ფეხბურთი

0:55 | 21.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილის გოლი, ოქრიაშვილის მოგება, "ვიტესის" ფრე

ბელგიის ჩემპიონატში "გენკმა" გასვლაზე 2:1 სძლია "მუსკრონს" და მეექვსე ადგილზეა. თორნიკე ოქრიაშვილმა ტაიმნახევარი ითამაშა, აქტიურიც გახლდათ, თუმცა წინა შეხვედრაში უფრო უკეთ გამოიყურებოდა. რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, მან ტრავმა მოირჩინა, თუმცა განაცხადში არ იყო.

"ემპოლიმ" სტუმრად ქულა აიღო "ჩეზენასთან" (2:2), თუმცა ქართველებს არ უთამაშიათ: ირაკლი შეყილაძეც და ლევან მჭედლიძეც განაცხადს მიღმა დარჩნენ. მჭედლიძეს ტრავმა აქვს და შესაძლოა, მომდევნო ტურისთვის მზად იყოს.

რუსეთში მოსკოვის "სპარტაკმა" შინ ძლივს გადაარჩინა ქულა "ტერეკთან" – 1:1. ჯანო ანანიძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

საბერძნეთში ოფი-მ "ატრომიტოსს" 1:0 აჯობა. გიორგი ლორიას ამჯერად ისეთი ნახტომები აღარ დასჭირდა, როგორც "ოლიმპიაკოსთან". რაც შეეხება გიორგი მერებაშვილს, ის ჯერ არაა განაცხადში და ამდენად, არ უთამაშია. ოფი მეშვიდე ადგილზეა.

ესტონეთში მორიგი გოლი მიითვალა ზაქარია ბეგლარიშვილმა, რომლის "ფლორამ" გასვლაზე 4:2 აჯობა "ტამეკას". "ფლორა" ლიდერია, ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური დარჩა და 1 ქულით უსწრებს  "ლევადიას". ბეგლარიშვილისთვის კი ეს სეზონში მე-9 გოლია (29 მატჩში).

რუმინეთში "კლუჟმა" გასვლაზე 1:0 სძლია "ოცელულს" და ლიდერობს ჩემპიონატს. გიორგი ჭანტურია ვიზის არქონის გამო შეყოვნდა თბილისში, თუმცა წესით, მომდევნო ტურიდან შეეძლება თამაში. 

ჰოლანდია: არნემის "ვიტესმა" შინ ვერ აჯობა "ჰერენვენს" (1:1) და ბოლოსწინა ადგილზე დარჩა. გურამ კაშიას რომ ტრავმა აქვს, გეცოდინებათ, ვაკო ყაზაიშვილი კი შეცვლაზე შევიდა 72-ე წუთზე. "ვიტესი" ბოლოსწინა ადგილზეა.

თურქეთის I ლიგაში გიორგი რეხვიაშვილის "ბოლუსფორმა" გასვლაზე 2:3 წააგო "სამსუნსფორთან". რეხვიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. "ბოლუსფორს" 3 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.

და ბოლოს, ლუკა კიკაბიძეზე. 19 წლის ქართველი "ბასტიას" 18-კაციან განაცხადში იყო "მეცთან" მატჩისას (1:3), თუმცა ბასტიელთა მწვრთნელმა კლოდ მაკელელემ თამაშში არ ჩართო. ეს მეორე შემთხვევაა, როცა კიკაბიძე საფრანგეთის ჩემპიონატის სამატჩო განაცხადში მოხვდა: პირველად პსჟ-სთან იყო. იმედია, ლუკას დებიუტი მალე ექნება.

0.110023