სხვა

14:07 | 21.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმში საერთაშორისო მარათონი “ოქროს საწმისი 2013“ გაიმართება

სექტემბრის დასაწყისში ბათუმში საერთაშორისო მარათონული გაცურვა “ოქროს საწმისი 2013” გაიმართება.  მარათონულ გაცურვებში, რომელიც ბათუმი-გონიოსა და ბათუმი-ურეკი-ფოთის საზღვაო არეალში მოეწყობა, მონაწილეობას მიიღებენ ბოსფორის, დარდანელის, მარმარილოს ზღვის, თბილისისა და ბათუმის საზღვაო მარათონების მონაწილე სპორტსმენები, ცურვის მწვრთნელები, ზღვაოსნები და წყალმაშველები.

მარათონი ჩატარდება 5 დისტანციაზე – 5, 10, 20, 40 და 60 კილომეტრზე. ხუთივე დისტანციის სასტარტო ადგილი ბათუმის შუქურა იქნება.

5-10 და 20-კმ-იანი გაცურვები ბათუმის სამივე ბულვარის გასწვრივ 30-40 მეტრის საზღვაო არეალში გონიოს მიმართულებით წარიმართება. მარათონელებს გულშემატკივრობას გაუწევენ ბათუმელები და ბათუმის სტუმრები.

40-კილომეტრიანი დისტანციის ფინიშია სუფსის შესართავი, კურორტ ურეკის სანატორიუმი “კოლხიდა”, ხოლო 60-კილომეტრიანი დისტანციის – რიონის შესართავი, ფოთის შუქურა.

აღნიშნული დისტანციის მოცურავეებს მეგზურობას გაუწევენ ნავები და კატარღები, მარათონის ორგანიზატორები, ექიმები, მსაჯები, სპონსორების, მედიის წარმომადგენლები.

მარათონული გაცურების მსვლელობისას, ბათუმის შუქურის გასწვრივ, დაინტერესებული საზოგადოებისთვის მოეწყობა საჩვენებელი ვარჯიშები და მსურველებს ცურვის კლასიკურ და ხალხურ სახეობებს ცურვის მწვრთნელები შეასწავლიან.

მარათონის ორგანიზატორებმა – ჯუმბერ ლეჟავამ და გვანჯი მანიამ პრესკონფერენცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში 21 აგვისტოს გამართეს. პრესკონფერენციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე და მარათონის ერთ-ერთი მონაწილე – რუსუდან გორდეზიანიც ესწრებოდნენ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.194678