ფეხბურთი

18:52 | 15.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბრავო: “ინგლისი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

 

ჩილეს ეროვნული ნაკრების მეკარე კლაუდიო ბრავომ ინგლისის ნაკრებთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. ,,სკაი სპორტთან’’ საუბრისას “სოსიედადის” კიპერმა ინგლისის ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მისი აზრით, როი ჰოჯსონის გუნდი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და იგი მოუთმენლად ელის ,,უემბლიზე’’ გასამართ დაპირისპირებას.

,,მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. გვჭირდება კარგი განწყობილების შენარჩუნება მუნდიალისთვის. ასევე, როცა ეთამაშები ძლიერ ნაკრებს, გაქვს საშუალება დაინახო ნაკლოვანებები და რეალურად გაიაზრო შენი შესაძლებლობები. ინგლისელებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ, მხოლოდ რუნის, ჯერარდისა და ლამპარდის დასახელება რად ღირს. ასე რომ, ეს იქნება საკმაოდ რთული მატჩი და ალბათ ასეთ შეხვედრებს ამხანაგური არ ეთქმის. თუ გავიმარჯვებთ, ფეხბურთელთა მორალურ-ფსიქოლოგიური შესაძლებლობები ერთი-ორად გაძლიერდება ’’_ განაცხადა ბრავომ.

,,ინგლისელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები ჰყავთ, მათ ყოველთვის მოვიაზრებდი მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტად.’’

,,მათ სტადიონებზე ყოველთვის უნიკალური, ყველა სხვა ქვეყნის სტადიონებისაგან განსხვავებული გარემოა. მითამაშია ინგლისური კლუბების წინააღმდეგ და იქ არსებულმა ატმოსფერომ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა’’_აღნიშნა ფეხბურთელმა.

ჩილელ გოლკიპერს ,,სკაი სპორტის’’ ჟურნალისტმა ჯო ჰარტთან დაკავშირებითაც სთხოვა კომენტარის გაკეთება.

,,წავიკითხე გაზეთებში ჰარტის შესახებ. ვფიქრობ, იგი ძალიან მაღალი დონის მეკარეა, თუმცა ნებისმიერი ფეხბურთელის კარიერაშია წარმატებული და წარუმატებელი პერიოდი. ამდროს ფეხბურთელს სჭირდება ნდობის გამოცხადება, ეს ფაქტორი ფეხბურთელს ფსიქოლოგიურად აძლიერებს. თუ ჰარტის მიმართ  არ გამოიჩენენ ნდობას, მუნდიალს ინგლისის ნაკრები მნიშვნელოვანი პრობლემით შეხვდება’’

ბოლოს ჩილელი ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონატებს შეეხო.

,,რა თქმა უნდა უძლიერესია პრემიერლიგა,  რომელსაც პრიმერასთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო შიდა შეჯიბრებად მივიჩნევ.’’_დაასრულა ჩილელმა.

დიმიტრი შარიქაძე

0.125297