საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა. ირაკლი შავაძის (50 კგ) ვერცხლსა და ლაშა გობაძისა (74 კგ) და კუკური კირცხალიას (96 კგ) ბრინჯაოებს დღეს თავიანთი წილი მედლები იაკობ ქაჯაიამ (120 კგ) და რობერტ ქობლიაშვილმა (84 კგ) მიამატეს.
ქაჯაია ფინალამდე ისე მივიდა, ერთი ქულაც კი არ დაუკარგავს. სლოვაკ დავიდ ჩეჩთან ერთ რაუნდში მოიგო (7:0). მეოთხედფინალში რუმინელ ტიბერიუ ალექსანდრუ ბარბაზანს აჯობა (4:0 0:0). ბელარუსის სახელით მოჭიდავე გიორგი ჩუგაშვილსაც (7:0) იოლად გასცდა და გადამწყვეტ ბრძოლაში ლიტველ მანტას კნისტაუტასს დაეჭიდა. მასაც შვიდი უპასუხო ქულა აუღო, ოღონდ შვიდივე მეორე პერიოდში.
ქობლიაშვილმა ძირითად ბადეში თურქი გოკტაშ დოგანის ძლევის (3:0 2:0) ძლევის შემდეგ, ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, გერმანელ დენის მაქსიმილიან კუდლასთან წაგებით (0:4 0:1). ბრინჯაოს გზა კი მას შემდეგ გაეხსნა, რაც გერმანელი ფინალში გავიდა. რეპეშაჟის ნახევარფინალში ქართველმა მოჭიდავემ შვედ ბერგ ზაკარიასს პირველსავე რაუნდში აუგროვა 7 ქულა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთის ნაკრების წევრ ილია გუდიევს აჯობა (1:0 3:0).
დღესვე მაკედონიურ ხალიჩაზე ედნარ შავაძე (55 კგ) და ფირუზ წულუკიძეც (66 კგ) გავიდნენ, მაგრამ ტურნირს ორივე საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა. შავაძემ პირველსავე შეხვედრაში წააგო ბელარუს იგორ ბელიაკთან (2:0 0:2). წულუკიძემ შეჯიბრება ავსტრიელ შტეფან შტეიგლთან იოლი მოგებით (8:0) გახსნა. მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანელ რუჰინ მიკაჰილოვთან ვეღარას გახდა (0:3 3:4).
ხვალ-ზეგ მედლები გოგონებში გათამაშდება. შაბათ-კვირას კი ჩემპიონ-პრიზიორებს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდები გამოავლენენ.