თბილისის დროით 20.00 საათზე ბორნემში (ანტვერპენიდან 30 კმ) დაიწყება საქართველოს 19 წლამდელ საფეხბურთო ნაკრების მატჩი ინგლისის ნაკრებთან. ეს ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი შეხვედრაა. ბორნემში ბოლო დღეები წვიმდა, დღეს ცოტა გამოიდარა, მაგრან მაისის ბოლოსთვის ძალიან ცივა-დილიდან პლუს 5 გრადუსი იყო, დღისით - 9, საღამოს კი 6 გრადუსი იქნებაო.
ანტვერპენიდან ბორნემში ელიტრაუნდის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა ბატონმა მარკ ვან გრეენმა ჩაგვიყვანა. მას ეს არ ევალებოდა, მაგრამ მან გამოიჩინა ყურადღება. გვითხრა,რომ საქართველოდან იშვიათად ჩამოდიან ჟურნალისტები ბელგიაში მიმდინარე შეჯიბრებებზე. მან პირადი მანქანით ჩამოგვიყვანა ანტვერპენიდან ბორნემში.
აქაური სტადიონი მდებარეობს შუაგულ ტყეში, ტრიბუნებზე ეტევა დაახლოებით 700 ადამიანი. ჯერ უცნობია რამდენი მაყურებელი დაესწრება მატჩს,მოსალოდნელია ქართველთა დასწრებაც - ისინი ჩამოდიან ბელგიის სხვადასხვა ქალაქებიდან. როგორც შევიტყვეთ, ჩვენი ნაკრების ქომაგების რიგებში ბორნემში იქნებიან ბელგიაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ქართული დიასპორის აქტიური წარმომადგენლები. აქვე იქნება მეხელენში მცხოვრები ვეტერანი ფეხბურთელი, თბილისის დინამოს და სსრკ ჭაბუკთა ნაკრების ყოფილი ფორვარდი გია ჭინჭარაული და მისი 11 წლის შვილი საბა, რომელიც ბელგიის ბავშვთა უმაღლეს ლიგაში კლუბ "კვ მეხელენის" შემადგენლობაში თამაშობს.
საქართველოს ნაკრები ჩავიდა ანტვერპენიდან ბორნემში მატჩის დაწყებამდე 1,5 საათით ადრე. მწვრთნელები და ფეხბურთელები დღეს თავს იკავებენ რაიმე კომენტარებისგან. გუშინ საღამოს კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გვითხრა, რომ "გუნდში კარგი განწყობაა, აქტიურად ვემზადებით სამივე მატჩისთვის". შეკითხვაზე "ვინ არის ელიტრაუნდის ამ ჯგუფის ფავორიტი?" ბატონმა გიამ დაუყოვნებლად გვიპასუხა - "საქართველო" და ჩემი ცოტაოდენი გაკვირვების შემდეგ გაიცინა. მივხვდი, რომ ნახევრად ხუმრობით თქვა. კარგი იქნება, თუ ეს ხუმრობა გამართლდება
თენგიზ პაჭკორია
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო
ბელგია, ბორნემი, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის







