საქართველოს ნაკრებს მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევებში სტუმრად სულ 6-ჯერ მოუგია და ბოლო ასეთი შემთხვევა 2006 წლის 16 აგვისტოს მოხდა, როცა კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა ფარერები 6:0 გაანადგურა. მას შემდეგ ქართველებმა რამდენიმე ამხანაგური მოიგეს გასვლაზე, მაგრამ ოფიციალურში ვერა და ვერ იმარჯვეს.
ფარერული მატჩიდან კი 74 თვეა გასული. ახლოს ვიყავით შარშანწინ ამ დროს, როცა ლატვიას ბოლო წუთამდე ვუგებდით დავით სირაძის გოლით და ალექსანდრს ცაუნიამ ბრწყინვალე გოლით გაათანაბრა.
საქართველოს ნაკრების სტატისტიკა შესარჩევის გასვლით მატჩებში: 44 მატჩი, 6 მოგება, 5 ფრე, 33 წაგება, ბურთები 43:87.
გავიხსენოთ ექვსივე გამარჯვება. პირველი იყო ალბანეთში 1994 წელს (1:0), როცა შოთა არველაძემ მე-19 წუთზე გაიტანა და დარჩენილ დროში აკაკი დევაძემ რამდენჯერმე გადაარჩინა ქართველთა კარი. ძელებიც დაგვეხმარა.
იმავე, პირველ შესარჩევში ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილებმა უელსში გიორგი ქინქლაძის ჯადო-გოლით 1:0 იმარჯვეს. პირველი ტაიმის შუაში უელსელი ვინი ჯონსი მიხეილ ყაველაშვილს ძალიან ეუხეშა და წითელი ბარათი მიიღო. ქართველები უტევდნენ და 73-ე წუთზე "ქინქიმ" მეკარე ნევილ საუთჰოლს საჯარიმოს გარედან ეფექტურად გადაუგდო ბურთი თავზე.
მუნდიალ-1998-ის შესარჩევში ქართველებმა სტუმრად მოლდოვას 1:0 აჯობეს და გოლი ნაკრების ახლანდელმა თავკაცმა თემურ ქეცბაიამ გაიტანა მე-10 წუთზე.
2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ლიტვა 4:0 გაანადგურა. მაშინ ნაკრებს დავით ყიფიანი-რევაზ ძოძუაშვილის დუეტი თავკაცობდა. ქეცბაიამ პირველ ტაიმში შორეული დარტყმებით დუბლი შეასრულა, მეორე ნახევრის დასაწყისში ქინქლაძემ შეაგდო, ხოლო ბოლოს არჩილ არველაძემ მეკარესთან პირისპირ გასვლა გამოიიყენა. ანგარიში სრულად ასახავდა თამაშის სცენარს - ლიტვა დემორალიზებული იყო.
2006-ის მუნდიალის შესარჩევში გაიოზ დარსაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ყაზახეთში 2:1 იმარჯვა. პირველი ტაიმი ქართველებმა წააგეს, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში გიორგი დემეტრაძემ გაათანაბრა და ბოლოს ასევე "დემემ" თავურით გაამარჯვებინა სტუმრებს. ეს შესარჩევებში პირველი შემთხვევა იყო, როცა ქართველები აგებდნენ და მოიგეს.
და ბოლოს ფარერებზე 6:0. კუნძულელთა რბევა დავით მუჯირმა დაიწყო - "მუმუმ" შორიდან უძლიერესი დარტყმით ლამაზი გოლი მიითვალა. შემდეგ იყო ალექსანდრე იაშვილის ახლოდან გატანილი, რასაც შოთა არველაძის ჰეთ-თრიქი და ლევან კობიაშვილის პენალტიდან გატანილი მოჰყვა. შოთა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც საქართველოს ნაკრებში შესარჩევის შეხვედრებში ჰეთ-თრიქი გაუხერხებია.
საქართველომ გასვლითი 44 მატჩიდან მხოლოდ 5-ჯერ შეინახა კარი მშრალად და 15 მატჩი იყო, რომელშიც გოლის გატანა ვერ შესძლო. ქართველებმა სტუმრად 7-ჯერ წააგეს დიდი ანგარიშით.
უშუალოდ გასულ შესარჩევში ქართველებმა 5 გასვლიდან 3 ფრედ დაასრულეს და ორი წააგეს. სამივე ფრის შემთხვევაში, ვიგებდით და 1:1 დასრულდა - საბერძნეთთან, ლატვიასთან და მალტასთან.
ვიგებდით ხორვატიასთანაც, მაგრამ ბოლოს მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს.
ვნახოთ, როგორი იქნება 45-ე სტუმრობა. ვისურვებდით, რომ ნაკრებმა ისტორიაში მეშვიდე გასვლითი გამარჯვება მოიპოვოს.
ილია ნანობაშვილი