FIFA-ს პრეზიდენტმა, ზეპ ბლატერმა, როგორც იქნა, აღიარა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კატარისთვის მინდობა შეცდომა იყო. ბლატერი მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში ფეხბურთის ზაფხულში თამაში შეუძლებელია.
“შეცდომა დავუშვით. ბევრი მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის შემდეგ, მივედი დასკვნამდე, რომ ასეთ სიცხეში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარება მიზანშეწონილი არაა. ამიტომ, FIFA-ს ორგკომიტეტმა ჩემპიონატის თარიღის ცვლილების საკითხი უნდა განიხილოს. უნდა ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა ჩემპიონატის ზამთარში ჩატარება.” – ციტირებს ბლატერის სიტყვებს Marca.
მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში ჩატარება საკლუბო ფეხბურთში ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს. მაგალითისთვის, წამყვანი ევროპული ჩემპიონატების უმრავლესობაში, ზამთარში, ხანგრძლივი შესვენება არაა. გამონაკლისია მხოლოდ გერმანია. ბუნდესლიგაში, დეკემბერ-იანვარში, დაახლოებით ერთთვიანი შესვენებაა და ამის გამო, გერმანელებს მუნდიალის ზამთარში ჩატარება ნაკლებად ავნებთ. სამაგიეროდ, სერიოზული პრობლემები შეექმნებათ ინგლისელებს. საქმე ისაა, რომ პრემიერლიგაში, ზამთარში გუნდები საერთოდ არ ისვენებენ.
თუმცა, როგორც ირკვევა, ევროპული კლუბები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში ჩატარებას ნელ-ნელა ეგუებიან. ამას ამტკიცებს ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვები: “ამ ეტაპზე, არსად გვეჩქარება, რადგან წინ კიდევ 9 წელია. თუმცა, გვაქვს განცდა, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება ტურნირის ზამთარში ჩატარება იქნება.” – ავრცელებს რუმენიგეს სიტყვებს BBC.