ანთალიაში მიმდინარე 23 წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა. კვარცხლბეკზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ზვიად ბაზანდარაშვილი ავიდა.
ოქრო-ვერცხლის შანსი ბაზანდარაშვილმა ნახევარფინალში დაკარგა, მომავალ ჩემპიონთან, ფრანგ უგო ლეგრანთან წაგებით და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ფრანგის ჯავრი რუს კირილ სავიცკიზე იყარა და სამეული გაინაღდა. აქვე ქართველი ძიუდოისტისგან ნახევარფინალამდე ძლეულებიც ვახსენოთ. პოლონელი მიხალ კუბიენიცი, ესპანელი დავიდ პაკო და ბელგიელი ჯოაკიმ ბოტო ზვიადმა იპონ-იპონ ჩამოიცილა.
დღესვე, კიმონო კიდევ სამმა ქართველმა მოირგო, მაგრამ წინასწარი ეტაპის შეხვედრების დაძლევა ვერც ერთმა მათგანმა შეძლო. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიგა წიკლაური კენჭისყრამ პირველ წრეში დაასვენა. მეორეში კი მასპინძელ იბრაჰიმ ოზერლერთან დაძაბულ ბრძოლაში, იუკოთი დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა. შორენა შარაძე (63 კგ) და სალომე წოწკოლაური (70 კგ) კი საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ. შარაძე პოლონელმა აგატა ოზდობამ დაჩაგრა, წოწკოლაური – გერმანელმა კატარინა ჰილგერმა.
ორი დღის შედეგებით, საქართველოს ვაჟთა და გოგონათა ნაკრებები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილიდან მეხუთემდე ჩამოქვეითდნენ. ლიდერი გერმანიაა, ხოლო მეორე-მეოთხე პოზიციებზე უნგრეთი, რუსეთი და საფრანგეთი დგანან. მხოლოდ ვაჟთა შედეგებით კი სოსო ლიპარტელიანის გუნდი კვლავ პირველ ადგილზეა, ოღონდ, თუ პირველი დღის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობდა, ახლა საფრანგეთი წამოეწია.
ხვალ მედლების დარჩენილი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ვაჟებში ჩემპიონ-პრიზიორები 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გამოვლინდებიან, ქალებში – 78 და +78 კილოგრამებში.
პირველ წრეში არჩილ შინჯიკაშვილი (90 კგ) ჰოლანდიელ მარვინ დე ლა კროსს დაეჭიდება, კონსტანტინე მუკვანი (100 კგ) – ხორვატ ტომისლავ ზეკოს, ლევან მუქერია (+100 კგ) – უკრაინელ სტანისლავ ბონდარენკოს, ლია ლეონიძე (+78 კგ) – სერბ სანელა მარკოვიჩს. ნინო ოძელაშვილი (78 კგ) კი ევროპირველობაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე უკრაინელ ლუიზა გაინუტდინოვასა და სლოვენიელ ანა ველენსეკის წყვილში გამარჯვებული იქნება.
ოთარ მაღლაკელიძე
ძიუდო
ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი
ანთალია. 21 ნოემბერი
ვაჟები
73 კგ
1 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)
2 ატილა უნგვარი (უნგრეთი)
3 ზვიად ბაზანდარაშვილი (საქართველო)
3 ჟოაკიმ ბოტიე (ბელგია)
81 კგ
1 სვენ მარეხი (გერმანია)
2 სზაბოლც კრიჟანი (უნგრეთი)
3 ალჯაზ სედაჟი (სლოვენია)
3 სირაჟუდინ მაგომედოვი (რუსეთი)
9 გიგა წიკლაური (საქართველო)
გოგონები
63 კგ
1 ალის შლესინგერი (ისრაელი)
2 ოკსანა დიდენკო (უკრაინა)
3 ესტერ გასპარი (უნგრეთი)
3 რამილა იუსუბოვა (აზერბაიჯანი)
17 შორენა შარაძე (საქართველო)
70 კგ
1 აბიგელ იო (უნგრეთი)
2 ლინდა ბოლდერი (ჰოლანდია)
3 გემა გიბონსი (ბრიტანეთი)
3 ლუსი პეროტი (საფრანგეთი)
17 სალომე წოწკოლაური (საქართველო)







