ფეხბურთი

12:14 | 10.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილმა ესტონეთში კიდევ გაიტანა

ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგაში (უმაღლესი ლიგა) ტალინის “ფლორას” ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

მე-11 ტურში, “ფლორამ” თავის მოედანზე თანაქალაქელ “კალევს” 5:1 აჯობა. სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ბეგლარიშვილმა მეტოქის კარი 54-ე წუთზე აიღო და ანგარიში 4:0 გახადა. ქართველი ლეგიონერი 56-ე წუთზე შეცვალეს. მიმდინარე სეზონში მან 10 მატჩი ჩაატარა და 4 ბურთი გაიტანა. “ფლორა” 24 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.

“ლოკომოტივი” გასვლაზე “ლევადიასთან” 0:6 დამარცხდა. ლაშა ნავერიანი სტუმართა სასტარტოში იყო და პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე შეცვალეს. “ლოკომოტივი” ერთი ქულით ბოლოა.

პოლონეთის ექსტრაკლასას ქვედა 8 გუნდში მოხვედრილმა ბიალისტოკის “იაგიელონიამ” შინ ლუბინის “კალევს” 1:0 აჯობა. გიორგი ფოფხაძე მასპინძელთა სათადარიგოში იყო და მოედანზე პირველი ტაიმის მერე შევიდა. ნიკა ძალამიძე ტრავმირებულია და არ უთამაშია. “იაგიელონია” ქვედა 8 გუნდში 26 ქულით ლიდერია.

ზედა 8 გუნდში ვარშავის “ლეგიამ” კრაკოვის “ვისლა” მიიღო და 5:0 აჯობა. ლადო დვალიშვილი ვარშაველთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. პოლონური პრესის ინფორმაციით, არაა გამორიცხული სეზონის დასრულების მერე ქართველმა ფორვარდმა “ლეგია” დატოვოს. ვარშაველები ჩემპიონატს 41 ქულით ლიდერობენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდების რაოდენობის გაყოფის შემდეგ, მათ ქულებიც გაუნახევრდათ.

იტალიის სერია B-ს 38-ე ტურში, “ემპოლიმ” “კროტონეს” უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. ტრავმამოშუშებული ლევან მჭედლიძე ემპოლელთა სამატჩო განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. ირაკლი შეყილაძე თადარიგშიც არ იყო. “ემპოლის” 65 ქულით 22 გუნდში მე-2 ადგილი უკავია და მომავალ სეზონში სერია A-ში თამაშის ძალიან რეალური შანსი აქვს.

0.109475