27 ნოემბერი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. შეგახსენებთ, რომ თბილისი 2015 წლის კონტინენტის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობისთვის იბრძვის, აღნიშნულ დღეს კი, ბელგრადში, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე ფარული კენჭისყრით გადაწყდება, ეს პატივი საქართველოს დედაქალაქს ერგება თუ – ჩეხეთის ქალაქ ბრნოს.
ნიშანდობლივია, რომ ბრნო ამ უფლების მოპოვებას ჯერ კიდევ 2007 წლიდან ცდილობს. 2011 წლის ფესტივალის მასპინძლობა ჩეხებმა ჯერ ტრაბზონს დაუთმეს, ხოლო 2013 წლის თამაშების მასპინძლობისთვის ბრძოლაში ჰოლანდიურ უტრეხტთან დაყარეს ფარ-ხმალი. იმედია ბელგრადში გასამდება და ამ საპასუხისმგებლო მისიას ამჯერად თბილისს დააკისრებენ.
სერბეთში ასამბლეა მუშაობას 26 ნოემბერს დაიწყებს. კონგრესის მონაწილენი მოისმენენ ეოკ-ის პრეზიდენტის, პატრიკ ჰიკის წლის შემაჯამებელ სიტყვას, ასევე ლონდონისა (2012) და რიო-დე ჟანეიროს (2016) ზაფხულის ოლიმპიადებისა და სოჭის (2014) ზამთრის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტების მოხსენებებს, თუმცა, ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენები 27-ში განვითარდება.
ევროპის 49 ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინაშე ჯერ ზამთრის 2015 წლის თამაშების კანდიდატი ქალაქები – სარაევო (ბოსნია) და ავსტრია-ლიხტენშტეინი (ერთობლივი განაცხადი) წარსდგებიან პრეზენტაციით, ხოლო შემდეგ ზაფხულის ფესტივალის მსურველები – თბილისი და ბრნო.
ქართული დელეგაციის ნაწილმა, რომელშიც სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე, ვიცე-პრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ემზარ ზენაიშვილი, “თბილისი 2015”-ის პრეზენტაციის რეჟისორი დავით დოიაშვილი და სხვები შედიან, სერბეთის დედაქალაქისკენ დღეს გამთენიისას აიღო გეზი.
თბილისის მერი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიგი უგულავა, დუეტი “ჯორჯია”, რომელიც თბილისზე სპეციალურად შექმნილ სიმღერას შეასრულებს და დელეგაციის სხვა წევრები ბელგრადში მოგვიანებით გაემგზავრებიან. კენჭისყრის შედეგები 27 ნოემბერს თბილისის დროით 16:00 საათისთვის იქნება ცნობილი.







