ფეხბურთი

14:18 | 4.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბობი ჩარლტონი: “რონალდუსთვის “რეალი” იდეალური კლუბია”

 ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბობი ჩარლტონმა ინტერვიუ მისცა ესპანურ AS-ს და ჟურნალისტთან დიალოგისას გასული საუკუნის 50-60-იანი წლების მადრიდის “რეალის” ფენომენალური თამაში გაიხსენა. საუბრისას სერ ბობიმ კასტილიელებთან განმეორებით მერვედფინალურ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუს განეიტრალების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

 

- მადრიდის “რეალის” ადრეული წლების გუნდიდან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- სამეფო კლუბელებს პირველად 1956-57 წლების სეზონის მსვლელობისას შევხვდით. იმხანად სამხედრო სამსახურს გავდიოდი ბრიტანეთის შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ორკვირიანი შვებულება მომცეს და გუნდთან ერთად მადრიდში გავემგზავრე. მაშინდელი წესის მიხედვით მატჩის მსვლელობისას შეცვლები დაშვებული არ იყო, ამიტომაც სათადარიგო სკამი არ არსებობდა და ის მოთამაშეები, რომლებიც შემადგენლობაში არ იყვნენ, შეხვედრას ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს. თანაგუნდელებთან ერთად ვიჯექი და მინდორზე მიმდინარე მოვლენებს გაფაციცებით ვაკვირდებოდი. ჩემი განსაკუთრებული ყურადღება “ბლაკოსის” ერთმა ფეხბურთელმა მიიპყრო. იგი მინდვრის ნებისმიერ წერტილში ჩნდებოდა და მეკარით დაწყებული, ფორვარდებით დასრულებული, ყველა ამპლუის მოთამაშეები ცდილობდნენ ბურთი მისი მისამართით გაეგზავნათ. ამგვარი მაღალი კლასის ფეხბურთელი მანამდე არ მენახა. ალბათ მიხვდით, საუბარი ალფრედო დი სტეფანოზე მაქვს. იგი ძალიან ჭკვიანი, ტექნიკური, მოქნილი მოთამაშე იყო. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში დი სტეფანოზე შთამბეჭდავად არცერთი ფეხბურთელი არ დამმსახსოვრებია.

- მადრიდის “რეალის” მაშინდელ შემადგენლობაში რაიმონ კოპა და ფრანსისკო ხენტოც გამოდიოდნენ...

- ფერენც პუშკაშიც უბადლო მოთამაშე გახლდათ.

- “რეალის” წინააღმდეგ გითამაშიათ. რას გვეტყვით მის წამყვან ფეხბურთელებთან დაპირისპირებაზე?

- პუშკაშის პირისპირ არასდროს დავმდგარვარ, აი, ხენტომ კი მარცხენა ფლანგზე შესრულებული ფანტასტიკური გარღვევებით თავი სამუდამოდ დამამახსოვრა. მთლიანობაში მადრიდელებს ბრწყინვალე საშემსრულებლო ანსამბლი ჰყავდათ და მთელ ევროპაში იმხანად ბადალი არ ჰყავდათ. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმდროინდელი “ბლანკოსი” ნამდვილი სუპერკლუბი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ზედიზედ ხუთჯერ ჩემპიონთა თასს ვერ მოიგებდა. დი სტეფანოს წინამძღოლობით “რეალი” მინდორზე სასწაულებს ახდენდა. გუნდის წევრებმა მშვენივრად იცოდნენ საკუთარი ფასი, ამიტომაც მათთვის ნებისმიერ მეტოქესთან შებმისას შიშის იოტისოდენა გრძნობაც კი უცხო გახლდათ. ამასთან ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მთლიანობაში “რეალი” გუნდი-ვარსკვლავი იყო. მისი ფეხბურთელები მეტად ეფექტურად ასპარეზობდნენ, თანაც, ერთმანეთთან ბრწყინვალედ იყვნენ შეთამაშებულნი. ძალიან კარგად მახსოვს გლაზგოში ჩატარებული ჩემპიონთა თასის ფინალი. მადრიდელებმა მაინის ფრანკფურტის “აინტრახტი” 7:3 გაანადგურეს. დი სტეფანომ ჰეთ თრიკით გამოიჩინა თავი, პუშკაშმა კი სულაც “პოკერი” შეასრულა. არადა, იმდროინდელი “აინტრახტი” ურიგო გუნდი სულაც არ იყო, რასაც ფინალში გასვლაც ადასტურებს, მაგრამ მაშინდელ “რეალთან” ლამის ნებისმიერი კლუბი უშანსოდ რჩებოდა.

- 1968 წელს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჩემპიონთა თასი მოიპოვა, ნახევარფინალში კი სწორედ მადრიდის “რეალს” სძლია...

- ორმატჩიანი რაუნდის პირველი შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” ჩავატარეთ და 1:0 მოვიგეთ. განმეორებით პაექრობაში კი 2 სწრაფი გოლი მივიღეთ საკუთარ კარში და თითქოს ფინალისტის ვინაობაც გაირკვა. მაგრამ ჩვენ მობილიზება შევძელით, ჯორჯ ბესტის, დევიდ სედლერის და ბილ ფოულკსის გოლების წყალობით 3:3 ვითამაშეთ და გადამწყვეტ შეხვედრაში ლისაბონის “ბენფიკას” შევხვდით. “იუნაიტედი” განსაკუთრებული მობილიზებით ასპარეზობდა, რადგან ჩემპიონთა თასის დაუფლებით მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაღუპულ თანაგუნდელთა ხსოვნისთვის ღირსეული პატივის მიგება გვინდოდა.

- ამჟამინდელ “რეალზე” რას გვეტყოდით?

- გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ კრიშტიანუ რონალდუ გამორჩეული ფიგურაა. თავის დროზე არ გვინდოდა, რომ პორტუგალიელი “ოლდ ტრაფორდიდან” წასულიყო, მაგრამ უნდა ვაღიარო – “რეალი” რონალდუსთვის იდეალური კლუბია. მას უნდოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარიყო და საწადელს მიაღწია. მანჩესტერშიც მისი განეიტრალებისთვის უნდა ვიზრუნოთ. მადრიდში ეს თითქმის მოვახერხეთ.

- კრიშტიანუს თამაშში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

- როგორც კი რონალდუ ბურთს მიიღებს, ძალაუნებურად გაიფიქრებ – ახლა დაარტყამს და გოლიც გავა. იგი მუდამ მოწინააღმდეგის კარისკენაა მიმართული და ამითაა გამოწვეული კრიშტიანუს ფანტასტიკური შედეგიანობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112727