ატირებული ჯერარდი ოდესმე გინახავთ? “სიტისთან” გამარჯვების შემდეგ კაპიტანი პატარა ბავშვივით ღვრიდა ცრემლებს. რა გასაკვირია, “ლივერპულის” და ინგლისის ნაკრების ლეგენდა მაისის ბოლოს 34 წლის ხდება და პრემიერლიგა არასოდეს მოუგია. ახლა კი, 4 ტურიც და შესაძლოა, ოცნება აუხდეს. მეორე შანსი კი ეგებ, აღარც იყოს. “ძალიან ემოციური მატჩი გამოდგა, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, წინ კიდევ ოთხი ფინალი გვაქვს სათამაშო. ეს მგონი ყველაზე გრძელი მატჩი იყო ჩემს კარიერაში. თითქოს საათი უკან მიდიოდა. ხალხი ამბობს, სეზონის ყველაზე დიადი თამაში იყოო, მაგრამ ყველაზე დიადი შემდეგი, ”ნორვიჩთან” იქნება,” – უთხრა ჯერარდმა Sky Sports-ს.
“ლივერპულმა” ორი განსხვავებული ტაიმი ითამაშა. პირველში მინდვრის აბსოლუტური ბატონ-პატრონი იყო, მაორეში კი სადავეები ხელიდან გაუშვა და “ქალაქელები” რომ ცოტა ზუსტნი ყოფილიყვნენ, შინ 3 ქულასაც წაიღებდნენ. ალბათ, ყველაზე სამართლიანი ამ შემთხვევაში ფრე იქნებოდა, მაგრამ “ლივერპულმა” ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო და ერთპიროვნულად ლიდერობას განაგრძობს.
კაფანდარა სტერლინგმა უკვე მე-6 წუთზე გახსნა ანგარიში, 26-ზე კი ჯერარდის ჩამოწოდებულ კუთხურს შკრტელმა თავი შეაგება და ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა. თანაც სტუმრებმა ერთ-ერთი ლიდერი, იაია ტურე დაკარგეს. კოტდივუარელმა მუხლი იტკინა და მე-19 წუთზე შესაცვლელი შეიქნა. მომენტები ჰქონდათ სუარესსა და სტარიჯს, მაგრამ შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ტაიმი კი სტუმრების დიდი უპირატესობით დაიწყო. მილნერის გამოსვლამ მათი შეტევები უფრო მწვავე გახადა. აქტიურობდა დავიდ სილვა და დაუფასდა კიდეც, 57-ე წუთზე ერთი საპასუხო გაიტანა, ამას ხუთ წუთში ჯონსონის ავტოგოლი მოჰყვა და შეიქმნა შთბეჭდილება, რომ მალე სტუმრები მესამესაც გაიტანდნენ, მაგრამ მესამე “ლივერპულმა” შეაგდო, ფილიპე კოუტინიომ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაურტყა ჯო ჰარტს - 3:2. ბოლო წუთები ნერვების თამაში იყო, მსაჯმა მასპინძელი ჰენდერსონიც გააძევა, მაგრამ საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა.
“ჩინებული სპექტაკლი იყო. ჩვენ კი ხასიათი გამოვავლინეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ვადასტურებ ჩემს პატივისცემას მეტოქის მიმართ. “სიტი” ის გუნდია, რომელსაც 15-20 წუთში შეუძლია ყველაფრის შეცვლა. ახლა “ლივერპული” დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება, პირველ ადგილზე დგომა იოლი არ არის. მაგრამ დღეს დავამტკიცეთ, რომ ამ წნეხის გაძლებაც შეგვიძლია,” – უთხრა თამაშის შემდეგ ბრენდან როჯერსმა BBC-ს.
დღის გვიან მატჩში კი ჩემპიონობის კიდევ ერთმა პრეტენდენტმა, “ჩელსიმ” სტუმრად “სუონსი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მასპინძელი უელსელები უკვე მე-16 წუთზე დარჩნენ კაცნაკლულნი, ჩიკომ მეორე ყვითელი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. ცხადია, ამან სტუმრებს ერთგვარი უპირატესობა მისცა, მაგრამ პირველ ტაიმში მათ ვერაფერი გააწყვეს. შესვენების შემდეგ კი მოურინიუმ ორი შეცვლა მოახდინა, მინდორზე ოსკარი და ეტო’ო გაიყვანა, რამაც “ლურჯების” შეტევებს მეტი სიმწვავე შესძინა. თანაც უმცირესობაში მყოფი მასპინძლები სულ უფრო იღლებოდნენ და გოლი დროის ამბავი იყო. ბას და ეტო’ოს ცოტა დააკლდათ. გადამწყვეტი გოლი კი, ისევე როგორც რამდენიმე დღის წინათ ჩემპიონთა ლიგაში, ისევ სენეგალელმა გაიტანა. ბას ღონიერი დარტყმა გამოუვიდა და ვორმი უძლური აღმოჩნდა.
მოკლედ, საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება. სათამაშო კი მხოლოდ 4 ტური დარჩა.
ლივერპული – მანჩესტერ სიტი 3:2 (2:0)
ლივერპული. “ენფილდი,” 44 601
ლივერპული: მინოლე, ჯონსონი, შკრტელი, საკო, ფლენაგანი, ჯერარდი, ჰენდერსონი, ფილიპე კოუტინიო (მოზესი 89), სტერლინგი (ლუკას ლეივა 90+5), სუარესი, სტარიჯი (ალენი 66)
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, კლიში, საბალეტა, ნასრი, დავიდ სილვა, იაია ტურე (ხავი გარსია 19), ხესუს ნავასი (მილნერი 50), ფერნანდინიო, ჯეკო (აგუერო 68)
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 1:0 სტერლინგი (6), 2:0 შკრტელი (26), 2:1 დავიდ სილვა (57), 2:2 ჯონსონი (62, საკუთარ კარში), 3:2 ფილიპე კოუტინიო (78)
გაფრთხილება: სუარესი (5); ხავი გარსია (21), ფერნანდინიო (45+1), საბალეტა (77)
გაძევება: ჰენდერსონი (90+3, “ლივერპული”)
მსაჯი: მარკ კლატენბურფგი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 1(5)-5(3), ჯარიმა: 7-9, კუთხური: 7-7, თამაშგარე: 5-1, სეივი: 3-1
სუონსი – ჩელსი 0:1 (0:0)
სუონსი. “ლიბერთი.” 20 761
სუონსი: ვორმი, უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დევისი, რუტლიჯი, დაიერი (ნ’გოგი 73), ბრიტონი (დე გუზმანი 86), შელვი, პაბლო ერნანდესი (ხორდი ამატი 19), ბონი
მწვრთნელი: გარი მონკი
ჩელსი: ჩეხი, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, ასპილიკუეტა, ვილიანი, რამირესი (ოსკარი 46), მატიჩი, სალაჰი, ბა (ობი მიკელი 79), შურლე (ეტო’ო 46)
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ
გოლი: 0:1 ბა (68)
გაფრთხილება: ჩიკო (14); შურლე (45), ობი მიკელი (86)
გაძევება: ჩიკო (16)
მსაჯი: ფილიპ დოუდი
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 5(2)-3(11), ჯარიმა: 8-13, კუთხური: 5-12, თამაშგარე: 1-2, სეივი: 2-4