ფეხბურთი

12:18 | 20.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბოხუმმა” ქართველებზე უარი თქვა

 უკრაინის საფეხბურთო პრემიერლიგის 25-ე ტურში მარიუპოლის “ილიჩივეცმა”, სადაც თორნიკე ოქრიაშვილი და დავით თარგამაძე გამოდიან, საკუთარ მოედანზე პოლტავის “ვორსკლას” 1:0 მოუგო.

ქართველი ლეგიონერები “ილიჩივეცის” სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილან. ოქრიაშვილი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, ხოლო თარგამაძე მოედანზე ძირითადო დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე გამოჩნდა. “ილიჩივეცს” 36 ქულა აქვს და 16-გუნდიან პრემიერლიგაში მე-7 ადგილზეა.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 30-ე ტურში, “ბოხუმმა” შინ “ზანქტ პაულის” 3:0 მოუგო. მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არც ამჯერად იყვნენ ალექსანდრე იაშვილი და ნიკა გელაშვილი, რომლებიც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ნოირერმა “ბოხუმი II”-ში გაამწესა. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ქართველებს “ბოხუმის” დატოვება მოუწევთ. “ზანქტ პაულის” სასტარტოში არ იყო აკაკი გოგია, რომელიც შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა. “ბოხუმს” 32 ქულა აქვს და 18-გუნდიან მე-2 ბუნდესლიგაში მე-15 პოზიციაზეა. “ზანქტ პაული” 36 ქულით მეცამეტეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-6 ტურში მოქმედი ჩემპიონი ტაშკენტის “ფახთაქორი”, რომლის კაპიტანი კახა მახარაძეა, საკუთარ მოედანზე გათამაშების ლიდერთან, თანაქალაქელ “ლოკომოტივთან” 1:2 დამარცხდა. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა. “ფახთაქორს” 9 ქულა აქვს და 14 გუნდში მეხუთეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში რიგის “სკონტო” თანაქალაქელ “დაუგავას” სტუმრად უგოლოდ გაეყარა. შპორტაცენტრს.ცომ-ის ცნობით, “სკონტოში” ქართველ ლეგიონერებს არ უთამაშიათ, ხოლო “დაუგავას” რიგებში გიორგი დიაკვნიშვილი 81-ე წუთზე გამოჩნდა. “სკონტო” 10-გუნდიან ჩემპიონატს 8 ქულით ლიდერობს. ამდენივე ქულით მე-2 ადგილზეა “დაუგავა”, რომელსაც გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობა აქვს.

საფრანგეთის ლიგა 2-ის 33-ე ტურში, “გენგამთან” სტუმრად 1:6 წააგო “ლე მანმა”, რომლის კარს გიორგი მაკარიძე იცავდა და იღბლიანი დღე ნამდვილად არ ჰქონია. “ლე მანი” 33 ქულით 20 გუნდს შორის მე-18 ადგილზეა და გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის ქვედა ექვსეულში, თოვუზის “თურანმა” გასვლაზე განჯის “ქიაფაზი” 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულებში შეუცვლელად ითამაშა ნიკა მაისურაძემ, რომელმაც 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. თოვუზელთა შორის დავით ჯანელიძემ მეორე ტაიმი ითამაშა, ხოლო ირაკლი ბერაია სათადარიგოთა სკამზე ყოფნით შემოიფარგლა. “თურანს” 27 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზეა.

შვეიცარიის ჩელენჯლიგის (პირველი ლიგა) 24-ე ტურში “ბელინცონამ” თავის მოედანზე “ვილი” 8:0 გაანადგურა. მასპინძელთა შორის გიორგი ივანიშვილი 62-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ გოლი არ გაუტანია.

 

 

0.121069