“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი ადასტურებს, რომ მისი გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
რაბიოსა და პსჟ-ს შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა მომდევნო ზაფხულში გასდის. 19 წლის შუახაზელმა კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა და პარიზელები იძულებულნი არიან ის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდონ.
“რაბიოს შესაძლებლობებს ვაფასებთ. ის დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია პსჟ-ს სარგებელი მოუტანოს. ამაში ეჭვი არ მეპარება. თუმცა, ფეხბურთელის გარემოცვა ამას არ ეთანხმება და ადრიენს წასვლისკენ უბიძგებს.
ვიცი, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობამ მას კარგი პირობები შესთავაზა, მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთელი ვერ დააინტერესა.” – აცხადებს ბლანი.
ადრიენ რაბიომ, გასულ სეზონში, პსჟ-ში 34 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ის მოედანზე ჯერ არ გასულა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი ტალანტის დამატების სურვილს “იუვენტუსი”, “მილანი”, “რომა” და “არსენალი” გამოთქვამენ.