კალათბურთი

13:04 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბესიკ ლიპარტელიანი: “შენგელიას და ფაჩულიას თამაში 100 %-ით გამოირიცხა”

“უცხოურ შეკრებას ნაკრები ასეთ კარგ ფორმაში არასდროს შეხვედრია”

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა დაბა პოდჩეტრტეკში მდებარე სლოვენიის საუკეთესო სპორტულ კომპლექს “ტერმე ოლიმიაში“ შეკრება 25 ივლისს დაიწყო. ტრავმების გამო ნაკრებს ზაზა ფაჩულიაა და თორნიკე შენგელია აკლია, რომლებიც ჩვენს გუნდს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარებიან. ეს ინფორმაცია დაადასტურა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, რომელიც გასულ უქმეებზე სლოვენიაში იმყოფებოდა და ეროვნული გუნდის რამდენიმე ვარჯიშს დაესწრო...

- თავიდანვე ვიცოდით, რომ ნაკრები მაღალი დონის სპორტულ კომპლექსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ადგილზე ჩასულმა მართლაც საუკეთესო მოსამზადებელი პირობები ვნახე. “ტერმე ოლიმპია“ სლოვენიაში საუკეთესო სპორტულ კომპლექსად არის აღიარებული. იქ ყველა პირობაა, რომ სპორტსმენი უმაღლეს დონეზე, კომპლექსურად მოემზადოს.

- იყო სხვა ვარიანტებიც?

- რამდენიმე ვარიანტი გვქონდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა “ტერმე ოლიმია“ აირჩიეს. ამის მიზეზი ისაა, რომ სხვა ვარიანტებში ჩვენს ნაკრებს სხვა გუნდებთან ერთად მოუწევდა სპორტკომპლექსში ცხოვრება, “ტერმე ოლიმპიაში“ კი მარტონი არიან. ეს სიმყუდროვის და ვარჯიშებზე მაქსიმალურად ორიენტირების გარანტიას იძლევა.

- რამდენიმე ვარჯიშს დაესწარით და რას იტყვით ნაკრების მზადყოფნის დონეზე?

- როგორც იცით, ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში ფიზმომზადების ვარჯიშები გაიარა. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ გუნდის წევრები კარგ კონდიციაში არიან. შეიძლება ითქვას, რომ უცხოურ შეკრებას ნაკრები ასეთ კარგ ფორმაში არასდროს შეხვედრია.

- ეს ახალი ფიზმომზადების მწვრთნელის მუშაობამ განაპირობა?

- უფრო იმან, რომ ფიზმომზადების მწრთნელი თბილისური შეკრების დასაწყისიდან გუნდთან ერთად იყო. არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაკრების ახალი ფიზმომზადების მწვრთნელის, ალექსანდრ ჩვოროვიჩის ფაქტორიც. ის ძალიან კარგი პიროვნებაა და ფიზიკური მომზადების სფეროში თავისი შეხედულებები აქვს. ჩვოროვიჩი გარანტიას იძლევა, რომ გუნდის წევრები მზადყოფნის პიკში იქნებიან, თუ მის ვარჯიშებს ბოლომდე მიყვებიან.

- მოთამაშეები რამდენად მონდომებულები არიან?

- ბიჭები ძალიან მონდომებულები არიან. ახალგაზრდები გრძნობენ კონკურენციას და ბოლომდე იხარჯებიან.

- თორნიკე შენგელიას ამბავი როგორაა, მოასწრებს ევრობასკეტისთვის გამოჯანმრთელებას?

- შენგელიას და ზაზა ფაჩულიას თამაში 100 %-ით გამოირიცხა. მწვრთნელებმა ეს იციან და უკვე შესაბამის კომბინაციებს ამუშავებენ, რომლებიც მხოლოდ იმ მოთამაშეებზეა გათვლილი, რომლებიც ნაკრების შეკრებაზე იმყოფებიან. მალე საკონტროლო მატჩები დაიწყება და მწვრთნელები უფრო კარგად აწონ-დაწონიან ვითარებას, თითოეული კალათბურთელის შესაძლებლობებს შეაფასებენ და ოპტიმალურ შემადგენლობას შეარჩევენ.

www.gbf.ge

0.112051