პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ახალგაზრდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ევროპის 2014 წლის ყველა ჩემპიონ-პრიზიორი გამოავლინეს. დღეს კი ხალიჩა ბერძენ-რომაელებს დაეთმოთ და უკვე ნახევარი საქმეც მოამთავრეს. მედლები ოთხ წონით კატეგორიაში: 50, 60, 74 და 96 კილოგრამებში გათამაშდა. საქართველოს ნაკრებს წარმომადგენელი ოთხივე წონაში ჰყავდა და ორმა მათგანმა პოდიუმზე ასვლაც შეძლო. გელა ბოლქვაძე (74 კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა, კუკური კირცხალიამ (96 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ბოლქვაძე ოქროს გზას თურქი ფურკან ბაირაკის ძლევით (2:2 3:1) შეუყვა, შემდეგ ხორვატი ფილიპ საჩიჩი (2:0 3:2) და უკრაინელი ანდრეი ანტონიუკი (8:0) დაამარცხა. ფინალში კი მოლდოველ მიხაილ ბრადუს აჯობა (2:2 4:0).
კირცხალიამ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ევროპის მომავალ ჩემპიონთან, ნორვეგიელ ფელიქს ბალდაუფთან წაგებით (4:4 0:4). იქამდე გერმანელი ნიკო ბრუნერი (3:0 7:0) და რუსეთის ნაკრების წევრი მურატ ლოკიაევი (0:1 1:0) ჩამოიცილა. რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანელ ორხან ნურიევს მოუგო (1:0 2:0).
60 კილოგრამში მოჭიდავე მურად მიქელაძეს საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ძირითად ბადეში თურქი აჰმეთ უკარისა (4:4 5:0) და რუმინელი მიჰალ მიჰუტის (2:0 3:0) ძლევის შემდეგ, ზედიზედ ორჯერ წააგო: ნახევარფინალში ფრანგ იასინ ოზაისთან (0:5 2:0) და რეპეშაჟის ფინალში გერმანელ ეტიენ კინსინგერთან (0:3 0:0) და ევროპირველობა მეხუთე ადგილით დაასრულა.
ქართული გუნდის წევრთაგან ფინალურ ბლოკს მიღმა მხოლოდ შოთა ღლონტი (50 კგ) დარჩა, რომელიც ევროპირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა – სომეხ მურად ჰარუთინიანთან (0:8) დაჭიდების შემდეგ.
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს – 22 ივნისს მედლების ბოლო ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: გიზო მელაძე (55 კგ), შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), ლაშა გობაძე (84 კგ) და ბექა კანდელაკი (120 კგ).