ბეთქილ შუკვანი ტატამს სავარაუდოდ დეკემბერში დაუბრუნდება. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნაკრების კანდიდატს გასულ უქმეებზე, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეორედ უნდა ეჭიდავა, მაგრამ ნახევარფინალში მიღებული ტრავმის გამო, გამარჯვების მიუხედავად, შეჯიბრს იძულებით გამოეთიშა და ერთი წლის წინანდელ, ქუთაისში მოგებულ ოქროს, ვერცხლი მიამატა. ჩემპიონატის დასრულებიდან ორიოდ დღეში ძიუდოისტს პირველადი სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და მკურნალობის წინასწარი კურსი დაენიშნა, საბოლოო დასკვნას კი მედიკოსები სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში გამოიტანენ.
“სამწუხაროდ, ხელი ისეთ მდგომარეობაშია, რომ სურათის გადაღებას ამ ეტაპზე აზრი არ ჰქონდა. წინასწარი მკურნალობის კურსი დამინიშნეს, ნატკენ ხელზე საფენებს ვიდებ და უკვე უკეთესობასაც ვგრძნობ. წყალიც იმდენად აღარაა ჩამდგარი და ტკივილი აუტანელი აღარაა. როგორც ამბობენ, დაახლოებით ერთი თვე გამიცდება, მაგრამ იმედია უფრო მალეც მოხერხდება ტატამზრ დაბრუნება. აქამდე არასოდეს ვყოფილვარ ისეთ კარგ ფორმაში, როგორშიც საქართველოს ამ პირველობაზე. მინდოდა ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მომეგო. სამწუხაროდ, იძულებითი დასვენება მომიწევს. ვარჯიშის გაგრძელება ჯერ ადრეა, მაგრამ ვცდილობ ის დატვირთვები მაინც არ მოვიკლო, რომლებშიც ტრავმა ხელს არ მიშლის. დღეს დილით ვირბინე. ყველანაირად ვეცდები, დეკემბერშივე ვიყო საჭიდაოდ მზად და ტოკიოს ტურნირზე გამოსვლაც შევძლო. თუ არადა, იანვარში, თბილისში ჩასატარებელ მსოფლიოს თასზე აუცილებლად უნდა გავიდე ტატამზე. ჩემი მიზანი ნაკრებში დამკვიდრებაა და ამისთვის ძალ-ღონეს არ დავზოგავ” – უთხრა გუშინ “სპორტულ ამბებს” ბეთქილ შუკვანმა.
2010 წლის სეზონის დასრულებამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე გამოვა – 10-12 დეკემბერს ტოკიო დიდი სლემს უმასპინძლებს და წინასწარი ინფორმაციით, ქართული გუნდი ტატამზე სრული შემადგენლობით გავა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი იაპონიაში წასაყვან შეგირდთა სრულ სიას დღეს დაასახელებს.
ოთარ მაღლაკელიძე







