საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატს ბექა ბურჯანაძეს ჯერ 20 წელიც არ შესრულებია, თუმცა 2011 წლიდან ესპანეთის სუპერლიგის მონაწილე სევილიას “კახასოლთან” სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს. ბურჯანაძის არყოფნამ დიდად განაპირობა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ცუდი თამაში - ყველა შეხვედრა წააგო, ბოლო, მე-20 ადგილი დაიკავა და B დივიზიონში ჩამოქვეითდა.
შეგახსენებთ, რომ ბექამ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე ხელის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, რომელსაც მარცხენა ხელის ნეკა თითის ძვალი ჰქონდა გაბზარული.
“მსოფლიო სპორტი” ბექა ბურჯანაძეს ესაუბრა.
- ტრავმა ბოლომდე მოიშუშეთ?
- ტრავმის მოშუშების პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. ექიმები მაიმედებენ, რომ ერთ კვირაში სრული დატვირთვით ვარჯიშს შევძლებ.
- თქვენ საქართველოს ყველა (16, 18, 20) ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ. ეროვნულ ნაკრებში კი პირველად გამოგიძახეს. როგორი გრძნობა დაგეუფლათ ქვეყნის უპირველესი გუნდიდან მიწვევა რომ მიიღეთ?
- მართალია, გამომიძახეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრების წევრი გავხდი. 12 საუკეთესო კალათბურთელს შორის წლეულს თუ ვერ მოვხვდი, მომავალში ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება მოვიპოვო.
თუ რა გრძნობა დამეუფლა ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შემდეგ, ამის გადმოცემა ძნელია. რამდენიმე წელია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო (ესპანეთის) ჩემპიონატში ვმონაწილეობ, ევროტურნირებშიც მითამაშია, მაგრამ ნაკრები მაინც სულ სხვაა.
- თუ შეიძლება, მოკლედ გვიამბეთ თქვენს შესახებ.
- დავიბადე 1994 წლის 3 იანვარს. სიმაღლე 202 სმ, წონა 112 კგ. ძირითადი ამპლუა 4 ნომერი. შემიძლია მე-3 ნომერზეც ვითამაშო. ვარ ევროლიგის თასის ფინალისტი. კონტრაქტიდან გამომდინარე, “კახასოლთან” ორი წელი მაკავშირებს.
- ზედმეტი წონა რომ გაქვთ, ამაზე არ მუშაობთ?
- რა თქმა უნდა, ვმუშაობ. 116 კგ ვიყავი და 4 კილოგრამი დავიკელი.
- “კახასოლის” ერთ შეხვედრაში საშუალოდ 6 წუთს თამაშობდით...
- გუნდში ყველაზე უმცროსი ვიყავი და მეტის მოთხოვნის უფლება არც მქონდა. მთავარ მწვრთნელ ალეხანდრო რენესესისგან ყურადღება არ მაკლია. სიმართლე გითხრათ, არც ვჩქარობ. ვიცი, რომ ჩემი დროც მალე მოვა.
- თქვენ წარსულ დროში თქვით, რომ ყველაზე უმცროსი ვიყავიო...
- ვიყავი, რაგდან “კახასოლმა” 15 წლის მე-4 ნომერი, 212 სანტიმეტრი სიმაღლის ლატვიელი კალათბურთელი კრისტოფ პორზინგისი დაიმატა და ახლა ის იქნება ყველაზე უმცროსი.
- ახლა უფრო მეტი მუშაობა მოგიწევთ, რადგან კონკურენტი გამოგჩენიათ.
- კონკურენტს რა მნიშვნელობა აქვს. ვარჯიშებზეც და თამაშის დროს მაინც ბოლომდე ვიხარჯები და მომავალშიც ასე იქნება.
- თქვენი თვისებებიდან მწვრთნელები ყველაზე დადებითად რას თვლიან?
- ბრძოლის ჟინს, თავდადებას. რაც უფრო ძლიერია მეტოქე, ჩემთვის თამაში მით უფრო საინტერესოა.
- სრულყოფილი სპორტსმენი არ არსებობს...
- მაქვს წონისა და გამძლეობის პრობლემა.
- გამძლეობის პრობლემა რატომ გაქვთ?
- უფრო სწორად რომ ვთქვათ, სუნთქვის პრობლემა მაქვს. ბავშვობაში ცუდად დავეცი, ცხვირი გავიტეხე და ამიტომ მაქვს სუნთქვის პრობლემა.
- ოპერაცია გჭირდებათ?
- აუცილებლად.
- მერე ხელს რა გიშლით?
- მოუცლელობა. რეგულარული სეზონი, შემდეგ ნაკრები. ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.
- თქვენი კალათბურთით დაინტერესება ზაზასთან ნათესაურმა კავშირმა ხომ არ განაპირობა (ბექა და ზაზა ფაჩულია ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან)?
- არც უმაგისობა ყოფილა, მაგრამ კალათბურთი რომ არ მიყვარდეს, ზაზასთან ნათესაური კავშირი გადამწყვეტი ვერ იქნებოდა.
- ზაზა რამდენად ხშირად გაძლევთ რჩევას?
- მირეკავს და რჩევებს მაძლევს ხოლმე. შარშან, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ჩემთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშა.
- რა არის კალათბურთში თქვენი უმთავრესი მიზანი?
- მთავარია, ისე კარგად ვითამაშო, რომ NBA-ში ყოფნა დავიმსახურო.