კაცმეჩოგნეთა მსოფლიო რეიტინგის მე-20-ადგილოსანმა ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა მაიამის მასტერსტურნირის მერვედფინალში ამქრის ლიდერი და ტურნირის ორგზის – 2005-06 წლების - ჩემპიონი როჯერ ფედერერი დაჯაბნა.
24 წლის ჩეხმა ოთხი წლით უფროს შვეიცარიელ მაესტროს ძალზე დაძაბულ, თითქმის სამსაათიან შეხლაში 6:4 6:7 (7:3) 7:6 (8:6) სძლია.
არადა, გადამწყვეტ ტაიბრეიკზე როჯერს მატჩპოინტი ჰქონდა – 6:5 დაწინაურებულს შეეძლო, მატჩის ბედი მძლავრი მოწოდებით გადაეწყვიტა. მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოახერხა და ჯერ ბერდიხის ორი უძლიერესი ხელღაწმა მიიღო, ბოლოს კი თავისი 61-ე უნებლიე შეცდომაც დაუშვა...
ეს მათი მე-10 დაპირისპირება გახლდათ და ჩეხმა დიად მეტოქეს ჯამში მეორედ, ხოლო 2004 წლის ათენის ოლიმპიადის შემდეგ – სადაც მან სწორედ იმ წელს გაპირველოსნებულ შვეიცარიელს მეორე წრეში მოულოდნელი მარცხი აგემა – პირველად მოუგო.
“საიდუმლო არ არის, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამერიკაში ჩატარებული 5 მატჩიდან ჩემთვის იოლი არც ერთი არ ყოფილა – ამბობდა ნამატჩევს როჯერი, ვინაც წინა კვირაში ინდიან უელსის მასტერსტურნირს სულაც მეორე წრეში გამოეთიშა – აშკარაა, რომ სასურველ ფორმაში ვერ ვარ. შესაძლოა, თებერვალში გადატანილმა ინფექციამ იმაზე მეტად მავნო, ვიდრე მეგონა. მაგრამ ეს მხოლოდ იმისკენ მიბიძგებს, რომ უფრო მეტი ვივარჯიშო. ახლა სათიხნარო სეზონი იწყება და ვეცდები, მისთვის უკეთესად მოვემზადო.”
ბერდიხი კი მეოთხედფინალში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან (№10) იპაექრებს. ეს უკანასკნელი ხორვატ მარინ ჩილიჩს (№7) გასცდა 6:4 7:6 (7:3). შეგახსენებთ, რომ ბერდიხი ვერდასკოს წინა კვირაშიც შეხვდა და 6:0 6:3 გაანადგურა.
დანარჩენ შეხვედრებში:
ესპანელ რაფაელ ნადალს (№4) თანამემამულე დავიდ ფერერის (№15) დასამორჩილებად ორსაათიანი მძიმე შეხლის მოუხდა. თავის პირველ იქაურ ტიტულზე ნადირობას ის ახლა ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას (№8) წინააღმდეგ გააგრძელებს, რომელმაც მეოთხედფინალში ესპანელი ხუან კარლოს ფერერო (№12) დაჯაბნა 6:2 6:2.
ტურნირის 2004 წლის გამარჯვებული, ამერიკელი ენდი როდიკი (№6) გერმანელ ბენჯამენ ბეკერს გასცდა 7:6 (7:4) 6:4 და ესპანელ ნიკოლას ალმაგროზე (№27) გავიდა. ამან რთულ ბრძოლაში ბრაზილიელი ტომაზ ბელუჩი დაამარცხა 6:4 3:6 7:6 (7:3).
რუსი მიხაილ იუჟნი (№13) ამერიკელ მარდი ფიშს 6:1 1:0 უგებდა, როცა ამ უკანასკნელმა წელის ტრავმის გამო მატჩი შეწყვიტა. იუჟნი მეოთხედფინალში შვედ რობინ სოდერლინგს (№5) დაუპირისპირდება, ვინაც სამსეტიან შეხლაში ჩილელ ფერნანდო გონსალესს (№9) გაუსწორდა 6:0 6:7 (3:7) 6:2.
რაც შეეხება ქალთა შეჯიბრებას, ტურნირის სამგზის – 1998-99 და 2001 წლების – ჩემპიონმა ვინუს უილიამსმა (№3) მეოთხედფინალში პოლონელ აგნეშკა რადვანსკას (№6) სძლია 6:3 6:1. ეს მისი ზედიზედ მე-14 გამარჯვებაა. მე-15 მატჩის მოგებას 29 წლის ამერიკელი ფრანგ მარიონ ბარტოლისთან (№13) ეცდება, რომელმაც გზიდან ბელგიელი იანინა ვიკმაიერი (№13) ჩამოიცილა.







