ჩოგბურთი

16:53 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბერდიხმა იანოვიჩი სამ სეტში დაამარცხა

 

მსოფლიოს მეექვსე ჩოგანი ტომაშ ბერდიხი მადრიდის მასტერსზე წარმატებულ სვლას აგრძელებს. ტურნირის მეორე წრის მატჩში მან მძიმე ბრძოლაში ახალგაზრდა პოლონელი ეჟი იანოვიჩის ბარიერი გადალახა (6:7, 6:3, 6:2) და შემდგომი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.

პირველი სეტის სტარტზე ბერდიხი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე მისი ოპონენტი და მეოთხე გეიმში შესრულებული ბრეიკი სრულიად ლოგიკურიც გახლდათ (3:1), თუმცა იანოვიჩი დროულად მოეგო გონს და მეშვიდე გეიმში ძალიან კარგად გაისარჯა მეტოქის მოწოდებაზე, რის შედეგადაც უკუბრეიკი შეასრულა. საბოლოოდ ყველაპერი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც პოლონელი ოდნავ უკეთესი იყო, რამაც მას პირველ პარტიაში გამარჯვება მოუტანა - 7:6.

ტომაშს ნამდვილად არ აწყობდა მოვლენების ასე განვითარება და გაცილებით უფრო აგრესიულად ათამაშდა. მან მეორე პარტიის მეორე ნახევარში ორჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება და სეტების ანგარიშიც გაათანაბრა 1:1 (6:7, 6:3).

გადამწყვეტ, მესამე პარტიაში ეჟიმ ისევ ჩააგდო დასკვნითი ეტაპი, მერვე გეიმში საკუთარ მოწოდებაზე ბევრი იწვალა, ერთბაშად 3 მატჩბოლი მოიგერია, თუმცა მასზე გაცილებით გამოცდილმა ბერდიხმა მეოთხე მცდელობით შეხვედრა სათავისოდ დაასრულა - 6:2.

მატჩი 2 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ტომაშის ანგარიშზე 10 ეისი და 3 ორმაგი შეცდომა იყო. თავის მხრივ პოლონელმა ანალოგიური რაოდენობის ეისების წილ ერთბაშად 4 ორმაგი დაუშვა.

ტურნირის მეოთხე წრეში ჩეხი ჩოგბურთელის მეტოქე კევინ ანდერსონსა და ხუან მონაკოს მატჩში გამარჯვებული იქნება.

0.128358