კალათბურთში თბილისის ოთხთა ტურნირზე დღეს მეორე ტურის მატჩები იმართება. პირველად სარბიელზე ბელარუსი და მოლდოვა გავიდნენ. ფავორიტად ბელარუსი ითვლებოდა, თუმცა სლავებს პირველი ტაიმის მოგება აშკარად გაუჭირდათ, მათ აღნიშნული მონაკვეთი 29:25 მოიგეს. მატჩის ბედი მესამე მეოთხედში გადაწყდა, აღნიშნულ ათწუთეულში ბელარუსმა მოლდოვა 25:9 დაამარცხა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 68:38 ბელარუსის სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი, 14 ქულა მოლდოველმა ევგენი დელნიკმა დააგროვა. ბელარუსთა შორის ყველაზე კარგი შედეგი ალექსანდრ პუსტოგვარმა აჩვენა, რომლის ანგარიშზეც 11 ქულაა.
ორი ტურის შემდეგ ბელარუსი ქულათა მაქსიმუმით, 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება. რაც შეეხება მოლდოვას, ჯერ მას ქულა არ მოუპოვებია და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ტურის ბოლო შეხვედრაში, რომელიც 18 საათზე დაიწყება, ერთმანეთს ასპარეზობის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ეროვნული ნაკრები და დიდი ბრიტანეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდებიან.