მსოფლიოს მასტერსი ისე ჩამთავრდა, სამმა ქართველმა ძიუდოისტმა ჯამში ერთადერთი გამარჯვების მოპოვება მოახერხა. თუმცა, ერთი მედლის მოსაპოვებლად ეს ერთი გამარჯვებაც საკმარისი აღმოჩნდა. ორდღიანი ტურნირის პირველ დღეს ტატამზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილი გავიდა და პირველსავე წრეში, ევროპის რუს ჩემპიონთან, არსენ გალსტიანთან იპონით დამარცხდა.
პირველსავე წრეში გამოეთიშა ბრძოლას ვარლამ ლიპარტელიანიც (90 კგ). მასაც რუსმა მოწინააღმდეგემ დაასრულებინა ტურნირი, ოღონდ ერთი განსხვავებით – ლიპარტელიანი კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა და შეჯიბრში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო. ქართული ძიუდოს ერთ-ერთმა იმედმა კირილ დენისოვს თავიდანვე შეუტია, მაგრამ თავის წამოწყებულ ილეთზე წამოეგო და ვაზარზე დავარდა. მერე 2-ჯერ იუკო აუღო. ერთ ეპიზოდში ბეჭებზეც გააკრა მეტოქე, თუმცა, წმინდა გდება მსაჯებმა არ დაუფიქსირეს. მე-4 წუთის ბოლოს, ვადამდელი გამარჯვების მომტანი ილეთი უკვე დენისოვმა შეასრულა.
მსოფლიოს მასტერსზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებდა და მეოთხედფინალში წაგებულმა ვარლამ ლიპარტელიანმა უმალ მე-5 ადგილი დაიკავა, რისთვისაც 80 სარეიტინგო ქულა გაინაღდა.
ზემოთ ნახსენები ერთადერთი მოგება კი, ლევან ჟორჟოლიანს ეკუთვნის. 100 კილოგრამში მოჭიდავე ქართველი მასტერსზე პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთო და ეგვიპტელ რამადან დარვიშს წუთსა და 50 წამში იპონით სძლია. ნახევარფინალში კი კორეელ ჰი-ტაე ჰვანგთან სამ წუთსა და 17 წამში ორჯერ დავარდა ვაზარზე და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამით სარეიტინგო 160 ქულაც გამოიმუშავა და საპრიზო თანხა, 2 ათასი დოლარი მიიღო.
60 კილოგრამში, ჩემპიონი, ბევრისთვის მოულოდნელად, უზბეკი რიშოდ სობიროვი გახდა. ამ ძიუდოისტმა შარშანდელ სეზონში ოქროს მედალი მხოლოდ გერმანიის დიდ პრიზზე მოიპოვა, ამჯერად კი, თავისი შესაძლებლობა უფრო მაღალ დონეზე წარმოაჩინა. ფინალში სობიროვმა იაპონელ მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორს, ჰიროაკი ჰირაოკას ვაზარი შემოუტრიალა. იქამდე კი, ოქროს გზაზე იტალიელი ელიო ვერდე და იაპონელი მასააკი ფუკუოკა იპონებით, ხოლო სამხრეთ კორეელი გუან-იეონ ჩოი ვაზარით ჩამოიცილა. ცნობისთვის, ამ კორეელმა მეოთხედფინალში უკრაინის სახელით მოჭიდავე ქართველი, მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია დაამარცხა.
66-კილოგრამიანთა ბრძოლაც სენსაციური ფინიშით დაგვირგვინდა. მასტერსი წაუგებლად რეიტინგსიის მე-11 ნომერმა, მონღოლმა სანიაასურენ მიარაგჩამ ჩაამთავრა. 2009 წლის ჩინეთის დიდი პრიზის მომგებმა ძიუდოისტმა მსოფლიოს მასტერსზე გასაჩემპიონებლად, სამ ჩატარებულ შეხვედრაში, ჯამში, 5 წუთი და 9 წამი იმყოფინა. იაპონელ მასაში ებინუმას საქმე 19 წამში მოუმთავრა, ნახევარფინალსა და ფინალში კი რუსი მეტოქეების – მუსა მოგუშკოვისა და ალიმ გადანოვის დასამარცხებლად 2-2 წუთზე ცოტა მეტი დასჭირდა. ამ წონის რეიტინგსიის ლიდერი, კიდევ ერთი მონღოლი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი კი, ტატამზე ერთადერთხელ გავიდა და ფრანგ დავიდ ლაროშთან 2-ჯერ ვაზარიზე დავარდა.
73 კილოგრამში რეიტინგის პირველი ნომერი სამხრეთკორეელი კი-ჩუნ ვანგია. საკუთარ კედლებში, რა თქმა უნდა, უმთავრეს ფავორიტად სწორედ იგი მიიჩნეოდა, მაგრამ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მეოთხედფინალს ვერ გასცდა. ამ წონაში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სხვა კორეელი ავიდა. 2009 წლის აზიის ჩემპიონმა გუი-მან ბანგმა, ოქროს გზაზე, ჰოლანდიელ დექს ელმონზე, უკრაინელ ვოლოდიმირ სოროკაზე, კი-ჩუნ ვანგის მძლეველ იაპონელ იასუჰირო ავანოსა და ფრანგ ჟილ ბონომზე გაიარა.
81 კილოგრამის პირველმა ნომერმა, ევროპის 2009 წლის საუკეთესო ძიუდოისტად დასახელებულმა რუსმა ივან ნიფონტოვმა მსოფლიოს მასტერსი უქულოდ ჩაიჭიდავა და უახლოეს მდევარს, სამხრეთკორეელ ჟაე-ბუმ კიმს გადასწრების შანსი გაუჩინა. ამ უკანასკნელმაც, საკუთარი კედლების ფაქტორითაც ისარგებლა და გაჩემპიონებით 400 ქულა მიიწერა. ფინალში კიმმა ფრანგი აქსელ კლერჟე დაამარცხა.
90, 100 და +100 კილოგრამებში კანონზომიერება არ დარღვეულა. რეიტინგის ლიდერებმა: იაპონელებმა ტაკაში ონომ (90 კგ) და ტაკამასა ანაიმ (100 კგ), ასევე ფრანგმა ტედი რინერმა (+100 კგ) მორიგი ოქროს მედლები მოიპოვეს. ონო და ანაი ჩემპიონობამდე იპონ-იპონ მივიდნენ, რინერს კი, გადამწყვეტ ბრძოლაში, იაპონელი კეიჯი სუძუკის დასამარცხებლად ძირითადი დრო არ ეყო და “ოქროს დროში” მეტოქის გაფრთხილებით გაპირველდა.
სუვონის დარბაზში ჩემპიონ-პრიზიორები ქალებმაც გამოავლინეს. პირველ დღეს გათამაშებული 4 კომპლექტიდან ოთხივე ოქროს მედალს იაპონელები დაეუფლნენ. 48 კილოგრამში სულაც, კვარცხლბეკი მთლიანად იაპონელებმა დაიპყრეს. მეორე დღეს კი, ძიუდოს ფუძემდებლებმა გაცილებით მოკრძალებულად იჭიდავეს - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო იკმარეს.
ძიუდოისტთა მორიგ საერთაშორისო ტურნირს – “მსოფლიოს თასს”, 30-31 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.
ძიუდო. მსოფლიოს მასტერსი. სუვონი. 16-17 იანვარი
მამაკაცები
60 კგ
1 რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი)
2 ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია)
3 გუან-იეონ ჩოი (სამხრეთ კორეა)
3 არსენ გალსტიანი (რუსეთი)
9 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)
66 კგ
1 სანიაასურენ მიარაგჩა (მონღოლეთი)
2 ალიმ გადანოვი (რუსეთი)
3 დავიდ ლაროში (საფრანგეთი)
3 მუსა მოგუშკოვი (რუსეთი)
73 კგ
1 გუი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)
2 ჟილ ბონომი (საფრანგეთი)
3 იასუჰირი ავანო (იაპონია)
3 მანსურ ისაევი (რუსეთი)
81 კგ
1 ჟაე-ბუმ კიმი (სამხრეთ კორეა)
2 აქსელ კლერჟე (საფრანგეთი)
3 შოკირ მუმინოვი (უზბეკეთი)
3 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
90 კგ
1 ტაკაში ონო (იაპონია)
2 კირილ დენისოვი (რუსეთი)
3 კიუ-ვონ ლი (სამხრეთ კორეა)
3 დილშოდ ჩორიევი (უზბეკეთი)
5 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართვ.)
100 კგ
1 ტაკამასა ანაი (იაპონია)
2 ჰი-ტაე ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
3 ლევან ჟორჟოლიანი (საქართვ.)
3 მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 კეიჯი სუძუკი (იაპონია)
3 კაზუჰიკო ტაკაჰაში (იაპონია)
3 გრიმ ვუისტერსი (ჰოლანდია)
ქალები
48 კგ
1 ჰარუნა ასამი (იაპონია)
2 კაორი კონდო (იაპონია)
3 ტომოკო ფუკუმი (იაპონია)
3 შოკო იბე (იაპონია)
52 კგ
1 მასატო ნაკამურა (იაპონია)
2 ლაურა გომესი (ესპანეთი)
3 იუკა ნიშიდა (იაპონია)
3 პენელოპე ბონა (საფრანგეთი)
57 კგ
1 კაორი მაცუმოტო (იაპონია)
2 ნაე უდაკა (იაპონია)
3 ჰიტომი ტოკუჰიშა (იაპონია)
3 ჰედვიგ კარაკაში (უნგრეთი)
63 კგ
1 იოშიე უენო (იაპონია)
2 ია-იუნგ კონგი (სამხრეთ კორეა)
3 მიკი ტანაკა (იაპონია)
3 ალის შლეზინგერი (ისრაელი)
70 კგ
1 იე-სულ ჰვანგი (სამხრეთ კორეა)
2 იორიკო კუნიჰარა (იაპონია)
3 ლუსი დეკოსი (საფრანგეთი)
3 ამეტ მესაროში (უნგრეთი)
78 კგ
1 სელინ ლებრუნი (საფრანგეთი)
2 გიონ-მი ჯეონგი (სამხრეთ კორეა)
3 ტომომი ოკამურა (იაპონია)
3 საიაკა ანაი (იაპონია)
+78 კგ
1 ქიან ქინი (ჩინეთი)
2 ნა-იანგ კიმი (სამხრეთ კორეა)
3 ურსულა სადკოვსკა (პოლონეთი)
3 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)
ოთარ მაღლაკელიძე







