გაზეთ „უკრაინულ ფეხბურთში“ საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ პრეზიდენტის, ბატონ ბესიკ ჩიხრაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ:
- რა ხდება „ილიჩევეცში“ მოთამაშე თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებით? როგორც გუნდის თავკაცი ნიკოლაი პავლოვი აცხადებს, ოქრიაშვილი მალე დატოვებს გუნდს.…
- თორნიკეს კონტრაქტი დონეცკის „შახტართან“ აქვს, ხოლო მარიუპოლში იჯარით არის გაშვებული. ამიტომ, მისი მომავალი დონეცკელებთან ერთად უნდა გადაწყდეს. თავად თორნიკეს სურს დაბრუნდეს დონეცკში და სცადოს მოხვდეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში. იმედი მაქვს, რომ მირჩა ლუჩესკუ თორნიკეს შანსს მისცემს. ამდენად, ზამთრის შეკრებას ოქრიაშვილი „შახტართან“ ერთად გაივლის. აქვე იმასაც აგიხსნით, თუ რატომ არ თამაშობდა ოქრიაშვილი ბოლო შეხვედრებში. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების შემდეგ ფრანგებთან და ფინელებთან მან ტრავმა მიიღო. ორი გზა იყო – ან ოპერაცია, ან მკურნალობა. თორნიკემ ოპერაციის გაკეთებაზე უარი თქვა და ახლა რეაბილიტაციის კურსს გადის. ცუდია, რომ მას ტრავმამ სეზონის სრულფასოვნად ჩატარების საშუალება არ მისცა, არადა გუნდის ლიდერი იყო.
- ე.ი. ოქრიაშვილის მომავალი „შახტართან“ არის დაკავშირებული?
- ოქრიაშვილისთვის პრეროგატივა „შახტარში“ ფეხის მოკიდებაა, მაგრამ ბევრი რამ მირჩა ლუჩესკუზეა დამოკიდებული. თუ დონეცკში ფეხს ვერ მოიკიდებს, მაშინ სხვა ვარიანტებს განვიხილავთ. ოქრიაშვილს დონბასურ გუნდთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს და შესაბამისად, სატრანსფერო საკითხები დონეცკელებთან ერთად გადაწყდება.
- აქვს სხვა წინადადებები?
- ოქრიაშვილი ახალბედა ფეხბურთელია, ამავე დროს ფანტასტიურად ნიჭიერი. მის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ხმებს ყოველთვის გაიგებთ, მის მიმართ ინტერესს მუდამ იჩენენ რუსული და ესპანური კლუბები. მაგრამ ახლა მისთვის უმთავრესი „შახტარში“ მოხვედრაა. მას კარგად ესმის თუ რამდენად დიდი კონკურენციაა გუნდში, მაგრამ საბრძოლველად მზადაა.
- ოქრიაშვილის გარდა „ილიჩევეცში“ კიდევ ერთი თქვენი ფეხბურთელი – გიორგი ჯგერენაიაც გამოდიოდა. რატომ ვერ დარჩა გუნდში და ახლა სად გააგრძელებს კარიერას?
- მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ პროგრესირებდეს: ფიზიკურად კარგადაა მომზადებული, ტექნიკურია. მაგრამ „ილიჩევეცში“ მას თავის სრულფასოვნად წარმოჩენის საშუალება არ მისცეს, ძირითადში ერთი თამაშიც კი არ ჩაუტარებია. ახლა ჯგერენაია პირველი ლიგის კლუბ „ნიკოლაევში“ გამოდის. მასზეა ყველაფერი დამოკიდებული, მიზანსწრაფული, მონდომებულია. მას პერსპექტივა ნამდვილად აქვს.
- თქვენი ფეხბურთელებიდან მომავალ სატრანსფერო პერიოდში ვინმე გადავა უკრაინაში სათამაშოდ?
- ამ მომენტისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკება ორ ქართველ ფეხბურთელზე – „ზესტაფონში“ მოთამაშე ლევან შარიქაძეზე და „გაგრას“ ცენტრალურ მცველ გიორგი გადრანზე. კლუბების დასახელებისგან ჯერ თავს შევიკავებ.
- აგენტის საქმიანობით მარტო ხართ დაკავებული თუ სხვაც გეხმარებათ? და რამდენი ფეხბურთელი თანამშრომლობს თქვენთან?
- მარტო არ ვმუშაობ. მე მაქვს სააგენტო „პროსპორტ მენეჯმენტი“, სადაც ოთხი ადამიანია დასაქმებული. დაახლოებით 30 ფეხბურთელია ჩვენთან დაკავშირებული, მათ შორის ქართველები, აფრიკელები. მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ნიგერიულ საფეხბურთო სკოლებთან.
- თქვენ ასევე ხართ საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ საპატიო პრეზიდენტი.…
- „გაგრა“ 2004 წელს ჩამოყალიბდა. ახალგაზრდა ფეხბურთელები თამაშობენ, ადგილობრივები. ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი დოლარია. ამდენად, მთელი იმედები ამ ბიჭებზე გვაქვს დამყარებული. ჩვენი გუნდის ფილოსოფია ასეთია – აღვზარდოთ ახალბედა ფეხბურთელები და დიდ ფეხბურთში გზა გავუხსნათ. მაგალითად, ოქრიაშვილი ამ გუნდის აღზრდილია, ასევე პროგრესირებს ნიგერიელი აბაიომი ოვონიკოკო. ამ ფეხბურთელით ადრე ჰოლანდიის ჩემპიონატის გუნდები იყვნენ სერიოზულად დაინტერესებული. მათ შორის „პსვ ეინდჰოვენი“ კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ოვონიკოკომ ტრავმა მიიღო. ახლა ნიგერიელი თავდამსხმელი მენტალურად კარგად შეეწყო ევროპულ ფეხბურთს, აღიდგინა ფიზიკური კონდიციები და მაღალი დონის ფეხბურთს გვიჩვენებს.
- ინფრასტრუქტურა რამდენად კარგად არის თქვენთან განვითარებული?
- „გაგრას“ ჰყავს მეორე გუნდი, ასევე აკადემია. გუნდს თბილისიდან 30 კოლომეტრში, მუხრანში აქვს ბაზა, სადაც სავარჯიშოდ საკმაოდ კარგი პირობებია.
- 2011 წელს „გაგრა“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა, არადა პირველ ლიგაში გამოდიოდა. რის ხარჯზე მიაღწიეთ ამ წარმატებას?
- დისციპლინის და თამაშის სწორი ორგანიზების ხარჯზე. გუნდში მივიდა უკრაინელი სპეციალისტი ანატოლი პისკოვეცი. ბიჭები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ, აგრესიულები, მობილურები. გოლების გატანა დაიწყეს. მაღალი კლასის გუნდებთან მეორე ნომრად თამაშობდნენ და ცდილობდნენ ეს გუნდები სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე დაემარცხებინათ. ამ კუთხით ანატოლი პისკოვეცმა დიდი სამუშაო გასწია – გუნდს თავისი სტილი და გამარჯვებულის ფსიქოლოგია შესძინა.
- რატომ გადაწყვიტეთ გუნდში ანატოლი პისკოვეცის მიწვევა?
- მასთან დიდი ხანია ვმეგობრობ. 2005 წელს მაკაროვის სახელობის ტურნირზე გავიცანი. დიდი ხანი არ მენახა, მერე აზერბაიჯანში განაგრძო მუშაობა. აზერბაიჯანში ჩემი ბიზნეს-ინტერესები მაქვს, იქ ხშირად მიწევს ყოფნა. „სიმურგში“ მუშაობდა, ძალიან კარგი გუნდი შექმნა, ბრძოლისუნარიანი. შემდეგ ოჯახში პრობლემები შეექმნა და უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე მისი „გაგრაში“ მიწვევა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არჩევანში არ შევმცდარვარ. ის ნამდვილი პროფესიონალია. ერთ წელში გუნდს თასიც მოაგებინა და პირველი ლიგიდან უმაღლესში გადაიყვანა.