ფეხბურთი

3:42 | 13.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო მეოთხედფინალისტ(ებ)ის მოლოდინში

დღეს, მიუნხენსა და მალაგაში გასამართი მატჩებით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი დასრულდება. 6 მეოთხედფინალისტი უკვე ცნობილია. დღეს უნდა გაირკვეს, მოახდენს თუ არა “არსენალი” სასწაულს და ასევე ის, მოახერხებს თუ არა “მალაგა” “პორტუსთან” არსებული ერთბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრასა და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გასვლას.

 

ბაიერნი-არსენალი (პირველი მატჩი 3:1)

შესწევს თუ არა “არსენალს” იმის ძალა, რომ “ბაიერნთან” არსებული ძალზე დიდი ჩამორჩენა აღმოფხვრას? ალბათ არა. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს გუნდებს შორის 3 კვირის წინათ გამართული თამაში, დაფიქსირებული შედეგი, ამჟამინდელი ფორმა და მთლიანად სეზონი გვაძლევს. იმ დროს, როდესაც “ბაიერნი” ბუნდესლიგაში რეკორდს რეკორდზე ამყარებს, “არსენალი” ჩემპიონთა ლიგის ზონასთან მიახლოება/დაშორებითაა დაკავებული და ამავე დროს, არსენ ვენგერის შეგირდებს არც ევროპის ლიგის საგზური აქვთ განაღდებული.

“ბაიერნი” მატჩს შესანიშნავ ფორმაში ხვდება. მიუნხენელებს 2013 წელს ყველა თამაში მოგებული აქვთ. მართალია, ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ფორტუნას” წინააღმდეგ, იუპ ჰაინკესის შეგირდებს გაუჭირდათ, მაგრამ იმ შეხვედრის ვერმოგება პრობლემა ნამდვილად არ იქნებოდა, რადგან გათამაშების დასრულებამდე 9 ტურით ადრე, “რეკორდმაისტერი” ჩემპიონატს 20-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.

ჩემპიონთა ლიგაზე, პრემიერლიგასა და ინგლისის ასოციაციის თასზე გამართულ ბოლო 4 თამაშში “არსენალს” 3 წაგება აქვს. ლონდონელებს უპირატესობას ის აძლევს, რომ გასულ უქმეებზე, მთელს გუნდს დასვენების საშუალება ჰქონდა.

მიუხედავად “ბაიერნის” აშკარა უპირატესობისა, ლონდონელები ბოლომდე ბრძოლას გვპირდებიან და იმედი ვიქონიოთ, რომ ასეც იქნება.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 5 თამაშს ითვლის. “ბაიერნმა” 3-ჯერ მოიგო, ერთხელ “არსენალმა” იმარჯვა, ხოლო ერთი მატჩიც ფრედ დასრულდა. მიუნხენში, გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ და ორივე შემთხვევაში მასპინძლებმა იმარჯვეს.

თამაშს ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. ტრავმირებული რიბერისა და ბადშტრუბერის გარდა, “ბაიერნს” დისკვალიფიცირებული შვაინშტაიგერი და ბოატენგი არ ეყოლება. საეჭვოა რობენის თამაშიც. ლონდონელებს გიბსი, უილშირი და სანია ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს ნაჩო მონრეალს. ჯერ კიდევ გაურკვეველია დიაბისა და პოდოლსკის საკითხი.

  • გუნდებს შორის გამართული 5 დაპირისპირებიდან 3 “ბაიერნმა” მოიგო, ერთი – “არსენალმა” და ერთიც ფრედ დასრულდა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ კედლებში, “ბაიერნმა” 3 გოლი გაუშვა. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, “არსენალს” მინიმუმ ამდენი ბურთის გატანა მართებს;
  • მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი, 18 გოლი “ბაიერნმა” გაიტანა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, “ბაიერნს” საკუთარ კედლებში იმ ანგარიშით არასდროს წაუგია, რა ანგარიშით “არსენალს” სჭირდება;
  • “ბაიერნმა” გოლი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 13 თამაშში გაიტანა;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნის” მხრიდან, გოლის გატანა ათმა ფეხბურთელმა მოახერხა;
  • “ბაიერნმა”, ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი თამაში გასვლაზე 22-ჯერ მოიგო. მიუნხენელები გათამაშებას ერთხელ გამოეთიშნენ;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “ბაიერნმა” საჯარიმოში ბურთი ყველაზე მეტჯერ, 217-ჯერ ჩააწოდა. გუნდებს შორის გამართულ პირველ შეხვედრაში, მიუნხენელებმა სამივე გოლი ჩაწოდების შემდეგ გაიტანეს;
  • თუ დღეს “ბაიერნმა” იმარჯვა, მიუნხენელებს, ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე 150 მოგება დაუგროვდებათ;
  • ყველა ტურნირზე, “ბაიერნს” მოგებათა 11-მატჩიანი სერია აქვს;
  • ლუკას პოდოლსკი, 2006-09 წლებში, “ბაიერნში” თამაშობდა. ბუნდესლიგაში ჩატარებულ 71 მატჩში მან 15 გოლი გაიტანა;
  • წინა ორ სეზონში, “არსენალი” ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალიდან ემშვიდობებოდა;
  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველ მატჩში, საკუთარ კედლებში 2 ბურთით წაგების შემდეგ, მომდევნო ეტაპზე არავინ გასულა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად ჩატარებული ბოლო 23 თამაშიდან “არსენალმა” კარი მშრალად მხოლოდ ერთში შეინახა;
  • მიმდინარე გათამაშებაში, “არსენალმა” 11 გოლი გაუშვა, რაც გათამაშებას შემორჩენილ გუნდთა შორის ყველაზე ცუდი შედეგია;
  • ჩემპიონთა ლიგის მიმიდნარე გათამაშებაში, “არსენალს” მხოლოდ 57 დარტყმა აქვს, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია;
  • მიმდინარე გათამაშებაში, ლუკას პოდოლსკიმ ზუსტად დარტყმა 4-ჯერ მოახერხა და მან 4 გოლი გაიტანა;
  • აქამდე მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ “არსენალმა” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი თამაში საკუთარ კედლებში წააგო. 1996-97 წლების სეზონში, ლონდონელებმა ორმატჩიანი დაპირისპირების შემობრუნება ვერ მოახერხეს;
  • განვლილ 7 თამაშში, “არსენალის” ფეხბურთელებმა 20 ყვითელი ბარათი მიიღეს, რაც 1/8-ფინალისტთა შორის ყველაზე ცუდი შედეგია;
  • “არსენალი” მეტოქეს ყველაზე მეტად მეთექვსმეტედან 30-ე წუთამდე უნდა უფრთხოდეს. 18 გოლიდან, მიუნხელებმა 6 დროის ამ მონაკვეთში გაიტანეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგი “ბაიერნს” შემდეგ ეტაპზე გასვლის 97.8%-იან შანსს აძლევს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა, მარტინესი, ლუიზ გუსტავო, მიულერი, კროოსი, შაქირი, მანჯუკიჩი.

არსენალი (4-3-3): შესნი, ჯენკინსონი, კოსილნი, მერტეზაკერი, ვერმაელენი, არტეტა, რემსი, კასორლა, უოლკოტი, ჟირუ, პოდოლსკი.

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი).

 

მალაგა-პორტუ (პირველი მატჩი 0:1)

წყვილში უპირატესობას “პორტუ” ფლობს, რადგან პირველ მატჩში, პორტუგალიელებმა მოიგეს, თან გოლი არ გაუშვეს. თუმცა, “მალაგა” განსაკუთრებით რთული ამოცანის წინაშე ნამდვილად არ დგას. ანდალუსიელებს საკუთარ კედლებში მშრალად მოგება რომ შეუძლიათ, ეს მათ “ზენიტთან” და “მილანთან” გამართულ დაპირისპირებებში დაამტკიცეს.

მასპინძელი გუნდი თამაშს ცუდი განწყობით ხვდება. ლა ლიგის ბოლო 3 მატჩში მხოლოდ 2 ქულის აღების გამო, მე-4 ადგილზე მყოფმა ანდალუსიელებმა მდევრებს წამოწევის საშუალება მისცეს. რაც შეეხება “პორტუს” – შიდა ჩემპიონატში, გუნდი კვლავ წაუგებელია, მაგრამ ვიტორ პერეირას შეგირდები ლიდერ “ბენფიკას” 2 ქულით მაინც ჩამორჩებიან.

“მალაგა” პორტუგალიელ სტუმრებს დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო, ესპანელებს ელიზეუ და ბაპტიშტა არ ეყოლებათ. “პორტუს” რიგებში, საეჭვოა მანგალასა და წინა მატჩში გატანილი ერთადერთი გოლის ავტორის, მოუტინიოს თამაში.

  • გუნდებს შორის 3 კვირის წინათ გამართული მატჩი პირველია, რომელიც “მალაგამ” ჩემპიონთა ლიგაზე წააგო;
  • 2013 წელს გამართული 14 თამაშიდან “მალაგამ” მხოლოდ 4 მოიგო. ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის ჩემპიონატში, ანდალუსიელებს 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ;
  • ევროტურნირების ფლეი ოფის პირველი მატჩი “მალაგამ” პირველად წააგო;
  • ევროტურნირებზე ჩატარებული 25 თამაშიდან “მალაგამ” მხოლოდ 2 წააგო და ორივე ქალაქ პორტუში;
  • “მალაგა” ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე გათამაშებაში, პირველ ტაიმში გოლი არ გაუშვია;
  • მიმდინარე გათამაშების პირველ 3 მატჩში კარის მშრალად შენახვის შემდეგ, “მალაგამ” გოლი ბოლო 4 შეხვედრაში გაუშვა;
  • ჩემპიონთა ლიგაზე, “მალაგას” 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
  • მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებული 7 თამაშიდან 5-ში, “პორტუმ” კარის მშრალად შენახვა მოახერხა;
  • ყველა ტურნირის გათვალისწინებით, “პორტუს” ბოლო 16 თამაშში არ წაუგია;
  • ქვეყნის ჩემპიონატში, “პორტუს” 35-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, სტუმრად, “პორტუს” 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში გამართული პირველი მატჩის მოგების შემდეგ, “პორტუ” მომდევნო ეტაპზე 33-ჯერ გავიდა. პოტუგალიელებმა მოპოვებული უპირატესობა 5-ჯერ ვერ გამოიყენეს;
  • თუ დღეს “პორტუ” დამარცხდა, პორტუგალიელებს ევროტურნირებზე 100 წაგება დაუგროვდებათ;
  • მიმდინარე გათამაშებაში, თამაშის წესები ყველაზე მეტჯერ, 111-ჯერ “პორტუს” ფეხბურთელებმა დაარღვიეს;
  • “მალაგა” ყველაზე სახიფათო შეხვედრის სტარტზეა. 12 გოლიდან 4 ანდალუსიელებმა პირველ 15 წუთში გაიტანეს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით, “პორტუს” შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი 58.4%-ის უდრის.

სავარაუდო შემადგენლობები

მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო, სანჩესი, ველიგტონი, დემიკელისი, ანტუნესი, ტულალანი, კამაჩო, ხოაკინი, ისკო, პიასონი, სავიოლა.

პორტუ (4-3-3): ჰელტონი, დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო, ლუჩო, ფერნანდო, მოუტინიო, ვარელა, მარტინესი, როდრიგესი.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია).

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

0.152329