ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა 2014 წლის სეზონი შიდა კონკურენციით გახსნეს. გასულ უქმეებზე ვაკის ფალავანთა კლუბში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, ოღონდ მხოლოდ ორ ახალ წონით კატეგორიაში.
71 კილოგრამში ყველას მანუჩარ ცხადაიამ აჯობა, რომელმაც ფინალში მინდია წულუკიძე დაამარცხა. ნუკრი შავაძემ და გიორგი ჯავახიამ კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. 80 კილოგრამში ჩემპიონი გიორგი ცირეკიძე გახდა. გადამწყვეტი გამარჯვება მან ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორ (74 კილოგრამში) ლაშა გობაძესთან მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილები თორნიკე ძამაშვილმა და გიორგი დათუნაშვილმა დაიკავეს.
შეგახსენებთ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ სამიოდ კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ამ სეზონიდან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში მედლების რვა-რვა კომპლექტი გათამაშდება.
ბერძნულ-რომაულში აქამდე ჩემპიონ-პრიზიორები 55, 60, 66, 74, 84, 96 და 120 კილოგრამებში ვლინდებოდნენ. ახალი წესების თანახმად კი წონები ასე დაინომრა: 59, 66, 71, 75, 80, 85, 98 და 130 კგ.
ბაკურიანული შეკრებით ბეგი დარჩიას გუნდი ევროპირველობისთვის მზადებას უკვე შეუდგა.