ძიუდო

21:03 | 25.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ღვინიაშვილის ოქროს კოლექცია

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ), ასაკობრივ ჩემპიონატებში მოპოვებული ოქროების სრული კოლექცია შეკრა. ჭაბუკებს შორის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონმა, წლეულს ახალგაზრდების ევროპირველობაზე მოიპოვა ტიტული. რამდენიმე წუთის წინ კი, ისევ ახალგაზრდებში, მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველმა ძიუდოისტმა, ლუბლიანაში, სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე შთამბეჭდავად მოიგო.

ბექა ღვინიაშვილი სლოვენიურ ტატამზე მეორე წრიდან გავიდა - საქმეში სლოვაკ არპად სზაკაცთან შეხვედრით ჩაერთო და მეორე წუთის დასაწყისში შესრულებული იპონით, საჩემპიონო გზას შეუყვა. რუსეთის ნაკრების წევრ რამაზან მალსუიგენოვსაც იპონით მოუმთავრა საქმე, ოღონდ, საფინალო სირენამდე 31 წამით ადრე. გადამწყვეტ გდებამდე, ორივე ძიუდოისტს თითო იუკო ჰქონდა აღებული. ამასთან, რუსს ერთი შიდოს უპირატესობა ჰქონდა და მის შენარჩუნებას ცდილობდა.

მეოთხედფინალში, ღვინიაშვილი თავისზე ერთი თავით მაღალ სამხრეთაფრიკელ მიჩელ მარჩიტანს წუთნახევარში გაუსწორდა. გაცილებით ნაკლებ დროს დახარჯავდა, მსაჯს სუფთა გდება ვაზარად რომ არ შეეფასებინა. ამ ეპიზოდს მალევე მოჰყვა ქართველი ძიუდოისტის მორიგი ეფექტური გდება. უეჭველი ვაზარი მსაჯმა იუკოდ გამოაცხადა, მაგრამ სამსაჯო მაგიდიდან მითითება მისცეს - ჭიდაობა შეაწყვეტინეს და ვაზარი გამოაცხადებინეს, რაც ავტომატურად იპონს ნიშნავდა. შეხვედრის შეჩერების დროს, ქართველ ძიუდოისტს მოწინააღმდეგე შებოჭვაზე ჰყავდა დაჭერილი და სუფთა გამარჯვება ისედაც განაღდებული ჰქონდა.

ნახევარფინალში პოლონელ პატრიკ ციეჩომსკისთან, შუა შეხვედრაში მეტოქის შიდოთი დაწინაურდა, მაგრამ ცხადია, ამ უპირატესობის შენარჩუნებაზე არ უფიქრია და საფინალო სირენამდე წუთით ადრე, ციეჩომსკიც ბეჭებზე გააკრა. გადამწყვეტი გამარჯვება კი ყაზახ სამატ იესენთან მოიპოვა. თავიდანვე აქტიურად შეუტია და ერთ წუთში, მეტოქეს პასიურობისთვის გაფრთხილება მიაღებინა. მესამე წუთის ბოლოს იუკოზე დააგდო, შემდეგი შეტევა კი ვაზარით დააგვირგვინა და გდებას შებოჭვა მიაყოლა.

90 კილოგრამში, საქართველოს სახელით ლაშა ტაველურმაც იჭიდავა და ჩემპიონატს პირველივე წრიდან გამოეთიშა სლოვენიელ ტადეჟ მულეცთან წაგებით. ამ უკანასკნელის მიერ შესრულებული ილეთი, მსაჯმა ჯერ ვაზარად შეაფასა, შემდეგ საერთოდ გააუქმა, ბოლოს კი, მსაჯთა მაგიდის მითითებით, მასპინძლის წმინდა გამარჯვება დააფიქსირა.

დღესვე, ტატამზე ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ბექა დონღვანიც (81 კგ) გავიდა. კარგადაც დაიწყო - ფილიპინელ კოდო ნაკანოს წუთი და 23 წამი აკმარა. იპონამდე მოწინააღმდეგეს ერთხელ იუკოც შეუსრულა და შიდოც მიაღებინა. მეორე წრეში, ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ბულგარელ ბრინჯაოს პრიზიორ ივაილო ივანოვთან გაცილებით მძიმე ბრძოლა გადახდა – მეტოქეს ილეთის გარეშე, გაფრთხილებების ხარჯზე გასცდა (3:2).

მერვედფინალის ბედიც ერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, ამჯერად უკვე დონღვანის მეტოქის, გერმანელი რობინ გუტშეს სასარგებლოდ (2:1). ამ შეხვედრის მიმდინარეობისას, მსაჯმა, უშუალოდ ჭიდაობის დროს კარნახისთვის, საქართველოს ნაკრების დამრიგებელი გია გუგავა გააძევა მწვრთნელისთვის განკუთვნილი ადგილიდან. ცოტა ხანში კი, ტატამს მიღმა მდგომ მწვრთნელ გურამ მოდებაძეს მოსთხოვა ტრიბუნაზე ასვლა.

მსოფლიოს ინდივიდუალურ პირველობაზე მედლების ბოლო ორი კომპლექტი ხვალ გათამაშდება. ტატამზე 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოჭიდავე ვაჟები გავლენ. 100 კილოგრამში, საქართველოს სახელით, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი იჭიდავებს. იგი პირდაპირ მეორე წრით დაიწყებს. იქამდე კი, მასთან დაჭიდების უფლების მოსაპოვებლად, ერთმანეთს გერმანელი ლეონ შტრობერი და მავრიტანიელი ჰანსლი ადონისი დაუპირისპირდებიან.

მძიმე წონაში, საქართველოს ნაკრებს წილისყრაში არ გაუმართლა – ევროპის წლევანდელი პირველობის პრიზიორები ლევან მატიაშვილი (ვერცხლი) და გიორგი ზაქარიაძე (ბრინჯაო) ერთ ბადეში მოხვდნენ და საუკეთესო შემთხვევაში, მეოთხედფინალში ერთმანეთის პირისპირ დადგებიან. იქამდე, მატიაშვილმა ფრანგი ემრე სანალისა და სლოვენიელი ვიტო დრაგიჩის წყვილში გამარჯვებულს უნდა აჯობოს, ხოლო ზაქარიაძემ ორი ეტაპი უნდა გაიაროს. პირველ წრეში მისი მეტოქე უზბეკი ელიორ მაშარიპოვი იქნება. ბადის ამავე მხარესაა ევროპის მოქმედი ჩემპიონი, რუსი ანტონ კრივობოკოვი. ქართველების და მისი სატურნირო გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთენ.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.

 

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ახალგაზრდები

ლუბლიანა

ვაჟები

 

24 ოქტომბერი

 

66 კგ

1 იუუკი ჰაშიგუჩი (იაპონია)

2 შო ტატეიამა (იაპონია)

3 ჯერემი მორეირა (საფრანგეთი)

3 ადრიან გომბოცი (სლოვენია)

 

73 კგ

1 ანტონიო ესპოზიტო (იტალია)

2 სარვარ შომუროდოვი (უზბეკეთი)

3 გაბრიელ მენდესი (ბრაზილია)

3 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

 

25 ოქტომბერი

 

81 კგ

1 ალექსიოს ნტანაციდისი (საბერძნეთი)

2 კენია კოჰარა (იაპონია)

3 დომინიკ რესელი (გერმანია)

3 მამადალი მეჰდიევი (აზერბაიჯანი)

 

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 სამატ იესენი (ყაზახეთი)

3 პატრიკ ციეჩომსკი (პოლონეთი)

3 ენრიკე სილვა (ბრაზილია)

0.118963