ჭიდაობა

17:38 | 21.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერძენ-რომაელებმა ოქროს და 2 ბრინჯაოს შანსით დაიწყეს

 

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე დღეს საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთნენ და რვა წონითი კატეგორიიდან ოთხში ჩემპიონ-პრიზიორებს დღესვე გამოავლენენ. ხალიჩაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ოთხი წევრიც გავიდა და მათგან სამმა ფინალურ ბლოკში ჭიდაობის უფლება მოიპოვა.

გელა ბოლქვაძემ (74 კგ) თურქი ფურკან ბაირაკი, ხორვატი ფილიპ საჩიჩი და უკრაინელი ანდრეი ანტონიუკი დაამარცხა და ფინალში მოლდოველ მიხაილ ბრადუს დაუპირისპირდება.

მურად მიქელაძემ (60 კგ) ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, ფრანგ იასინ ოზაესთან წაგებით. რეპეშაჟის ფინალში კი მეტოქედ გერმანელი ეტიენ კინსინგერი ეყოლება.

კუკური კირცხალიასაც (96 კგ) ერთადერთი გამარჯვება აშორებს ბრინჯაოს მედალს. მიქელაძის მსგავსად, მისთვისაც ნახევარფინალი აღმოჩნდა დაუძლეველი ეტაპი, სადაც ნორვეგიელ ფელიქს ბალდაუფთან წააგო. პოდიუმზე ასასვლელად კირცხალია აზერბაიჯანელ ორხან ნურიევს შეხვდება.

ქართული გუნდის წევრთაგან ფინალურ ბლოკს მიღმა მხოლოდ შოთა ღლონტი (50 კგ) დარჩა, რომელიც ევროპირველობას პირველივე წრიდან გამოეთიშა – სომეხ მურად ჰარუთინიანთან დაჭიდების შემდეგ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 20 საათიდან დაიწყება.

0.11369