საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრს, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი ბროლაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატის კვარცხლბეკამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. მან მაროკოს ქალაქ აგადირში გუშინ დაწყებულ პირველობაზე, 6 ჩატარებული შეხვედრიდან 4 მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა. სამეულამდე ქართველი ძიუდოისტი იაპონელებმა არ მიუშვეს. ჯერ იყო და ნახევარფინალში ტორუ შიშიმესთან ვაზარით წააგო, შემდეგ კი, რეპეშაჟის ფინალში კიოსუკე ნიშიოსთან იპონზე წამოეგო.
ნახევარფინალამდე ბროლაშვილმა პაკისტანელ მუჰამად რაზის 13 წამში სძლია, ამერიკელ ჯორჯ ტრუნგს – წუთსა და 11 წამში აუღო 2 ვაზარი, სერბ პრედრაგ ნიკოლაევიჩს 3 იუკო აკმარა, ხოლო ირანელი გასემ ჰურიზადე მეოთხე წუთზე დააიპონა.
ამავე წონაში, საქართველოს სახელით შმაგი ლაგაზაურსაც უნდა ეჭიდავა. კენჭისყრაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სატურნირო ბადიდან ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ამოიღეს, ვარჯიშისის მიღებული ტრავმის გამო.
გუშინვე, ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა უმსუბუქეს წონაში - 55 კილოგრამშიც გამოვლინდნენ. ტატამზე ორი ქართველი გავიდა, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე გამოეთიშა ბრძოლას. მთავარი იმედები ცხადია ოთარ კაიდარაშვილზე მყარდებოდა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა აფრიკული გამოსვლა შთამბეჭდავი გამარჯვებით გახსნა – მონღოლ ხუნტიაჯ ენხბაატარს 37 წამში მოუმთავრა საქმე, მაგრამ მეორე წრეში ბრაზილიელ სერჟიო ნასიმენტოსთან ოქროს დროში გაფრთხილებით წააგო და სამეულის შანსიც დაკარგა.
ლუხუმ ჩხვიმიანმაც ერთი ბარიერის დაძლევა შეძლო – ლუქსემბურგელი ტომ შმიტი წუთნახევარში დააიპონა. აზერბაიჯანელ ალი რზაევთან კი ვაზარით დამარცხდა.
60 კილოგრამში ჩემპიონი ბროლაშვილის მძლეველი ტორუ შიშიმე გახდა. ფინალში მან ყაზახი ილიას იზმაგილოვი დაამარცხა. 55-შიც ყაზახურ-იაპონური ფინალი შედგა და ოქროს ყაზახი იელდოს სმეტოვი დაეუფლა.
ოთხდღიანი შეჯიბრის პირველ დღეს მედლები გოგონათა ორ უმსუბუქეს წონაშიც გათამაშდა და ორივე იაპონიის ჰიმნით დაგვირგვინდა. 48 კილოგრამში სულაც, იაპონური ფინალი შედგა.
დღეს ჩემპიონ-პრიზიორები გოგონათა და ვაჟთა კიდევ ორ-ორ წონით კატეგორიაში გათამაშდება. ქართველთაგან კიმონოს ლაშა ლომიძე, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი და ლაშა ზურაბიანი (73 კგ) მოირგებენ.
ლომიძე პირველ წრეში ლიბანელ ვისამ ჰაიეკს დაეჭიდება, შავდათუაშვილი – ტუნისელ ჰოუსემ ხალაფაუის, რეხვიაშვილი – კვიპროსელ კლეოვულოს ლუკაიდისს, ხოლო ზურაბიანი – გერმანელ ალექსანდერ ვიეზერზაკს. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13 საათიდან დაიწყება.
ვაჟები
55 კგ
1 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
2 სეიკენ ფუჯისავა (იაპონია)
3 ფაბიო ბასილე (იტალია)
3 ზაურ კალაშოვი (რუსეთი)
60 კგ
1 ტორუ შიშიმე (იაპონია)
2 ილიას იზმაგილოვი (ყაზახეთი)
3 კიოსუკე ნიშო (იაპონია)
3 იაკუბ შამილოვი (რუსეთი)
გოგონები
44 კგ
1 საკიჰო ჰამადა (იაპონია)
2 აგუედა სილვა (ბრაზილია)
3 ებრუ საჰინი (თურქეთი)
3 ანჯელინა ბომბარა (იტალია)
48 კგ
1 მირი ტოდა (იაპონია)
2 მომო ტამაოკი (იაპონია)
3 ნატალია ბრიგიდა (ბრაზილია)
3 სკარლეტ გაბრიელი (საფრანგეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







