ქართულ ძიუდოში რომ ყველაფერი რიგზე ჯერაც ვერაა, იქიდანაც ჩანს, რომ ორიოდ წლის წინ ბინძური დაპირისპირებებისას საქმეს უსამართლოდ ჩამოშორებული არაერთი ღირსეული სპეციალისტი დღესაც უსაქმოდაა და მათ დაბრუნებაზე ზრუნვა, აქამდე არავის ახსენდება. წლების წინანდელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ბორის ფირცხელიანი, 6-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, 2009 წლის შემოდგომაზე, თანამდებობიდან ხაბარელის გუნდის წევრობის გამო გაანთავისუფლეს. მწვრთნელს, რომლის გუნდიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებიდან მუდმივად მედლებით დახუნძლული ბრუნდებოდა, მალევე, რიგითი მწვრთნელის ხელფასიც მოუხსნეს და უკვე მეორე წელია, ძიუდოს გვერდიდან ადევნებს თვალს. შიდა ტურნირებისას ძიუდოზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ოფიციალური ინტერვიუს მოცემისგან ყოველთვის თავს იკავებდა, არ მინდა ჩასაფრებულის პოზიციიდან ლაპარაკი დამაბრალონო. ამ დღეებში, ინტერვიუზე მაინც დავითანხმეთ და არაერთ საინტერესო საკითხზეც ვესაუბრეთ.
- უკვე ორი წელია, ნაკრებს ჩამოგაშორეს. სად გააგრძელეთ საქმიანობა?
- არსად. ამჟამად მთელი ჩემი სპორტული საქმიანობა იმით შემოიფარგლება, რომ შიგადაშიგ ტელეფონით ვუწევ კონსულტაციებს ჩემს ყოფილ შეგირდებს. ხანდახან დარბაზშიც მივდივარ და ტრიბუნიდან ვადევნებ თვალს მათ ვარჯიშს, მაგრამ დიდხანს ვერ ვძლებ. ტატამზე შესვლის სურვილი ისე შემომაწვება ხოლმე, გარეთ გამოვრბივარ. ისევ ძიუდოთი ვცხოვრობ, ოღონდ, უკვე საყვარელ საქმესთან ძველებურად ახლოს ვეღარ ვარ. ისე ნამდვილად არ გავბოროტებულვარ, რომ გულში ღვარძლი ჩავიდო და მხოლოდ ცუდის ძებნა დავიწყო. ღმერთია მოწმე, ყველა სიახლეში დადებითის დანახვას ვცდილობ.
- 2009 წელს, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი თვით ადრე გაგანთავისუფლეს. არადა, იქამდე, 6 წლის განმავლობაში თქვენი გუნდი სტაბილური შედეგიანობით გამოირჩეოდა...
- მსოფლიოს პირველობამდე თვეზე ნაკლები რჩებოდა, მაგრამ არ დამაცადეს. იმიტომ რომ, ისევე წარმატებულად გამოვიყვანდი გუნდს, როგორც მსოფლიოს წინა ჩემპიონატებზე და გაშვება უფრო არალოგიკური გამოვიდოდა. თუმცა, იმავე წლის ევროპირველობაზე და წინა წლების დიდ ტურნირებზეც, მართლაც თითქმის სულ წარმატებებს ვაღწევდით. არასოდეს მითქვამს და ახლა გაგიმხელთ: 2009 წელს, სიტუაცია რომ არიეს, სპეციალურად მიშლიდნენ ხელს, რომ როგორმე ახალგაზრდულ ნაკრებს ფეხი დასცდომოდა. უფროსთა ნაკრების მსგავსად, ჩვენთანაც სცადეს ძიუდოისტებს შორის განხეთქილების მოწყობა და სიტუაციის არევა, მაგრამ იმდენად შეკრული და მეგობრული გუნდი მყავდა, რომ ბიჭებმა გაუხმაურებლად, თავადვე მოაგვარეს პრობლემა. მე მათთვის მარტო მწვრთნელი არ ვიყავი. ყველასთან ინდივიდუალური, მეგობრული დამოკიდებულება მქონდა. რომ გამომიცხადეს, განთავისუფლებული ხარო, ბიჭებმა გადაწყვიტეს, მხარი ბოლომდე დაეჭირათ, მაგრამ პირადად ვთხოვე, პროტესტით საქმეს არ ეშველება-მეთქი.
- როგორც ვიცი, შევიწროვება ამითაც არ დამთავრებულა...
- რა თქმა უნდა. დიღმის დარბაზში ჩემს ჯგუფთან ვარჯიშებს მაინც ვატარებდი და მწვრთნელისთვის დაწესებულ ხელფასს – 500 ლარს ვიღებდი, მაგრამ რამდენიმე თვეში შემცირებაში მოვყევი და სულ უსაქმოდ დავრჩი.
- რა მიზეზით შეგამცირეს?
- შედეგიანობისთვის რომ არ შეუხედავთ, ფაქტია. უბრალოდ, პირადი “სიმპათიის” გამო.
- და რა შეიცვალა ამ ორ წელიწადში ქართულ ძიუდოში?
- ერთ წელიწადზე მეტხანს, ქართული ძიუდო კვლავ უმძიმეს დღეში იყო. კლანური დაპირისპირება არა და არ სრულდებოდა. მერე კი, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერი ჩამოიყვანა და ეს საოცრად გონიერი გადაწყვეტილება იყო. ამ გზით, კლანურ ბრძოლას გასაქანი აღარ მიეცა. უცხოელი მწვრთნელისთვის სულ ერთი იყო, ვინ რომელ მხარეს იდგა, ყველას ერთნაირად უყურებდა, მაგრამ მეორე საკითხია, როგორ წაიყვანა ამ მწვრთნელმა უშუალოდ თავისი საქმე.
- რამდენიმეჯერ დამინახიხართ, ზაიზენბახერის ვარჯიშებს ტრიბუნიდან ადევნებდით თვალს...
- ხშირად არა, მაგრამ შიგადაშიგ ჩემს მოწაფეებზე დასაკვირვებლად მივდიოდი ხოლმე დიღმის დარბაზში. რჩევებსაც ვაძლევდი ბიჭებს, ოღონდ, უშუალოდ ზაიზენბახერის ვარჯიშებისას არა.
- როგორ შეაფასებთ ნაკრების უცხოელი მწვრთნელის ვარჯიშებს?
- მე მხოლოდ ტატამზე მზადებას დავესწარი და პირველი, რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია, ეს იყო აზიური სტილი. ძალიან მესიამოვნა, რომ დავინახე ამაზე მეტ ყურადღებას ამახვილებდა. არც დამიმალავს, ბიჭებსაც ვუთხარი, ძალიან საჭირო სიახლეა-მეთქი. მაგრამ ნელ-ნელა საქმე ისე წავიდა, რომ ამ აზიური სტილით ქართულის ჩანაცვლება დაიწყო. ქართული ილეთები, რომლებიც ჩვენი წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა იყო, ახალმა მწვრთნელმა მთლიანად ამოიღო ხმარებიდან. თუნდაც მარტო “გადავლებული” ავიღოთ. ბიჭებს ამ ილეთის გაკეთება პირდაპირ აუკრძალა. ეს არაფრით არ შეიძლებოდა. აზიელებს და ევროპელებს მათი სტილით ვერ ვაჯობებთ. ყოველთვის ქართული ილეთებით გავდიოდით ფონს. ზაიზენბახერს კი, რატომღაც, ქართულ სტილზე ალერგია აქვს. არადა, უცხოელებიც კი ცდილობენ ჩვენგან აღებული ილეთებით ფონს გასვლას და ხშირ შემთხვევაში, წარმატებასაც აღწევენ. ჯარჯი ზვიადაურის ჭიდაობა ავიღოთ და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი დაიკი ნიშიამასთვის გაკეთებული ილეთი გავიხსენოთ. სუფთა ქართულ სტილს ჭიდაობს და აბა, მოუძებნეთ ნაკლი. თუ მეტყვით, ბოლო წლებში საქართველოს რომელი სკოლა აღწევს ძიუდოში ყველაზე დიდ წარმატებებს? გორის სკოლა! იმიტომ, რომ იქაურები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ქართულ სტილს და ტრადიციულ ქართულ ჭიდაობას. წლეულს ჭაბუკთა შორის ყველა ტურნირის მომგები ბექა ღვინიაშვილი და ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილიც, გორის წარმომადგენლები არიან.
- მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატს, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა?
- არანაირად. ტურნირის წინა დღეებში რომ შტანგაზე ივარჯიშებ, წარმატებაზე ფიქრიც იქვე უნდა დაასრულო. დარწმუნებული ვარ, ამ ექსპერიმენტს მსოფლიოში არავინ მიმართავს. ძალიან მეეჭვება, იმ ვარჯიშში ცირეკიძეს მიეღო მონაწილეობა. მან ერთი მთავარი სანაკრებო შეკრებაც გამოტოვა. უფრო ზუსტად, დასაჯეს და გამოატოვებინეს. რომ წაეყვანათ, ისე გადაწვავდნენ, რომ მსოფლიოზე სამეულში ისიც ვეღარ შევიდოდა. სპეციალური გეგმის შედგენა და ბაკურიანული ფიზმომზადების შეკრებები ჩვენი ახირება არ იყო. მოსამზადებელი ეტაპები დღეებში გვქონდა გათვლილი, სპორტსმენები ფორმის პიკზე უშუალოდ ტურნირის დროს რომ ასულიყვნენ.
- მაგრამ ფაქტია, გამძლეობის მხრივ, რაც ქართული ძიუდოს უდიდესი პრობლემა იყო, ზაიზენბახერის გუნდში მოსვლის შემდეგ, პროგრესი აშკარად გამოჩნდა...
- ასი პროცენტით გეთანხმებით, მაგრამ ეს პროგრესი რის ხარჯზე გამოჩნდა, ნურც ამას დავივიწყებთ. კარგი იქნება, თავად ძიუდოისტებს ჰკითხოთ. არაადამიანურმა დატვირთვებმა უკვე არაერთი პრობლემა შეუქმნათ. ნაკრების რამდენიმე წევრი თიაქარმა შეაწუხა. ეს ბიჭები გლადიატორები არ არიან. კი ბატონო, დღეს ძიუდოში არიან, მაგრამ წინ მთელი ცხოვრება აქვთ. რატომ ვაინვალიდებთ? შუკვანმა და ქარდავამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმების გამო ვერ შეძლეს ჩვეულად ჭიდაობაო რომ ამბობენ, ერთხელ მაინც უთქვამთ, რამ გამოიწვია ის ტრავმები? ჭიდაობისას დაშავდნენ? არა. გაუმართლებელმა ფიზიკურმა დატვირთვამ ძალიან სერიოზული პრობლემები შეუქმნათ. საბედნიეროდ, მდგომარეობა სავალალო არაა და მკურნალობის შემდეგ ორივე შეძლებს ტატამზე დაბრუნებას.
- ცალკე გკითხავთ ვარლამ ლიპარტელიანზე, რომელიც თქვენი ახალგაზრდულ ნაკრებში ყოფნისას არა თუ თავის ასაკში, უფროსებშიც კი თითქმის ყველა ტურნირს იგებდა. ბოლო წლებში კი, პოზიციები აშკარად დათმო...
- რამდენიმე უმთავრეს მიზეზს გეტყვით. პირველი – როცა ლიპარტელიანი ჭიდაობს, “მიდი მიდი იჭიდავე”-ს ძახილი არანაირად არ სჭირდება. ძიუდოისტთა 90 პროცენტისთვის ეს შეძახილი სასარგებლოა, ოღონდ არა ლიპარტელიანისთვის. ამას სულ სხვანაირი, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. ძალიან ფეთქებადია, თან სულ ჩქარობს და ამ მხრივ შეგულიანება ზედმეტია. კიდევ უფრო მეტად ჩქარობს ხოლმე და კონტრ-ილეთზე ვარდება. სწორედ კონტრ-ილეთებით წააგო ბოლო წლებში თითქმის ყველა პრინციპული შეხვედრა. მეორე მიზეზი – მისი საფირმო ილეთი, ფეხში შესვლა აიკრძალა და ახალ სტილზე გადაწყობას დრო დასჭირდა, მაგრამ ამას ვერ დავაბრალებ წარუმატებლობას. ვარლამ ლიპარტელიანი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ძიუდოისტია და იმ საფირმო ილეთის გარეშეც არ გაუჭირდებოდა ფავორიტობა. მესამე მიზეზი – ფსიქოლოგიური ბარიერი. წარუმატებლობებმა ძალიან დააკომპლექსა და თავდაჯერებულობა დააკარგვინა. ეს ძალიან სათუთი პრობლემაა, მაგრამ არა გამოუსწორებელი. სწორი მიდგომით, ისევ ძველ ლიპარტელიანს მივიღებთ. ჩემი აზრით, ასეთ სპორტსმენს მოსამზადებელი ციკლისას შედარებით მეტი თავისუფლება უნდა მისცე. მარტო წინასწარ დაწესებულ ჩარჩოებში არ უნდა გამოკეტო. თავადვე უნდა აკონტროლებინო საკუთარი სამზადისი, ოღონდ, ზომიერების ფარგლებში. ეს შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მეოთხე და უმთავრესი მიზეზი – წლების წინანდელი ლიპარტელიანი გაცილებით ელასტიური იყო. როგორი გდებაც არ უნდა გაეშვა, ჰაერში საოცრად მოკლე დროში შეტრიალებას ახერხებდა და მუცელზე ვარდებოდა. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ ნიშიამასთან ვაზარზე დავარდა, ასეთ გდებას 2-3 წლის წინ არავითარ შემთხვევაში არ გაატარებდა, მაგრამ უაზრო ფიზიკურმა დატვირთვამ ელასტიურობა დააკარგვინა. გახისტდა. შტანგაზე მხოლოდ ხელის კუნთების გასაძლიერებელი ვარჯიშები უნდა გააგრძელოს და არც ეს პრობლემაა მოუგვარებელი. თუ ამ ოთხ მიზეზს მიეხედება, ძველ ვარლამ ლიპარტელიანს დავიბრუნებთ, რომელიც ყველა დიდ შეჯიბრზე ფავორიტად ითვლებოდა.
- ზოგადად, ქართული ძიუდოს წარუმატებლობის ხანიდან გამოსავალს, რაში ხედავთ?
- ყველაზე კარგი გამოსავალია, ყველამ დაივიწყოს შური, ღვარძლი და ქრისტიანულად იაზროვნოს. საკუთარ კეთილდღეობაზე, ან უბრალოდ, ბოროტულ პრინციპებზე წინ, საქმე დააყენონ. ყველაზე დიდი ვაჟკაცობა მიტევებაა და ამიტომ, ნურც სხვის ბოღმას ჩაიდებენ გულში. ამ სიბინძურეებმა ქართული ძიუდო ძალიან დახია უკან. ბევრი ნიჭიერი ძიუდოისტი დაზარალდა. თუნდაც ლაშა გუჯეჯიანი, რომელიც ერთადერთია მთელ მსოფლიოში, ტედი რინერი რომ დაჩაგრა. ამ ტალანტის გამოყენება ჯერ კიდევ შეიძლება.
- ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს თუ ადევნებდით თვალყურს?
- რამდენიმე კვირაა სვანეთში ვარ, ჩემს ძველ სახლში. არც ტელევიზორი მაქვს და არც ჟურნალ-გაზეთებს ვყიდულობ. მესტიის სოფელ წვირმში ჩემს ძმასთან ერთად ეკლესია ავაშენე და ახლაც მასზე ვმუშაობ. ძიუდოს სიახლეებს ტელეფონით მატყობინებდნენ. ბოლო დღეების მოვლენების დეტალურად შეფასება აქედან ძალიან გამიჭირდება. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ქართულ ძიუდოში ჯერაც ბევრი შურია.
ოთარ მაღლაკელიძე







