საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ამირან პაპინაშვილმა პარიზის დიდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ქართველი მსუბუქწონოსანი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ ვონ ჯინ კიმთან იპონით დამარცხდა და რადგან დიდ სლემზე რეპეშაჟის წესი არ მოქმედებს, უმალ მესამე ადგილი დაიკავა. ნახევარფინალამდე პაპინაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა – ტურნირში მესამე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო და ფინელ იუჰო რეინვალს ვაზარით გაუსწორდა. ბრიტანელ ეშლი მაკკენზის ორი იუკოთი გასცდა, ხოლო აზერბაიჯანელ ილგარ მუშკიევთან 2-იუკოიანი ჩამორჩენა სათავისოდ იპონით შეატრიალა.
დღესვე პარიზულ ტატამზე საქართველოს სახელით შალვა ქარდავამაც (66 კგ) იჭიდავა. ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და უკრაინის სახელით მოჭიდავე გევორქ გევორქიანი ჩამოიცილა, მაგრამ მეთექვსმეტედფინალში, იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოსთან ვეღარას გახდა.
ოთარ მაღლაკელიძე







