ფეხბურთი

22:15 | 18.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიელის კარგმა თამაშმა „კოლხეთს“ სომხებთან ვერ უშველა

დღეს ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბოლოადგილოსანმა ფოთის „კოლხეთმა“ საშუასეზონო სამზადისში მე-6 ტესტ-მატჩი გამართა. ზღვისპირელთა მეტოქე ბათუმში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი ერთ დროს სომეხთა საამაყო გუნდი, დღესდღეობით კი „კოლხეთივით“ დასუსტებული ერევნის „არარატი“ იყო.
როგორც ზღვისპირული კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გია ეჯიბიამ გვაცნობა, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და, რაც მთავარია, უხვგოლიანი გამოდგა.
სომხები მე-4 წუთზე ნორაირ გრიგორიანის გოლით დაწინაურდნენ. „არარატის“ კართან პირველი საგოლე მომენტი 27-ე წუთზე შეიქმნა, მაგრამ ხოშტარიამ ახლოდან ააცილა ჩარჩოს. 34-ე წუთზე ერევნელთა მალელი ლეგიონერი კეიტა კოლხთა კარის დარაჯთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბუბუტეიშვილმა ფორვარდს აჯობა.
პირველი ტაიმის ბოლოსკენ ფოთელთა რიგებში ბრაზილიელი ვიტორ როსინი აქტიურობდა. ჯერ იყო და მისი თავურის შემდეგ ერევნელებმა კარის ხაზიდან გამოიტანეს ბურთი. მალევე როსინიმ ტექნიკურად აუარა გვერდი ორ მცველს და ახლოდან ძლიერად დაარტყა, თუმც „არარატის“ კიპერმა აზიზიანმა ურთულესი ბურთი მოიგერია.
მე-2 ტაიმის დასაწყისში კოლხი მცველები კუთხურისას შეცდნენ და ოგანიანმა თავისი გუნდის უპირატესობა გაზარდა.  ზღვისპირელებმა ამის შემდეგ უფრო მოინდომეს  და სათამაშო უპირატესობაც იგდეს ხელთ. 62-ე წუთზე ლორიამ საჯარიმოს კუთხიდან ეფექტური დარტყმით გაუტანა ერევნელებს. მერე „კოლხეთმა“ ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხა. ლორიას პასის შემდეგ როსინიმ თავურით შეაგდო. სოსო ფილიას საწყმსოს ამ მატჩის მოგებაც შეეძლო, მაგრამ კრასოვსკიმ 12-13 მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, ერევნელმა კარაბახტიანმა არ აპატია კოლხ მცველებს მორიგი შეცდომა და თავური დარტყმით შეარხია მეტოქის კარის ბადე. „არარატმა“ ეს მატჩი 3:2 მოიგო.


მეტოქეებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:
„კოლხეთი“: ბუბუტეიშვილი (ხარშილაძე, 46), კილასონია, ცხვიტარია, ჩადუნელი, კაკულია (სარსანია, 65), წაბრია (კრასოვსკი, 46), ხოშტარია, როსინი, ცაავა (ლორია, 46), ჯანაშია, ციცხვაია (კვანტალიანი, 46)
„არარატი“: აზიზიანი, ნორაირ გრიგორიანი, ხაჩატრიანი, საფარიანი, დავიდ გრიგორიანი (კირაკოსიანი, 55), სარქისიანი (ვერანიანი, 46), კარაპეტიანი (ვოსკანიანი, 46, კარაბახტიანი, 68), მარტიროსიანი, ოგანიანი (ნრანიანი, 64), არტურ პეტროსიანი, კეიტა (პეტროს პეტროსიანი, 85)
„კოლხეთის“ ურეკული შეკრება ამით დასრულდა.


იუზა კაციტაძე

0.152148