ფეხბურთი

14:55 | 13.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბლანი დარწმუნებულია, რომ კავანი პსჟ-ში ითამაშებს

პსჟ-ს ახალ მთავარ მწვრთნელ ლორან ბლანს ეჭვიც არ ეპარება, რომ ურუგვაის ეროვნული ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი პარიზულ კლუბში გადავა.

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორშაბათს 26 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ფრანგულ გრანდთან კონტრაქტს გააფორმებს, სატრანსფერო ღირებულება კი, 64 მილიონი ევრო იქნება.

“დარწმუნებული ვარ, რომ კავანი მომავალ სეზონში პსჟ-ს მაისურით ითამაშებს. მიუხედავად ამისა, სანამ კონტრაქტზე ედინსონის ხელმოწერა არ იქნება, გუნდში მის როლზე საუბარი უაზრობაა. დაველოდოთ შეთანხმების ოფიციალურად გაფორმებას და დანარჩენზე მერე ვიმსჯელოთ”, - განაცხადა ბლანმა.

Goal-თან საუბარში ბლანმა მარკინიოსის შესაძლო ტრანსფერზე და ზოგადად კლუბის სატრანსფერო მიზნებზეც ისაუბრა.

“ამ ფეხბურთელს სერია A-დან ძალიან კარგად ვიცნობ, მაგრამ მისი ხელში ჩაგდება ძალიან რთული იქნება. პსჟ-ს გარდა, მისი შეძენა არაერთ ევროპულ გრანდს სურს, რაც მარკინიოსის მაღალ კლასზე მეტყველებს. რაც შეეხება ჩვენს დარჩენილ პრიორიტეტებს ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე, ესენია თავდამსხმელი და მარცხენა მცველი”, - დაამატა 47 წლის ფრანგმა სპეციალისტმა.

 

0.183848