“პარი სენ-ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა და ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში თავიანთი გუნდების პირველი დაპირისპირება (3:1) პრესკონფერენციაზე შეაფასეს.
ლორან ბლანი (პსჟ): “უკეთესი თამაშის ჩვენებაც შეიძლებოდა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ. ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით. შესაძლოა, “ჩელსის” კონტრშეტევების მეტისმეტად გვეშინოდა. ლონდონელებს ძლიერი გუნდი ჰყავთ. მეორე ტაიმში, თამაში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. მეტოქეს ბურთს უფრო ხშირად ვართმევდით. პასტორემ ფანტასტიკური გოლი გაიტანა. ნახევარდაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ. მესამე გოლის გატანას ვცდილობდით და გამოგვივიდა. პასტორეს თამაშმა ძალიან გამახარა.
იბრაჰიმოვიჩმა კუნთი დაიზიანა. დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გავიგებთ. ვიცით, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” რთული მატჩი გველის. მართალია, 3 გოლი გავიტანეთ, მაგრამ ვხედავდით, რომ საგოლე შანსები მეტოქესაც მრავლად ჰქონდა. დიდი ბრძოლა იქნება და მზად უნდა ვიყოთ”.
ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”): “პარიზელთა მესამე გოლი სასაცილო გამოვიდა. კეჰილმა ეს უყურადღებობას დააბრალა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ გარი დაცინვის ღირსია. წარმატების მიღწევა რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. მათ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელთაც გოლის შექმნა არაფრისგან შეუძლიათ. “ჩელსიში” ბევრი ახალგაზრდა ტალანტია, რომელთაც გოლის გატანა შეუძლიათ, მაგრამ ხანდახან, არ გამოსდით.
შეცვლა იმ დროს გავაკეთე, როცა ანგარიში 1:1 იყო. მეგონა, ტორესი შეტევას შიურლეზე მეტად გაამწვავებდა. გუნდი შიურლესთან ერთადაც კარგად თამაშობდა, მაგრამ ჩავთვალე, ტორესს მეტის გაკეთება შეეძლო. საპასუხო მატჩში მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას ყველანაირად ვეცდებით”.