საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალისტი ბრაზილიის ეროვნული გუნდი გახდა, რომელმაც არგენტინასთან სამხრეთამერიკულ დერბიში 85:65 იმარჯვა.
საინტერესოა, რომ ბრაზილიელებმა პირველი ტაიმი 3 ქულის სხვაობით წააგეს, მე-2 ტაიმში კი სუსტი სათადარიგოთა სკამის მქონე მოწინააღმდგე აღარ დაინდეს და 20 ქულით იმარჯვეს.
გამარჯვებულთა რიგებში ჩინებულად გაისარჯა ნეტო, რომელმაც ძირითადი გამთამაშებელი უერტასი ჩაანაცვლა (მან ყველა ტყორცნა ააცილა) და 24 წუთში 21 ქულა ჩააგდო, თანაც თამაშიდან 10-დან 9 ტყორცნა გამოიყენა.
არგენტინელთა მხრიდან უბერებელი პრიჯიონი გამოირჩა, რომელმაც 4-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და თავი 18 ქულას მოუყარა. ისიც ვთქვათ, რომ არგენტინელებმა მეტოქეზე 2-ჯერ მეტი სამქულიანი (10:5) ჩააგდეს, თუმცა, სხვა კომპონენტებში ბრაზილიელებზე სუსტად გამოიყურებოდნენ.
ამგვარად, მსოფლიო პირველობაზე ყველა მეოთხედფინალური წყვილი გამოვლენილია: 9 სექტემბერს ბარსელონაში აშშ-სლოვენიას ეთამაშება, ხოლო ლიტვა – თურქეთს. 10-ში, მადრიდში, ერთმანეთის პირისპირ ესპანეთი-საფრანგეთი და სერბეთი-ბრაზილია დადგებიან.
საინტერესოა, ბოლო ოთხეული საწყის ეტაპზე ერთ ჯგუფში თამაშობდა. მაშინ ბრაზილიამ სერბეთს 81:73 სძლია, ხოლო ესპანეთმა საფრანგეთი 88:64 გაანადგურა.
მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში. მეოთხედფინალი. მადრიდი
ბრაზილია –
სრული სტატისტიკა
http://www.fiba.com/basketballworldcup/2014/0709/Brazil-Argentina/#|tab=boxscore_statistics