ნბა-ს 2012-13 წლების სეზონის მოახლოებასთან ერთად, წარმოგიდგენთ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოასპარეზე ოცდაათივე გუნდის მოკლე დახასიათებას. პირველ გუნდად გთავაზობთ ახალშექმნილ “ბრუკლინ ნეთსს”, რომლის ღირსებასაც დაიცავს ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია.
ბრუკლინ ნეთსი
წინა სეზონები:
ხუთი წელია, რაც “ნიუ ჯერსი ნეთსის“ გულშემატკივარი ამაოდ ელოდა საყვარელი გუნდისგან თუნდაც პლეი ოფის სტადიამდე მისვლას, შორსმიმავალი იმედები აპრილის ბოლოსთვის მთავრდებოდა რეგულარულ სეზონთან ერთად. არადა, კლუბის ისტორიაში თითქოს ახალი ერა დაიწყო 2010 წლის 11 მაისიდან, როცა “ნეთსის“ აქციათა 80% შეიძინა რუსმა ბიზნესმენმა მიხაილ პროხოროვმა. მან ბლიცკრიგით სცადა სატრანსფერო ბაზარზე შესვლა და ვარსკვლავების წამოყვანა საკუთარ სამფლობელოში, თუმცა ეს არცთუ იოლი გამოდგა: კარმელო ენტონი, დუაიტ ჰოვარდი, ლებრონ ჯეიმსი, ანდრეი კირილენკო – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მოთამაშეებისა, რომელთა მოპოვებაზე უამრავი დრო და ენთუზიაზმი დაიხარჯა ფუჭად, რამაც ლოგიკურად გამოიწვია გენერალური მენეჯერის შეცვლა: 70 წელს მიტანებული როდ ტორნის ადგილი ახალგაზრდა, დაუშრეტელი ენერგიის პატრონმა და მუდამ გამარჯვებაზე დაგეშილმა ბილი კინგმა დაიკავა. სატრანსფერო ვექტორი მთლიანად შეიცვალა. რახან არ გამოვიდა კლუბის სუპერვარსკვლავებით დაკომპლექტება, გადაწყდა შექმნილიყო ახალი გუნდი სახელწოდებით “ ბრუკლინ ნეთსი“, რომლის მთავარი მახასიათებელი იქნებოდა გუნდური თამაში. გუნდი 35–სეზონიანი განშორების შემდეგ უბრუნდება ნიუ იორკს და “Barclays Center”–ში გამართავს მატჩებს. ახალ არენაზე პარკეტის სტილიც კი უნიკალურია – როცა გულშემატკივარი ჩართავს ტელევიზორს, იმწამსვე მიხვდება, რომ ეს ბრუკლინია...
მთავარი მწვრთნელი: ეივერი ჯონსონი
ჯონსონი “ბრუკლინ ნეთსს“ 2010 წლის 15 ივნისს ჩაუდგა სათავეში. იგი კლუბს დალასიდან მოგება–წაგებათა დაუჯერებლად მაღალი პროცენტული მაჩვენებლით შეუერთდა: 264 მატჩში 190 გამარჯვება, რაც 73,5% უტოლდებოდა. ეივერიმ ახალ გუნდში მოლოდინი კატასტროფულად ვერ გაამართლა, კლუბის მფლობელი, რომელიც გულშემატკივრებს ნბა–ს ჩემპიონის ტიტულს პირდება, უკანასკნელ 2 სეზონში შესაბამისად 24 და 22 გამარჯვებით კმაყოფილდება. მრავალი სპეციალისტის აზრით, “ნეთსის“ წარუმატებლობა გამოწვეულია ტრავმების ეპიდემიით და ჩავარდნილი სატრანსფერო პოლიტიკით, რომელმაც ძალიან დააზარალა კლუბი, თუმცა დამდეგ სეზონში ჯო ჯონსონის და ჯერალდ უოლესის მოყვანით, მთავარ მწვრთნელს უკანასკნელი შანსი ეძლევა, რათა წარმატებული სეზონი ჩაატაროს ნიუორკელი პუბლიკის წინაშე. ცუდ შედეგს ამჯერად მას აღარავინ აპატიებს.
ახალი იმედი: ჯო ჯონსონი
ენტონი მოროუ, დეშონ სტივენსონი, ჯორდან ფარმარი, ჟოან პეტრო და ჯორდან უილიამსი – ეს ჩამონათვალია იმ მოთამაშეებისა, ვისი დათმობაც მოუწია “ბრუკლინს”, რათა “ატლანტას” ლიდერი ჯო ჯონსონი ნიუ იორკში წამოეყვანა და შეეწყვილებინა დერონ უილიამსისთვის. ჯოს ტრანსფერით “ბრუკლინმა“ საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი გააკეთა – მისი სახით კლუბმა მიიღო უმაღლესი დონის მსროლელი (2 ნომერი), რომელიც 2007 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს “ყველა ვარსკვლავის“ მატჩში. საშუალოდ 18 ქულას იხვეჭს, მდიდარი საპლეიოფო გამოცდილება და თვისება ულიდეროს გუნდს გადამწყვეტ მომენტში, ბრუკლინურ კლუბს ძალიან გამოადგება. ასევე ერთ–ერთ მთავარ კოზირად შეგვიძლია გუნდური თამაში დავასახელოთ და რაც მთავარია, ჯონსონი საკუთარ ინტერესებს კლუბისაზე მაღლა არასდროს აყენებს. ჯოს ტრანსფერმა პროხოროვს საშუალება მისცა, საბოლოოდ შეენარჩუნებინა გუნდის ლიდერები ბრუკ ლოპესი და დერონ უილიამსი. ჯონსონმა “ბრუკლინთან” 5–წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ამ დროის განმავლობაში 89 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მის სათამაშო ფორმაზე დიდად იქნება დამოკიდებული “ნეთსის“ 2012–13 წლების სეზონის შედეგი.
http://www.youtube.com/watch?v=4vUELc3LfF4
გამწევი ძალა: დერონ უილიამსი
დერონი ჯერჯერობით პირველი და უკანასკნელი გახლავთ იმ სუპერვარსკვლავთა სიიდან, რომელმაც გარისკა და დიდი სკანდალის შედეგად, 2011 წელს დატოვა “იუტა ჯაზი“ (სადაც მას ახალ ჯონ სტოქტონად მიიჩნევდნენ), რათა ჯერ კიდევ შენების პროცესში მყოფ “ბრუკლინ ნეთსში გადასულიყო. იგი გადმოსვლის დღიდან თითქმის ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით გუნდის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, საშუალოდ მატჩში აგროვებდა 18 ქულას, 4 მოხსნას და11 შედეგიან გადაცემას. მიუხედავად გუნდში ჯო ჯონსონისა და ჯერალდ უოლესის მისვლისა, დერონი გუნდში მაინც მთავარ გამწევ ძალად რჩება. გუნდის ხელმძღვანელობის ქმედებები ნელ–ნელა ემსგავსება რამდენიმე წლის წინათ “დალას მავერიქსის“ მიერ გატარებულ პოლიტიკას, როდესაც ერთი კაშკაშა ვარსკვლავის (დირკ ნოვიცკი) ირგვლივ შემოიკრიბეს გუნდური თამაშის პრინციპების მქონე საშუალოზე მაღალი დონის შემსრულებლები, რამაც საბოლოოდ ნბა–ს ჩემპიონობამდე მიიყვანა ტეხასელები. “ბრუკლინ ნეთსში“ მთავარ როლზე უალტერნატივოა დერონ უილიამსი.
http://www.youtube.com/watch?v=IaV76v8ttYc
მეხუთე ბორბალი: მარშონ ბრუქსი
მარშონ ბრუქსისთვის გასული სეზონი სადებიუტო გახლდათ ნბა–ში და საკმაოდ წარმატებულიც. მან ჯერ სასტარტო ხუთეულში დაიმკვიდრა ადგილი, დაძლია რა ენტონი მოროუს კონკურენცია, სეზონის ბოლოს მშვენიერ სტატისტიკურ მონაცემებს მიაღწია: საშუალოდ 29,4 წუთს ატარებდა პარკეტზე და 12,6 ქულას აგროვებდა. ზაფხულში, ეივერი ჯონსონის მოთხოვნით, ბრუქსმა საზაფხულო ლიგაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ერპიროვნული ლიდერი გახლდათ “ბრუკლინ ნეთსისა”, საბოლოოდ 4 მატჩში 68 ქულის დაგროვება მოახერხა და საზაფხულო ლიგის ბომბარდირის ტიტულიც მიიღო. ჯო ჯონსონის გადმობირების შემდეგ, მარშონს სათადარიგო მოთამაშის ფუნქციის მორგება მოუწევს, თუმცა კლუბს ამ პოზიციიდანაც მნიშვნელოვნად დაეხმარება. მას ძალიან კარგად ეხერხება შორეული ტყორცნები, თუმცა არასტაბილურია საშუალო დისტანციიდან. კონტრშეტევისას ძალზე შედეგიანია, ხშირად კარგ პოზიციაში მყოფ თანაგუნდელებს პასს უსამართლოდ არ აწვდის და ცდილობს, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავიდეს ფონს. ფაქტი ერთია: სათადარიგოთა სკამზე ასეთი კალიბრის მოთამაშის ყოლაზე უარს არცერთი მწვრთნელი იტყოდა.
http://www.youtube.com/watch?v=QYTAo99BeUs.
X–ფაქტორი: თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია დრაფტზე “ფილადელფია სიქსერსმა” 54–ე ნომრად აირჩია, თუმცა გარკვეული ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ, მაშინვე დაუთმო “ბრუკლინ ნეთსს”. “თოკომ” შესანიშნავად ჩაატარა საზაფხულო ლიგის თამაშები და რაც მთავარია, მის ყველა მომდევნო თამაშში შეინიშნებოდა პროგრესი. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორჩენია მთავარ მწვრთნელ ეივერი ჯონსონს და ქართველ ლეგიონერს თვითრეალიზაციისთვის მსუყე შანსი ეძლევა. შენგელია მხოლოდ 21 წლისაა და უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ–ერთი ლიდერია. 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე თავის გამოჩენა მოასწრო – საშუალოდ 8.8 ქულას და 5 მოხსნას აგროვებდა. გამოირჩევა ათლეტური აღნაგობით და მოედნის კარგი ხედვით, დერონ უილიამსს საბოლოოდ გამოუჩნდა პარტნიორი, რომელთანაც ისეთივე წარმატებით გაითამაშებს პიკ ენდ როლებს, როგორც ამას “იუტაში” ყოფნის პერიოდში კარლოს ბუზერთან აკეთებდა. შენგელიას ახასიათებს თამამი შესვლები 3–წამიან ზონაში. თორნიკე სასრგებლოა როგორც მსუბუქ, ასევე მძიმე ფორვარდად. გამოირჩევა აქტიურობით მეტოქის ფართან და მოხსნებში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ძირითად ცენტრ ბრუკ ლოპესს. აქვს კარგი შესაძლებლობა, სადებიუტო სეზონის მეორე ნახევარში დამკვიდრდეს სასტარტო ხუთეულში, თუმცა ამისთვის, როგორც თითქმის ყველა ახალბედას, მოსამატებელი აქვს დაცვაში პოზიციური თამაში და თამაშიდან ზუსტი ტყორცნების პროცენტული მაჩვენებელი.
http://www.youtube.com/watch?v=IzJSYFsgD_c
სასტარტო ხუთეული: დერონ უილიამსი, ჯო ჯონსონი, ჯერალდ უოლესი, კრის ჰემფრიზი, ბრუკ ლოპესი.
ლიდერების სტატისტიკური მონაცემები საშუალოდ მატჩში:
ჯო ჯონსონი – 17.8 ქულა
დერონ უილიამსი – 9,2 შედეგიანი გადაცემა
ბრუკ ლოპესი – 1,6 დაფარება
ბრუკ ლოპესი – 7,5 მოხსნა
დასკვნა: ჯეისონ კიდისა და რიჩარდ ჯეფერსონის წასვლის შემდეგ, “ნეთსი“ ასეთი დაბალანსებული და ძლიერი არ ყოფილა. ყველა რგოლი კონკურენტუნარიანია, წარმოადგენს ახალგაზრდა და გამოცდილი კალათბურთელების ნაზავს. ტრიო უილიამსი–ჯონსონი–უოლესი ერთ–ერთი ყველაზე სახიფათოა მთელ საკალათბურთო ასოციაციაში. სათადარიგოთა სკამიდან გუნდის დაბლებს სერიოზულად მიეხმარებიან ახალგაზრდა მარშონ ბრუქსი და ევროპამოვლილი ჯოშ ჩილდრესი. მძიმე ფორვარდის პოზიციაზე დიდი არჩევანი აქვს მთავარ მწვრთნელს –კრის ჰემფრიზს ორი ღირსეული კონკურენტი ჰყავს მირზა ტელეტოვიჩის და თორნიკე შენგელიას სახით. მეტოქის სათამაშო სტილიდან გამომდინარე ,ეივერი ჯონსონი პერიოდულად აუცილებლად დაეყრდნობა მათ. შორეულ ტყორცნებში ბოსნიელი გაცილებით ძლიერია, სამაგიეროდ ფარქვეშ ბრძოლა ქართველის პლუსია. გუნდის მთავარ ცენტრ ბრუკ ლოპესს შემცვლელად “ვაშინგტონიდან” საკმად ნიჭიერი, თუმცა სკანდალების მოყვარული ანდრეი ბლაჩი მიიწვიეს. ეივერი ჯონსონს, როგორც იქნა, მიეცა შესაძლებლობა, სრულად გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი – ამჯერად უკვე “ბრუკლინ ნეთსში“. სპეციალისტთა აზრით, გუნდს სეზონის საწყის 2 თვეში გაუჭირდება მაღალი შედეგების ჩვენება, თუმცა შობის წინა პერიოდიდან შეთამაშდება და ნებისმიერ კლუბს შეუქმნის პრობლემას. ნიუიორკული ბომონდის მხარდაჭერაც გარანტირებულია, რადგან გუნდის აქციათა 20%–ს ფლობს ნიუიორკელი რეპერი ჯეი–ზი.
გიორგი ბარბაქაძე