შეტევისას ბურთიც ჩაჭრა. 26 ქულით შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია გახდა. ამასთან “თოკომ” ორივე სამქულიანი ზუსტად გამოიყება, ფარიდან ასხლეტილი ბურთი კი 8-ჯერ მოხსნა. სამწუხაროდ, შენგელიამ მატჩის მიწურულს კოჭი იღრძო და სავარაუდოდ პორტუგალიასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ჩვენები პირენელებს მის გარეშეც მოუგებენ, ჩვენ კი თორნიკეს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვოთ. ვიქტორ სანიკიძე მიმდინარე შესარჩევ ციკლს წელმტკივანი თამაშობს. ამის მიუხედავად, ვიკა ბოლომდე იბრძვის და როგორც ყოველთვის, გუნდისთვის სასარგებლო თამაშთან ერთად ტრადიციულად ეფექტურადაც ასპარეზობს. დღეს კი სანიკიძეს ერთადერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე (11 ქულა, 9 მოხსნა). მეოთხე პერიოდში “ჰაერივით საჭირო” სამქულიანები ჩააგდო დუდა სანაძემ. საერთოდ კი 5 სამქულიანიდან 4 ზუსტად შეასრულა, რაც მეტად კარგი მაჩვენებელია. ამასთან ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეს თბილისის სპორტის სასახლის პარკეტზე ერთ მუშტად შეკრული, მიზნისკენ სწორი გზით მიმავალი საქართველოს ნაკრები იყო და მოედანზე გასულმა უკლებლივ ყველა მოთამაშემ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.

|
1. |
5 |
4/1 |
378/317 |
9 |
|
|
2. |
5 |
3/2 |
319/308 |
8 |
|
|
3. |
საქართველო |
5 |
3/2 |
383/371 |
8 |
|
4. |
პორტუგალია |
5 |
0/5 |
294/378 |
5 |







