კალათბურთი

22:17 | 15.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოუი სიკეთეს არასდროს ივიწყებს

14 მაისს დილის 4 საათზე, სამშობლოში გამგზავრებამდე, საკალათბურთო კლუბ „რუსთავის“ ლეგიონერმა, ამერიკელმა უკანახაზელმა ნეით ბოუიმ მადლიერება გამოხატა გუნდის და ზოგადად ქართული ლიგის მიმართ.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქართულ სუპერლიგას; „რუსთავის“ კლუბის პრეზიდენტს - ძალიან კარგი ადამიანია; მწვრთნელებს და ზოგადად მთელ გუნდს და კოლექტივს იმისათვის, რომ მომცეს შანსი მათთვის მეთამაშა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ წლევანდელ სეზონზე წარვადგინე „რუსთავი“.

ეს დიდი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში, რადგან მთელი წელიწადი ლიდერის პოზიცია მეკავა, მითუმეტეს არაერთ კატეგორიაში. წლევანდელ სუპერლიგაში მოვახერხე ლიდერი გავმხდარიყავი ქულების მოგროვებასა და ჩაჭრებში“ - განაცხადა ბოუიმ.

როგორც ამბობს, ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა და მოსაგონებელიც ბევრი ექნება, კარგიც და ცუდიც. ამ გამოცდილებას თავისი ადგილი უკავია მის ცხოვრებაში, რასაც აუცილებლად გაუზიარებს ოჯახსა და მეგობრებს. აღნიშნავს, რომ მოხვდა აბსოლუტურად სხვა სამყაროში, განსხვავებული კულტურით, სამზარეულოთი და სხვა ყველაფრით, რაც სრულიად ახალი იყო მისთვის და არასდროს დაავიწყდება.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს დაბრუნდება თუ არა უკან 2013-14 წლის სეზონზე, თუმცა პირობას დებს, რომ ამ საკითხზე ჩამოყალიბებისთანავე, პირველი, ვისაც საქმის კურსში ჩააყენებს, „რუსთავი“ იქნება. როგორც აცხადებს, გადაწყვეტილების მიღება ძალიან ადრეა და „რუსთავის“ ხელმძღვანელობის შეთავაზებისდა მიუხედავად, ჯერ კარგად უნდა აწონ-დაწონოს ყველა სამომავლო ალტერნატივა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოყალიბდება. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მას უკვე აქვს საზაფხულო გეგმები - საქველმოქმედო აქცია-ტრეინინგები მშობლიურ ქვეყანაში, სადაც სკოლის მოსწავლეებს კალათბურთში გადაამზადებს.

„ეს სეზონი განსაკუთრებული იყო ჩემთვის, რადგან ლიდერი ვიყავი გუნდშიც და მის გარეთაც. ამ დროს სხვაგვარი მიდგომაა საჭირო, სამაგალითო უნდა იყო. არ გამომიტოვებია არც ვარჯიში და მითუმეტეს თამაში. მივიღე წვრილმანი ტრავმებიც, თუმცა ამანაც ვერ გამაჩერა“ - ამბობს ბოუი. 

ის განიცდის „რუსთავისთვის“ წარმატებულად დაწყებული სეზონის მე-7 ადგილით დამთავრებას, იხსენებს სეზონის დასაწყისს, ქორქია-საკანდელიძის თასის შეხვედრებს და იმის მაგალითად მოყავს, რომ „რუსთავს“ სეზონი ასე არ უნდა დაემთავრებინა. თუმცა კმაყოფილია იმით, თუ როგორ წარმოაჩინა თავი ევროპულ ბაზარზე, წლევანდელ სეზონში ნაჩვენები სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე.

მოხარულია იმის დამტკიცებით, რომ ლიდერობა შეუძლია როგორც დაცვაში ასევე შეტევაში. იგი არ უარყოფს, რომ  თამაშის დროს ინდივიდუალისტია, მაგრამ მაინც სავსებით კმაყოფილია იმით, როგორც გამოიყურებოდა და თვლის, რომ სწორედ ამ ინდივიდუალისტობამ გამოარჩია.

ზაფხულში დიდი დრო აქვს იმისთვის, რათა გადახედოს თავისი აგენტის შემოთავაზებებს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ერთგულება მთავარია და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს.

ამბობს, რომ არასდროს არ უნდა დაკარგო მადლიერება მათ მიმართ, ვინც დაგასაქმა. საქართველოში ჩამოსვლამდე სხვა შემოთავაზებებიც ჰქონდა, თუმცა საუკეთესო რუსთავის აღმოჩნდა, რადგან სწორედ იმ დროს, ყველა სხვა ქვეყნიდან შეთავაზება დროებით უმუშევარს ტოვებდა და მუშაობის დაწყება უგვიანდებოდა.

რაც შეეხება სუპერლიგის მომავალ ფინალს, ბოუის განცხადებით პლეი ოფში გუნდები ძალიან კარგად გადანაწილდა: „ძალიან კარგი და ჯანსაღი კონკურენციაა, „ოლიმპიც“ და „აკადემიაც“ სუპერლიგის უძლიერესი გუნდებია. შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე კარგი ფინალი გამოვიდა. ორივე გუნდს თითქმის ერთნაირი რესურსი აქვს, 11-12 მოთამაშე, თან ორივე გუნდიდან ყველა პოზიციას ჰყავს შესატყვისი. ვინ მგონია, რომ მოიგებს, ამის თქმისგან თავს შევიკავებ. ვნახოთ“...


თეგებინეით ბოუი
0.168703