აგვისტოს მიწურულს ჩასატარებელი მატჩი ქუთაისში, “ტორპედოს” და თბილისის “ვიტ ჯორჯიას” შორის დღეს შედგა. გუნდები, რომელთა სტარტს წარმატებულად ნამდვილად ვერ შევაფასებთ, დაახლოებით 1000-კაციანი პუბლიკის წინაშე წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ. გამოცდილი ქუთათურების და ახალგაზრდა ვეტერინარების პაექრობას მშვენიერი საფეხბურთო ამინდიც თან დაერთო.
შეხვედრა მასპინძელთა სახიფათო მომენტებით დაიწყო. დებიუტშივე რიონისპირელთა სწრაფი კონტრშეტევა ტუღუშის დარტყმით დასრულდა, რომელიც ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ქუთაისელთა შემტევის მცდელობას ერთ-ერთი ვიტელი გადაეღობა და სახიფათო სიტუაციაც განიმუხტა. მალევე ოთარ კვერნაძეს მიეცა გატანის შანსი, როდესაც ჩიკვილაძის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, თუმცა სტუმართა კარი ამჯერადაც გადარჩა - ბურთი გეთიაშვილს მოხვდა და ვიტელთა კარიც ხელუხლებელი დარჩა.
ასეთი დასაწყისის მიუხედავად, ერთი რამ პირველ ტაიმში ნათლად გამოჩნდა. ბურთის ფლობაში აღმოსავლელები აქტიურობდნენ, თუმცა სახიფათო მომენტებს უფრო ქუთაისელები ქმნიდნენ. მე-17 წუთზე უხეშად შეცდა მურუსიძე, რომლის წყალობითაც შეროზიასთან პირისპირ კვერნაძე აღმოჩნდა. ტორპედოელთა ახალგაზრდა ფორვარდმა ბურთიანად 40 მეტრი ირბინა, ოღონდ მეტოქის საჯარიმოში შესულმა უფრო მახვილი კუთხისკენ აიღო გეზი და ძლიერად დაარტყა. თბილისელთა მეკარემ შეძლო ბურთის ფეხებით დაჭერა და სიტუაციის განმუხტვა. ისე ამ მომენტში ჯობდა კვერნაძეს პასი საჯარიმოში მეორე მხრიდან შეჭრილი ფიფიასათვის გადაეწოდებინა, რომელსაც გატანაში ალბათ ხელს ვერავინ შეუშლიდა. ამ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე, ფიფიას გადაცემას დროულად ვერ გამოეხმაურა კვერნაძე, თორემ მას კიდევ ერთხელ მიეცემოდა მოწინააღმდეგის კიპერთან პირისპირ გასვლის შანსი.
ნელნელა სახიფათოდ დედაქალაქელებმაც შეუტიეს. მართალია, მათ ისეთი რეალური მომენტები არ ჰქონიათ, მაგრამ მაინც აღსანიშნავია კურდღელაშვილის სახიფათო ჩაწოდება, რომელსაც კახაბრიშვილი წამის მეასედით ჩამორჩა, თორემ “ტორპედოს” კიპერს ძალიან გაუჭირდებოდა რეაგირების მოხდენა. 24-ე წუთზე კი ქუთათურთა კარისკენ აბრაგანით გეთიაშვილი ურტყამდა, თუმცა არაზუსტად. ანალოგიური მცდელობა ჰქონდა ათ წუთში რიონისპირელ ტუღუშს, რომლის დარტყმის შემდეგაც გოლი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ ვეტერინართა კარის დარაჯმა შეროზიამ ისეთი “სეივი” გააკეთა, მსოფლიოს ნებისმიერი რანგის მეკარეს შეშურდებოდა. ჯონიმ სასწაულებრივ ნახტომში შეძლო ბურთის კუთხურზე გადაგდება. თითქმის მაშინვე საჯარიმოს მისადგომებდან ჩიკვილაძე დაემუქრა ცაციათი ვიტელთა კარს, მაგრამ შეროზიამ ამჯერად ბურთის დაუფლება მოედნიდან გადაგდების გარეშე მოახერხა.
ამის შემდეგ ტაიმის მიწურულამდე საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით საბაძის შორეულ დარტყმას, რომელსაც ქუთაისელთა კარის დარაჯი უპრობლემოდ დაეუფლა. შესვენებაზე კი გუნდები მშრალი ანგარიშით გავიდნენ.
შესვენებისას ტორპედოელთა დამრიგებელმა ორმაგ ცვლილებას მიმართა. ძოძუაშვილმა ტუღუშის და კვერნაძის ნაცვლად მოედანზე მარკოზაშვილი და ბაბუნაშვილი გამოიყვანა. უნდა ითქვას, რომ ამ ცვლილებებმა მოედანზე თამაშის განახლებისას არსებულ სიტუაციაზე მკვეთრად უარყოფითად იმოქმედა. ფაქტობრივად, ქუთაისელთა შეტევებმა სიმძაფრე დაკარგა. პირველად მეტოქის კარისკენ დარტყმა ტორპედოელებმა 63-ე წუთზე განახორციელეს, როდესაც ფიფიას პასის შემდეგ არაზუსტად ჩიკვილაძემ დაარტყა. ყველაზე სახიფათო კი ჩადუნელის თავური დარტყმა იყო, როდესაც ქუთაისელთა მარცხენაფლანგელი ახლო მანძილიდან ცდილობდა გატანას, მაგრამ ბურთს ნორმალურად ვერ შეწვდა და კარსაც ააცილა. ამ მომენტისას ჩადუნელს კარგი გადაცემა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ტაბატაძემ გაუკეთა. ამის შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ხელსაყრელი ადგილიდან სტანდარტული დარტყმა, რომელიც ბონდარენკომ შეასრულა, თუმცა შეროზიას ბურთის დაუფლება არ გაჭირვებია.
შედარებით დაძაბული და თვალსასეირო გამოდგა მატჩის ეპილოგი, როდესაც მოედანზე სიტუაცია რამდენიმეჯერ დაიძაბა. 78-ე წუთზე ფიფიას გადაცემის შემდეგ ჩიკვილაძემ მიიღო საჯარიმოს მისადგმებთან ბურთი, ოსტატურადაც დაარტყა და შეროზიაც უშანსოდ დარჩა, მაგრამ ვეტერინარები ძელმა იხსნა და სიტუაციაც განიმუხტა. ცოტა ხანში მოედანზე წაკინკლავება მოხდა ფეხბურთელებს შორის, რომლის შედეგადაც მატჩის არბიტრს არსენ ნონიკაშვილს ყვითელი ბარათების ჩვენება მოუხდა.
მატჩის მიწურულს, 88-ე წუთზე მასპინძლებმა როგორც იქნა გოლის გატანა მოახერხეს. რიონისპირელებმა კუთხური გაითამაშეს და ბურთი ფიფიას მიუვიდა, რომელმაც დიდებულად ითამაშა საჯარიმოს მისადგომებთან - ორი მეურვე ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და გამოზომილად ჩააწოდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში, სადაც ყველას მაღალ ნახტომში ბონდარენკომ აჯობა და თავით ანგარიში გახსნა – 1:0. ამ სიტუაციაში უკრაინელი ყველა თბილისელზე მაღლა ახტა და თავისი პირველი გოლიც გაიტანა საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც “ტორპედოსათვის” სამი ქულის მომტანი აღმოჩნდა.
ზურაბ ბერიძე (“ვიტ ჯორჯია”): “დასანანი გოლი გავუშვით, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ თამაში ბოლო წუთამდე გრძელდება. ბიჭებმა ბოლოსკენ კონცენტრაცია დაკარგეს და ამისათვის დაისაჯნენ. ერთი რამ ცხადია, ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა თამაში გავაუმჯობესოთ და სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებზე დავიმკვიდროთ ადგილი. “ტორპედოს” ვულოცავ გამარჯვებას ”.
რევაზ ძოძუაშვილი (“ტორპედო”): “კარგი თამაში იყო. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. ტუღუში და კვერნაძე იმიტომ შევცვალეთ, დღეს მათ დღე ნამდვილად არ იყო. დაცვის თამაში შედარებით მოვაწესრიგეთ, ახლა შეტევის ხაზის დალაგებას ვცდილობთ. სასიამოვნოა, რომ მოწვეულმა ფეხბურთელმა თავი გამოიჩინა”.
“ტორპედო” – “ვიტ ჯორჯია” 1:0 (0:0)
16 სექტემბერი. 16:00. ქუთაისი. “ცენტრალური”. 1000 მაყურებელი
“ტორპედო”: თებიძე, თოდუა, მახვილაძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე, ტაბატაძე, ჩიკვილაძე, ჩადუნელი (ქებურია, 74), ტუღუში (მარკოზაშვილი, 46), კვერნაძე (ბაბუნაშვილი, 46), ფიფია.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი
“ვიტ ჯორჯია”: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე (ღიბრაძე, 63), გახარია, მაისურაძე, დადიანი (თათხაშვილი, 59), კურდღელაშვილი, კახაბრიშვილი, კუხალეიშვილი (ლობჯანიძე, 59).
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
გოლი: 1:0 ბონდარენკო (88).
გაფრთხილება: ტუღუში (41), ჩიკვილაძე (80), მაისურაძე (80), ფიფია (83).
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)