ჭიდაობა

23:10 | 6.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრინჯაოს სტარტი

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ. მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 50, 60, 74 და 96 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საქართველოს ნაკრების ოთხი წევრიდან კი, კვარცხლბეკზე მხოლოდ 74 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა გიგაშვილი ავიდა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ოქრო-ვერცხლის შანსი გიგაშვილმა ნახევარფინალში დაკარგა მომავალ ჩემპიონთან, რუსეთის ნაკრების წევრ ხაბიბ ბატიროვთან წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი ებრაელი ჰანოკ რაჩამინი დაამარცხა (3:4 3:2). ამ შეხვედრებამდე, უკრაინელი დმიტრი ტკაჩენკოსა (3:0 1:2), ბულგარელ ჰუსეინ აჰმედს (5:2 2:0) სძლია.

როლანდ ანდრიაძეს (96 კგ) სამეულამდე ერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში მან ერთადერთხელ იჭიდავა - თურქ ალი ბონჩეოღლუსთან დამარცხდა (1:0 1:2). დამამშვიდებელ ეტაპზე კი ბულგარელი ბილგინ იდრიზოვ იუმეროვს მოუგო (7:2 0:0) და სომხეთის ნაკრების წევრ ვიქტორ კაზიშვილთან ვეღარას გახდა (0:4 0:0). საბოლოოდ, მე-5 ადგილს დასჯერდა.

ნიკა ტატუაშვილი (50 კგ) და შოთა ფარტენაძე (60 კგ) შეჯიბრებას საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ.

ტატუაშვილმა ევროპირველობა სომეხი ხორენ ტემურიანის ძლევით გახსნა (8:1) და ბელარუს დიმჩიკ რინჩინოვთან წააგო (5:12). ფარტენაძეც მხოლოდ ორჯერ გავიდა მაკედონიურ ხალიჩაზე. პოლონელ ერიკ მაჟს საქმე პირველსავე რაუნდში მოუმთავრა (7:0). მისთვის დაუძლეველი ბარიერი კი აზერბაიჯანელი ახმედნაბი გვარზატილოვი აღმოჩნდა (4:6 5:6).

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 7 ივლისს მედლები 55, 66, 84 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ბექა ბუჯიაშვილი (55 კგ), დავით ბუზიაშვილი (66 კგ), ლევან გოგრიჭიანი (84 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ).

 

0.118754