ბაქოს „ნეფთჩის“ მთავარმა მწვრთნელმა ბეიუქაღა გაჯიევმა უეფას ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე “ჩიხურასთან” საპასუხო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მომავალ დაპირისპირებაში მისი გუნდი შოუს დადგამს.
ბეიუქაღა გაჯიევი: „ თქვენთან ყოფნა სასიამოვნოა. თავს უცხო გარემოში არ ვგრძნობ. თბილისში ისე ვარ, როგორც ბაქოში. ჩვენ ქვეყნებს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. საქართველო ჩემთვის ძვირფასია იმით, რომ ახალგაზრდობისას რუსთავიდან ლესელიძემდე სხვადასხვა ქალაქებში მითამაშია, იგივე ბათუმში და თბილისში. ეს სტადიონიც ჩემთვის ნაცნობია. აზერბაიჯანში ბევრი ქართველი სპეციალისტი მუშაობს. 5 წელია ბაქოს „ინტერს“ კახა ცხადაძე წვრთნის. ზაქათალის „სიმურგს“ 3 წელია გიორგი ჩიხრაძე წვრთნის. ეს იმის ნიშანია, რომ მეგობრული კი არა, უფრო ნათესავური ურთიერთობა გვაქვს. მინდა განვაცხადო, რომ სანახაობრივი თამაში, შოუ იქნება. „ჩიხურა“ ძალიან დახურულ ფეხბურთს თამაშობს, ძირითადად დაცვაზეა ორიენტირებული. ძალიან კარგი გუნდია. ამას ისიც ადასტურებს, რომ „ბურსასფორს“ აჯობა, რომელიც თურქეთში ერთ-ერთი ძლიერი გუნდია. თუმცა, „ჩიხურასგან“ განსხვავებით, ჩვენ ერთი ლოზუნგი გვაქვს: ყველაზე კარგი დაცვა - შეტევაა. ფეხბურთელი რობოტი რომ იყოს, მას შიგნით რამე პროგრამას ჩავუწერ, თუმცა, ის ადამიანია და შეცდომის უფლება აქვს. ტაქტიკაზე საუბარი არაა. ყველა ტაქტიკა უნიკალურია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელები, ვინც ამ ტაქტიკას შეასრულებენ. „ჩიხურას“ რომ სერხიო რამოსი და პუიოლი ჰყავდეს, ვიფიქრებდი, რომ ამ გუნდის დაცვა შეცდომებს არ დაუშვებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ „ნეფთჩი“ ევროპული დონის გუნდია. ჩვენ „ჩიხურას“ თამაშების კარგი ანალიზი გავაკეთეთ და ვფიქრობ, მეტოქე იგივე სისტემით ითამაშებს. „ჩიხურა“ ძლიერი გუნდია. მე ამას ვაღიარებ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ხვალ მოწინააღმდეგის კარისკენ გზას ვიპოვით და მოვიგებთ. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ვინც ძლიერია ის მოიგებს“.
- მომავალ მატჩი შანსებს როგორ შეაფასებთ? ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებისგან ვის გამოარჩევთ?
- საბჭოთა პერიოდში ქართველებს ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავდათ: მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, ფირუზ კანთელაძე, მანუჩარ მაჩაიძე, რამაზ შენგელია, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი. თავის დროზე ისინი ძალიან მაგრები იყვნენ. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში მათი ადგილი არაა. ახლა ქართველებში ასეთ ფეხბურთელებს ვერ ვხედავ. თქვენ ხედავთ? ყიფიანის თამაში ნამდვილი ხელოვნება იყო.
- თქვენ განაცხადეთ, რომ „ჩიხურა“ ძალიან დაცვით ფეხბურთს თამაშობს და ანალიზი გაუკეთეთ ამ გუნდის მიერ „ბურსასთან“ და „ნეფთჩისთან“ ჩატარებულ მატჩებს. თუმცა, ისიც თქვით, რომ მომავალ შეხვედრაში მაგარი შოუ იქნება. ეს როგორ გავიგოთ?
- მე „ჩიხურას“ მწვრთნელის მაგივრად ვერაფერს ვიტყვი. „ნეფთჩის“ პოზიციიდან ვამბობ, რომ შოუ იქნება. სულ დაცვითი ფეხბურთი ვერ გაამართლებს.
- „კოპერთან“ მატჩი სტუმრად მოიგეთ და რა პარალელს გაავლებთ „ჩიხურასთან“ გასვლაზე ჩასატარებელ თამაშთან?
- ჩვენი შეფასებით „კოპერი“ და „ჩიხურა“ ერთი სტილით თამაშობენ, უფრო დაცვაზე არიან ორიენტირებულნი. „ჩიხურას“ წინ ერთი თავდამსხმელი ჰყავს, რომელსაც მუდმივად ბურთს აწვდიან, რომ რამე გააკეთოს. თუმცა, ფეხბურთი გუნდური თამაშია და არა ერთი ფეხბურთელის. ჩვენ საკუთარი ტაქტიკა გვაქვს, რომელზეც თამაშამდე ვერ ვისაუბრებ.
- ყარაბაღში დაღუპულების გამო თქვენს მწუხარებას ვიზიარებთ. ამ ფაქტიდან გამომდიარე უეფამ თუ დაგრთოთ ნება, რომ შავი სამკლაურებით ითამაშოთ?
- დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს საკითხი ძალიან გვაწუხებს. ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელი ალეკპერ მამედოვი გარდაიცვალა და მოედანზე შავი სამკლაურებით ამიტომ გავალთ. წუთიერი დუმილიც ამის გამო იქნება.
- ტაქტიკურ ცვლილებებს ხომ არ აპირებთ? მითუმეტეს იძახით, რომ შოუ იქნება.
- „ნეფთჩი“ ძალიან მაგარი კლუბია. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ევროპის ლიგაზე ამ ეტაპამდე მოვედით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქამდე მოსული გუნდები სუსტები არ არიან. რაც შეეხება ცვლილებებს, ამას თამაშზე ნახავთ.
- „ჩიხურას“ ბოლო სამი თამაშია ბურთი არ გაუტანია. თუ გაიტანს ეს გოლი მომავალ მატჩში გადამწყვეტი იქნება?
- მე თავიდანვე სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ „ჩიხურა“ დაცვით ფეხბურთს თამაშობს. „ტურნოვოსთან“ მატჩის გარდა მის მიერ გატანილი გოლი ნახეთ?