დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი იაკუბ ბლაშჩიკოვსკი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდორს სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დაუბრუნდება. Bild-ის ცნობით, გერმანელთა პოლონელმა ლეგიონერმა იანვარში მიღებული მუხლის ტრავმა უკვე თითქმის მოირჩინა და ბუნდესლიგის მომავალ სეზონს სრულ მზადყოფნაში უნდა შეხვდეს.
გუნდის ექიმის განცხადებით, სარეაბილიტაციო პერიოდი გეგმაზომიერად წარიმართა და უკვე ფინიშისკენ მიდის. თავად ბლაშჩიკოვსკიმ კი ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ერთი სული აქვს, როდის დაიწყებს გუნდის ძირითად ჯგუფთან ერთად ვარჯიშს.
გერმანიის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს “ბორუსია” 23 აგვისტოს საკუთარ კედლებში ჩაატარებს, ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ.