კალათბურთი

14:55 | 19.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილია უძლიერესი შემადგენლობით

ბრაზილიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რუბენ მანიანომ იმ 10 მოთამაშის ვინაობა გაახმაურა, რომელთაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობაზე თანხმობა განაცხადეს.

FIBA.com-ის ცნობით, სიაში მოხვდნენ სამხრეთამერიკელთა ის ლეგიონერები, რომლებიც ნბა-ს კლუბებში ირიცხებიან: ტიაგო სპლიტერი (“სან ანტონიო სპურზი”), ანდერსონ ვარეჟაო (“კლივლენდ კავალიერსი”), ნენე (“ვაშინგტონ უიზარდსი”) და ლეანდრო ბარბოზა (“ფინიქს სანზი”).

მათ გარდა, გუნდში იქნებიან: მარსელინიო მაჩადო (“ფლამენგო”), მარსელინიო უერტასი (“ბარსელონა”, ესპანეთი), მარკინიოს ვიეირა (“ფლამენგო”), ლერი ტეილორი (“ბაურუ”), ალექს გარსია და გილერმე ჯოვანონი (ორივე – “უნივერსო”).

აქვე ვთქვათ, რომ მანიანო დანარჩენ ორ კალათბურთელს ივლისში ვენესუელაში დაგეგმილი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის კვალად შეარჩევს, ნაკრები კი პირველ შეკრებას 20-28 ივლისს ბრაზილიაში გეგმავს.

ბრაზილია ესპანეთში დაგეგმილ მსოფლიოს პირველობაზე “უაილდ ქარდის” წყალობით მოხვდა. შეგახსენებთ, რომ მომავალ ტურნირს ესპანეთი 30 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე უმასპინძლებს, მანიანოს შეგირდები კი A ჯგუფში ესპანეთს, საფრანგეთს, სერბეთს, ირანს და ეგვიპტეს გაეჯიბრებიან.

0.119596